logo_geo
ზაზა შენგელია: ბედნიერი ვარ, რომ ოდესღაც მისი სტუდენტი ვიყავი...
- +

10 იანვარი. 2018. 12:42


 

„უდიდესი მეცნიერი და ულამაზესი ქალბატონი წავიდა ამ ქვეყნიდან", - წერს „ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების შესახებ და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, საქართველოს ისტორიის კათედრა, ვერასოდეს წარმომედგინა ქალბატონი მარიკას გარეშე. ბედნიერი ვარ, რომ ოდესღაც მისი სტუდენტი ვიყავი. ვუსამძიმრებ ყველა ჩემს კოლეგას, მის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ღმერთმა მუდამ ნათელში ამყოფოს მისი სული", - წერს შენგელია.


ცნობისთვის, ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მარიკა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი.1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000".


მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, 1972-78 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.


გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა". მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.









 

right_banner
big_banner
არქივი