logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტში დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა
- +

11 დეკემბერი. 2017. 18:56


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საკლუბო ღონისძიების ფარგლებში, სტუმრად დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძე მიიწვია. საჯარო ლექციის ინიციატორი, საენათმეცნიერო წრის სტუდენტები იყვნენ. სტუდენტების გარდა შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რექტორი ზურაბ ხონელიძე და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ გახსნა.


რამაზ პატარიძემ აუდიტორიას ქართული ანბანის შექმნის ისტორია მოუთხრო. ისაუბრა ქართული ასო-ნიშნების, როგორც უძველესი სიმბოლოების შესახებ და მისი განვითარების ეტაპებზე. მისი აზრით, ქართული ანბანი მზის კალენდარია, თუმცა ის მთვარის აღნიშვნით იწყება, რადგან ძველად დღე-ღამის ათვლა სწორედ მთვარის საშუალებით ხდებოდა. მან ისაუბრა ქართული ასომთავრულის რიცხვით, ასტრონომიულ და ასტროლოგიურ მნიშვნელობაზე.


რამაზ პატარიძე არის მეცნიერი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ანბანის კვლევას მიუძღვნა. მისი წიგნი „ქართული ასომთავრული" ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, რომელშიც წარმოდგენილია ასომთავრული დამწერლობის ფონემატური სტრუქტურა. მისი აზრით: ქართული ანბანი შექმნილია ბაბილონის ცივილიზაციის ხანაში, ქალდეველთა და შუმერთა ეპოქაში და მას „წერილი" ერქვა. მეფე ფარნავაზმა კი დამწერლობად ქართლური კილო დაადგინა, რომელიც დღემდე ცოცხლობს.


ფარნავაზ მეფის წარწერის მიხედვით, რომელიც ნეკრესის სამონასტრო კომპლექსშია აღმოჩენილი: ქართული ანბანი შექმნილია ქართველი ქურუმის მიერ, რომელიც ასტრონომიის ბრწყინვალე მცოდნე ყოფილა. ანბანის შექმნის თარიღად კი ძვ.წ.აღ 580 - 550 წლებია მიჩნეული. ბატონი რამაზის თქმით, ქართული ანბანის სიძველე მიუთითებს ჩვენი ერის უძველეს ცივილიზაციაზე და ამბობს, რომ იბერიულ-კოლხური ცივილიზაცია - მზის ცივილიზაციაა.


საჯარო ლექცია თითქმის ორ საათს გაგრძელდა.


რამაზ პატარიძეს სტუდენტებმა მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს, შეხვედრის ბოლოს კი მხცოვან ქართველ მეცნიერს ავტოგრაფი სთხოვეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

















 

right_banner
big_banner
არქივი