logo_geo
თამაზ ჩიქვანაია სამშობლოს სიყვარულსა და იმ ქართველებზე, რომელთაც სხვისი სიცოცხლე საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნეს...
- +

28 სექტემბერი. 2017. 17:11


ყველა დროს იყო უკმაყოფილო ადამიანთა კატეგორია, ვის ხელისუფლება არ მოსწონს, ვის - ახალგაზრდების ქცევა, ზოგი წარსულს მისტირის, არიან ისეთებიც, რომელთა გულებსაც ვერაფრით მოიგებ, ანუ, მეტ-ნაკლებად, ამ ჩამონათვალში საზოგადოების დიდი უმრავლესობა მოხვდება. თუმცა, მართალი გითხრათ, ეს არც მიკვირს და, ალბათ, ასეც უნდა იყოს. გასაკვირი და გაუგებარი სხვა რამეა, მაგალითად, როდესაც ნიჭიერი, ასე თუ ისე განათლებული ახალგაზრდა ქალი ამბობს - არ მესმის, რა არის სამშობლო და რატომ უნდა მიხაროდეს, რომ ქართველი ვარო(!). ასეთებს, ჩემი აზრით, პასუხი არ უნდა გასცე, რადგან თუ მართლა ასე ფიქრობს, მისი გადარწმუნება საჭირო არ არის (ქართული ანდაზიდან გამომდინარე - გიჟი მიუშვი ნებასაო...), ხოლო თუ „პოზიორობს", მით უმეტეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველი ერი უნაკლო და უხინჯოა, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა მოგვწონდეს და ვაშა-ვაშას გავიძახოდეთ.


ამ წერილის ადრესატები ის ადამიანები არიან, რომელთა რაღაცით უკმაყოფილებასაც გარკვეული და მყარი საფუძველი გააჩნია და თავში კი არ იცემენ, რა უბედური ვარ, ქართველად რომ დავიბადეო, არამედ იმაზე ფიქრობენ, შვილებსა და შთამომავლობას უკეთესი სამშობლო დაუტოვონ. ცოტა პათეტიკა კი არის ამ ნათქვამში, მაგრამ უფრო მეტი სიმართლეა. მინდა, მოგითხროთ სამ ადამიანზე (სამჯერ ათზეც შემეძლო), რომელთა საქციელიც იმ ქალბატონს და სხვა სკეპტიკოსსაც კითხვაზე პასუხის მოძიებაში დაეხმარება.


1978 წელს იტალიიდან საქართველოში გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს უცხოობაში დაღუპული დიდი ქართველი მოღვაწე მიხეილ თამარაშვილი. ახლა ვერ გიამბობთ, ვინ იყო და რით დაიმსახურა ერის პატივი და სიყვარული, ამ თემას მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები. მაგრამ ერთს ვიტყვი, 1902 წელს მის მიერ გამოცემულ წიგნს „ ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", ილია ჭავჭავაძის „ივერია" ამ სიტყვებით გამოეხმაურა -„ეს მარტო კათოლიკობის ისტორია კი არა, მეორე ქართლის ცხოვრებაა".


1911 წლის 16 სექტემბერს, ქართველი მეცნიერი და ბერი იტალიის კურორტ სანტა-მარინელასთან მღელვარე ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე სეირნობდა. წყლიდან განწირული ძახილი გაისმა, ვიღაც შველას ითხოვდა. მიხეილ თამარაშვილი არც დაფიქრებულა, ისე გადაეშვა ზღვაში და შეჭირვებული ქალი გადაარჩინა, თუმცა თავად ნაპირზე ვეღარ გამოაღწია და დაიღუპა...


იმ დროს სანაპიროზე ბევრი დამსვენებელი იყო, მაგრამ მხოლოდ ქართველმა გაბედა სტიქიასთან შებმა გასაჭირში მყოფის დასახმარებლად...


1962 წლის 20 ივნისს, თვითმფრინავი „დუგლას DC-8-33" დაგეგმილ რეისს ასრულებდა რიო-დე-ჟანეიროდან ლისაბონის მიმართულებით. ასაფრენი ბილიკიდან ხომალდი ჰაერში ვერ ავიდა და ოკეანეში ჩავარდა. სამაშველო რგოლები ყველა მგზავრს ჰქონდა, ყველა ბილეთიან მგზავრს, თუმცა, ბორტზე აღმოჩნდა პატარა უბილეთო გოგონა, რომელიც ტირილით შველას ითხოვდა,  ბრაზილიაში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციიდან სამშობლოში მომავალმა  67 წლის ქართველმა  მეცნიერმა იოსებ ჟორდანიამ უყოყმანოდ გადასცა თავისი რგოლი ბავშვს, თავად ერთხანს თვითმფრინავის ფრთაზე იდგა და პანიკაში მყოფთ ეხმარებოდა, მერე კი... ხომალდთან ერთად ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდა. როგორც მერე გამოირკვა, იოსებ ჟორდანიამ ცურვა არ იცოდა.


თვითმფრინავის ბორტზე 170 მგზავრი  და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ქართველმა გადადგა თავისთვის საბედისწერო ნაბიჯი და სხვისი სიცოცხლე იხსნა...


2014 წლის 28 დეკემბერს იტალიური ბორანი „NORMAN ATLANTIC" ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა. მამა ილია კარტოზია იტალიაში, ქ. ბარიში წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. ღამით ბორანზე ხანძარი გაჩნდა, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს ადამიანები ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად ალმოდებულ გემბანზე დარჩა. 27 წლის არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ნაპოვნია ზურგჩანთა, სადაც წმინდა ნაწილებსა და ხატებს ინახავდა. სასწაულია, ბერს თურმე თმაში ჰქონდა შერჩენილი ჯვარი.


ბორანზე 487 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მაგრამ მხოლოდ ქართველმა გადადგა გმირული ნაბიჯი, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა...


ეს სამი ისტორია მათ გასაგონად, ვისაც ქართველობა სამარცხვინოდ მიაჩნია, ხოლო რაც შეეხება, რა არის სამშობლო, რაფიელ ერისთავზე უკეთ მე ვერ ვიტყვი:


სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,

ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,

როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,

არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი