logo_geo
ტექდათვალიერება 2018 წლიდან აღდგება - რა თანხა შევა ბიუჯეტში და რამდენს დახარჯავენ მძღოლები?
- +

13 ოქტომბერი. 2017. 16:09



საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო პირობას დებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირებას, ბოლოს და ბოლოს, 2018 წლის პირველი იანვრიდან აამოქმედებს. მანქანების ტექნიკური დათვალიერება ეტაპობრივად განხორციელდება და 2 წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი ავტოპარკი შემოწმდება.


უნდა ითქვას, რომ რეფორმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა უკვე ცნობილია ის მთავარი კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებაც, შემოწმების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებებს მოუწევთ.


სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორის მიხეილ ხმალაძის თქმით, ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს.


„თავიდან დავიწყებთ იმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის - მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები, ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. ჩამოთვლილი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, რაც ყველას მოეთხოვება, აქ ვერანაირ შეღავათს ვერ გავაკეთებთ".


ასევე, ცვლილებებია მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით. როგორც „პრაიმტაიმს" ეკონომიკის სამინისტროში ეუბნებიან, საჭის გადატანა აიკრძალება.


„თუ მანქანა ერთხელ გადის ტესტირებას და არის მარჯვენასაჭიანი, შემდეგ ტესტირებაზე თუ გამოცხადდება და მარცხენასაჭიანი იქნება, ვერანაირად ვერ გაივლის ტექდათვალიერებას", - ამბობს მიხეილ ხმალაძე.


როგორც „პრიმტაიმმა" გაარკვია, ინსპექტირების 2 წელი, რომელიც 2018 წლის 1 იანვარს დაიწყება, ერთგვარი გარდამავალი პერიოდია და სახელმწიფო 2020 წლიდან ევროპული სტანდარტების დასანერგად ემზადება. იქამდე კი ყველა მანქანა მწყობრში უნდა მოიყვანონ, რათა ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება აღარ გაუჭირდეთ.


„პირველ ეტაპზე არის ორწლიანი ციკლი, რათა მთლიანად მთელი ავტოპარკი მოვიცვათ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ დავიწყებთ პირველ ტესტირებას 2018 წლიდან, ეს იქნება ორწლიანი, მაგრამ შემდეგ უკვე გადავდივართ ევროპულ სტანდარტზე, რაც არის 4+2+1. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მანქანა 4 წლამდე არ გადის სავალდებულო ტესტირებას, შემდეგ 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო 6 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი სავალდებულო ტესტირებას წელიწადში ერთხელ გაივლის და ნელ-ნელა მოთხოვნები გამკაცრდება".


ჯერჯერობით უცნობია, რა თანმიმდევრობით შემოწმდებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებები და როგორ გაიწერება 2 წელზე პროცესი. შემოწმების ზუსტი განრიგი და მანქანების თანმიმდევრობა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება. თუმცა ცნობილია, რომ სავალდებულო ტექდათვალიერებას, პირველ რიგში, ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაივლიან, რომელთა ძრავაც დიდი მოცულობისაა, ხოლო ტესტირება, მინიმუმ, 60 ლარი ეღირება. დაბინძურების ხარისხი სპეციალური დანადგარით გაიზომება, რომელიც ყველა ტესტირების ცენტრში განთავსდება.


„პირველი შემოწმებას გაივლიან დიდი ძრავის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ასეთი მანქანები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, იმიტომ რომ მეტ საწვავს მოიხმარენ და თუ ეს მანქანები წესრიგში არ არის, დაბინძურების ხარისხიც მეტია".


მანქანების გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს.


„ტრანსპორტისა და გზების ასოციაცის" ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ მანამ, სანამ მანქანების გამონაბოლქვზე შემოწმება დაიწყება, საწვავის ხარისხი უნდა გაკონტროლდეს.


მისი ინფორმაციით, დღეს საქართველოში დაბინძურებული საწვავი იყიდება.


დავით მესხიშვილი, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი:


„იმ საწვავის ხარისხში, რომელიც საქართველოში იყიდება, დარწმუნებულები არ ვართ. თუნდაც კარგი საწვავი შემოდიოდეს სადისტრიბუციო ქსელში, ამ საწვავს ისეთ ავზებში ათავსებენ, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, თითქმის არ ირეცხება, არის ჭუჭყიანი და დანაგვიანებული. როგორც ვიცი, იმ კომპანიებს, რომლებიც საწვავის რეგულაციას ახდენენ, ამის კონტროლი არ ევალებათ. შესაბამისად, ჩვენ ბინძურ ბენზინს ვასხამთ. რიგ შემთხვევაში საწვავი საზღვარზეც უნდა მოწმდებოდეს და ქვეყანაში დამოუკიდებელ ლაბორატორიებშიც. ავზები, სადაც საწვავს ათავსებენ, რაღაც პერიოდულობით უნდა გაირეცხოს".


არსებული მონაცემებით, საქართველოში სულ 1 200 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, თუმცა აქედან ქუჩებზე დაახლოებით 900 000-მდე მოძრაობს. სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების 90% (1.08 მილიონი ავტომობილი) 10 წელზე მეტი ხნის წინაა გამოშვებული, მათი 46.1% (550 ათასი ავტომობილი) კი 20 წელზე ძველია.


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანქანის პატრონებს ტექდათვალიერების გავლა 60 ლარი დაუჯდებათ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უხეში გაანგარიშებით, საქართველოს ბიუჯეტი 54 მილიონით შეივსება.


მძღოლებსა და მოქალაქეებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ინსპექტირების შესახებ აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ემხრობა სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას:


ნათია ხარატიძე, მოქალაქე: „მე ვფიქრობ, კარგია, რომ ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. ქალაქი დაბინძურებულია, გარეთ ბავშვის გამოყვანა არ შეიძლება. მეც მყავს მანქანა და ძალიან კარგ მდგომარეობაშია, უპრობლემოდ გავატარებ ტესტირებას. მანქანას ისე უნდა მოუარო, როგორც ბავშვს და ამას უნდა მივეჩვიოთ".


საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ტექდათვალიერება მძღოლებისთვის ძვირი სიამოვნება იქნება და ნაადრევია.


ვანო მაისურაძე, ტაქსის მძღოლი: „საქართველო ჯერ იმ დონის ქვეყანა არ არის, რომ ყველა ახალი და გამართული მანქანით დადიოდეს. ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ მანქანა მწყობრში მოიყვანოს. ამას თანხები სჭირდება".


ვებპორტალმა „ტაბულამ" ეკონომიკის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობას ჯერ 72 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს ტესტირების გავლაზე, ხოლო მათ შემდგომ შეკეთებაზე 155 მილიონი ლარის ხარჯის გაწევა. ეს კი, ჯამში, 226 მილიონ ლარს შეადგენს.


პირობითი ხარჯები მოცემულია ავტომობილის გამოშვების წლების ჯგუფების მიხედვით:


1-დან 3 წლამდე ავტომობილები - 0 ლარი

4-დან 6 წლამდე ავტომობილები - 676 ათასი ლარი

7-დან 10 წლამდე ავტომობილები - 4.8 მილიონი ლარი

11-დან 20 წლამდე ავტომობილები - 67.2 მილიონი ლარი

20+ წლის ავტომობილები - 82.6 მილიონი ლარი

საერთო ღირებულება - 155.2 მილიონი ლარი


სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ერთნაირად შეეხება როგორც ავტომობილებს, ისე მუნიციპალურ და საქალაქო ტრანსპორტსაც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დღეს მოქმედი რეგლამენტით პერიოდული ინსპექტირება ისედაც სავალდებულო იყო იმ სატვირთო ავტომობილებისთვის, რომელთა მასა არის 3.5 ტონაზე ზევით და, ასევე, სამგზავრო ავტომობილებისთვის, რომლებსაც 8 ან მეტი დასაჯდომი ადგილი აქვთ.


„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ამ ჯგუფიდან ტესტირებას მხოლოდ 14% გადის. ჯარიმა კი 10 ლარია, რაც არაეფექტურია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, იგეგმება ჯარიმების გაზრდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი გახდება ჯარიმა. შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს.


საქართველოს ავტოპარკის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ე.წ. ტესტცენტრები ახორციელებენ. მსგავსი ცენტრი საქართველოში სულ 26-ა, რომელსაც 35 შემოწმების ხაზი აქვს.


შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა, რომელიც კონსულტაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით ანგარიში წარმოადგინა, სადაც ვკითხულობთ, რომ ტესტცენტრები ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. კომპანიამ სპეციალური რეკომენდაციებიც გამოსცა, რის მიხედვითაც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა გადაიარაღება უნდა მოახდინონ.


ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი ტესტცენტრებში არსებულ კვალიფიკაციის პრობლემაზეც საუბრობს და მიაჩნია, რომ ცენტრებში დასაქმებული ადამიანები სტანდარტების შესაბამისად უნდა გადამზადდნენ: „აკმაყოფილებენ თუ არა თანამედროვე მოთხოვნებს ტესტცენტრები, რთული სათქმელია, ალბათ, უფრო ნაწილი, შეიძლება ნახევარიც კი ვერ აკმაყოფილებდეს. საქართველოში, ვფიქრობ, კვალიფიკაციის პრობლემაც დგას. ევროპის ქვეყნებში პერსონალი სერტიფიცირებულია და მათ კვალიფიკაცია გავლილი აქვთ. როცა მიგყავს ავტომობილი, მშვიდად უნდა იყო, რომ პროფესიონალის მიერ მოწმდება".


სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორი მიხეილ ხმალაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი, მიაჩნია, რომ ტესტცენტრები პრობლემებს მალე მოაგვარებენ და ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენასაც ელოდება.


„ახალი მოთხოვნებით, პრაქტიკულად, ვერც ერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ მცირე რაღაცის გაკეთება მოუწევს იმისთვის, რომ კრიტერიუმები დააკმაყოფილოს, ზოგს - ამ მხრივ ცოტა მეტი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, მაგრამ, პრინციპში, ის მოთხოვნები, რაც შვეიცარიულ კომპანია SGS-ს აქვს, შესრულებადია. იმედი გაქვს, რომ ყველა დააკმაყოფილებს და, ასევე, ველოდებით ახალი კომპანიების შემოსვლას. ეს პროცესი უკვე 5-ჯერ გადაიდო. ამის გამო, ბიზნესს ინტერესი არ ჰქონდა, რომ ინვესტიცია ამ სფეროში ჩაედო. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ვიწყებთ 2018 წლის 1 იანვრიდან და ბიზნესის ინტერესებიც გაიზრდება", - ამბობს მიხეილ ხმალაძე.


იმ შემთხვევაში, თუ მანქანა ტესტირებას ვერ გაივლის, მას ხარვეზის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცემა. გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციებიც. როგორც უკვე ვთქვით, დღეს ეს ჯარიმა კომიკურია - სულ რაღაც, 10 ლარი. მანქანების მონიტორინგს, აქვთ თუ არა მათ სავალდებულო ტექნიკური შემოწმება გავლილი, საპატრულო პოლიცია, სპეციალური ელექტრონული ბაზების დახმარებით განახორციელებს.


სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორის მიხეილ ხმალაძის თქმით, არის მოლოდინი, რომ მანქანების დაახლოებით, 30-35%-ს ექნება ხარვეზები, რაც, მისივე თქმით, გამოსწორებადია.


ავტოტრანსპორტის პერიოდული ტექნიკური ტესტირების შემოღების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ტექდათვალიერების აღდგენაზე ხელისუფლება მესამე წელია საუბრობს და ის უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ამის პარალელურად, NDI-ს 2016 წლის კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 38%-ს გარემოს დაბინძურება აწუხებს. კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თბილისს აწუხებს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: გარემოს დაბინძურება - 38%, საგზაო მოძრაობა - 34%, გზები - 28%.



სალომე ჩადუნელი


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი