logo_geo
მარიამ როინიშვილი: ჩემი ცხოვრება სხვა ქვეყანაში გაგრძელდება...
- +

5 იანვარი. 2017. 18:05


 

 

 

 

„სანამ თამრიკო და გია ერთმანეთს გაშორდებოდნენ, ახალ წელს სახლში ვხვდებოდით და მერე ბებია-ბაბუასთან მოვდიოდით იმ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ", - ამბობს მომღერალი მარიამ როინიშვილი ჟურნალ „სარკესთვის" მიცემულ ინტევიუში.  მისთვის ბავშვობის ახალ წელი განსაკუთრებულია და ერთ სახალისო ისტორიასაც იხსენებს, როდესაც თოვლის ბაბუას ფორმაში მამა - გია როინიშვილი ამოიცნო.


„4-5 წლის ვიქნებოდი, მამაჩემი გია რომ გამოგვეცხადა თოვლის ბაბუას ფორმაში. ფეხსაცმელზე დავხედე თუ არა, მაშინვე ვთქვი, ეს მამაჩემია-მეთქი, მაგრამ თვალები მაინც დავხუჭე, რადგან მივხვდი, რომ საჩუქრები მელოდა. თამრიკო და გია ცდილობდნენ, ჩვენთვის ბავშვობა გაელამაზებინათ. რატომღაც დღემდე მაქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება სადღაც თოვლის ბაბუა არსებობდეს და ეს განწყობასაც მიქმნის.

 

სანამ თამრიკო და გია ერთმანეთს გაშორდებოდნენ, ახალ წელს სახლში ვხვდებოდით და მერე ბებია-ბაბუასთან მოვდიოდით იმ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ. ტრადიციისამებრ, დეიდებიც მოდიოდნენ. დღემდე დიდი ოჯახი ვართ. წლებთან ერთად რაღაცები შეიცვალა, ვიღაცები წავიდნენ, ვიღაცები მოგვემატნენ, თუმცა ის ერთობა, რაც გვქონდა, დღესაც არის", - საუბრობს მომღერალი.

 

აღმოჩნდა, რომ მარიამს სუფრის გაშლა, ნაძვის ხის აწყობა და ახალი წლის ლოდინი ძალიან უყვარს. ამჯერად, საახალწლო კერძების მომზადებაში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, როცა დასჭირდება, სამზადისში აუცილებლად ჩაერთვება.


„ვერ დავიბრალებ, რომ საახალწლო კერძების მომზადებაში ვმონაწილეობ, თუმცა როცა დამჭირდება, აუცილებლად ჩავერთვები. ბებო უგემრიელეს გოზინაყს აკეთებს, თამრიკო კი ხაჭაპურებს აცხობს.

 

გიორგისთან ერთად რომ ვცხოვრობდი, წინასაახალწლოდ სამზარეულოში ტრიალი არც მაშინ მიწევდა, რადგან სულ ორი წელი ვიყავი გათხოვილი. პირველ წელს ფეხმძიმედ ვიყავი და საჭმელს მე არავინ გამაკეთებინებდა. მეორე წელს კი ელენე ძალიან პატარა მყავდა და არავინ დამასაქმებდა.

 

სუფრის გაშლა, ნაძვის ხის აწყობა და ახალი წლის ლოდინი ძალიან მიყვარს. 25 დეკემბერთან და 7 იანვართან იმდენად განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, შინაგანად სრულ სიმშვიდეს ვგრძნობ, რასაც 1 იანვარზე ვერ გეტყვით. ამ დღეს რატომღაც აფორიაქებული ვარ", - აღნიშნა მარიამმა.


მომავალ წელს მომღერალი დიდი იმედებით ხვდება. მის კარიერაში სასიამოვნო სიახლეებია და როგორც თავად ჰგონია, მისი კარიერა სხვაგვარად უნდა წარიმართოს - ის იტალიაში ცნობილი ოზიმოს აკადემიის სტუდენტი გახდა და წელს შვილთან, პატარა ელენესთან და დედასთან, მუსიკოს თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად, იტალიაში გაემგზავრება.

 

„ახალი წლისგან ბევრ საინტერესო რამეს ველოდები. ჩემი ცხოვრება სხვა ქვეყანაში გაგრძელდება და მგონია, რომ ჩემი კარიერა სხვაგვარად უნდა წარიმართოს. ასეთი შეგრძნებები მაქვს და ინტუიცია არ მღალატობს ხოლმე. მგონია, რომ რთული, მაგრამ საინტერესო წელი მელოდება.

 

წლის ბოლოს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი და ოზიმოს აკადემიაში ჩავაბარე. დიდი იმედი მაქვს, დაფინანსებას მივიღებ და სასწავლებლად წავალ. საწყის ეტაპზე დედაჩემი გამომყვება. მერე კი, მე და ელენე დავრჩებით იტალიაში.

 

ვიცი, ეს რთული იქნება, მაგრამ, ძირითადად, პრაქტიკული გაკვეთილები ჩამიტარდება, როიალთან უნდა ვიდგე და ვიმღერო. ელენე კი ამ პროცესს მიჩვეულია. რომში მასტერკლასებზე რომ ვიყავი, იქაც სულ ჩემს გვერდით იყო", - აღნიშნა ინტერვიუში მარიამ როინიშვილმა. 



 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი