logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: ტერაქტი, როგორც ლუსტრაცია, ანუ ერთი ნაბიჯი „ჩემი დედა მოვ...ნ“-დან „ჩემი სახელმწიფოს დედაც მოვ...ნ“-ამდე...
- +

1 დეკემბერი. 2017. 12:19



ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ ტერაქტზე უკვე ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა და მომავალშიც, ალბათ, კიდევ უფრო მეტი დაიწერება და ითქმება.


სანამ გამოძიება არ დამთავრებულა, უშუალოდ ამ ტერაქტზე ახალს ვერაფერს გეტყვით, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზე გაჩუმებაც, ჩვენი აზრით, არ შეიძლება.


გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერაქტით არა მარტო ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის, არამედ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების ერთი ნაწილის სრული ლუსტრაცია მოხდა.


წარმოიდგინეთ, როგორ არ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი სახელმწიფო, რომ თქვას: ეს ტერაქტი კი არა, ვიღაცების მიერ დადგმული სპექტაკლი იყოო.


ერთ ან ორ ჭკუანაღრძობს რომ ეთქვა ეს, კიდევ ჰო, მაგრამ როცა ამ ვერსიას სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავს ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, ეს უკვე საგანგაშოა.


დავუშვათ და, ეს ტერაქტი სპექტაკლი ყოფილიყო, როგორ უნდა „დაედგა" ის ვინმეს ისე, როგორც „დაიდგა" - ორმხრივი ინტენსიური სროლებით, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.


გამოდის, რომ სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს სპექტაკლის ოთხი მონაწილე წინასწარ უნდა დაეყოლიებინა იმაზე, რომ ისინი აუცილებლად უნდა მომკვდარიყვნენ.


ხომ სრული სისულელე და იდიოტიზმია ეს, რაც, ცხადია, შესანიშნავად იციან ამ იდიოტური ვერსიის ავტორებმაც, მაგრამ ისინი მაინც ჯიუტად აწვებიან პირველ ჩვენებას, რომ ამით როგორმე ჩრდილი მიაყენონ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთა გმირული თავგანწირვის შედეგად შესაძლებელი გახდა ამ ტერაქტის აღკვეთა მინიმალური დანაკარგებით.


გასაოცარია პირდაპირ - რატომ წვავთ ამ ადამიანებს დაუოკებელი სურვილი, თავიანთი სახელმწიფო რაღაცაში გამოიჭირონ და ისეთი შეცდომები გამოუჩხრიკონ, რაც მის პრესტიჟს შელახავს?


მშობლიურ სახელმწიფოსთან გაუცხოების მიზეზი ბევრია, ერთ-ერთი მათგანი კი, ალბათ, ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, ჯერჯერობით, თავი ვერ დააღწია იმ ფსიქოლოგიურ განწყობას, რომელიც მას საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გადმოყვა, როცა სახელმწიფო, რომელშიც ის ცხოვრობდა, მრავალი ფაქტორის გამო, თავის სახელმწიფოდ არ მიაჩნდა, ხოლო მისთვის შინაგანად უცხო ამ სახელმწიფოს სტრუქტურებს რეპრესიულ ძალად თვლიდა, რომელიც მის დასათრგუნად, მისი თავისუფლების შესაზღუდად და შესაბოჭად იყო მომართული.


სწორედ ეს იწვევდა მასში შინაგან პროტესტს, შინაგან წინააღმდეგობას იმ სახელმწიფო მანქანის მიმართ, რომელშიც დამცველს და ქომაგს კი არა, განადგურების საფრთხეს ხედავდა და არცთუ უსაფუძვლოდ.


27 წელი გავიდა, რაც საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა, როგორც ჩანს, ოცდაშვიდი წელიც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ გაგვეცნობიერებინა, რომ ეს სახელმწიფო ჩვენი სახელმწიფოა, რომლის წინაშეც მის თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები და მოვალეობები აქვს.


ჩვენ დღემდე ვერ მოვახერხეთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტთან ადაპტირება და სწორედ ამიტომ არის, რომ ძველი ინერციით, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს „კგბ"-სთან ვაიგივებთ, ქართულ პოლიციას საბჭოთა მილიციასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს რომელიმე უცხო ქვეყნის დივერსანტებთან და ა. შ.


თავის დროზე საბჭოთა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა უღირს საქციელად, ჩაშვებად, დასმენად ითვლებოდა, ხოლო კგბ-ის აგენტობა - ძალიან დიდ ცოდვად და მორალურ დაცემად.


დღეს კგბ-ის აგენტობის დაბრალება არ არის მოდაში, სამაგიეროდ, რომელიმე ქართველი ჟურნალისტი ისე წამოაძახებს რომელიმე ქართველს სუს-ის აგენტობას, თითქოს ეს სუს-ი საქართველოსთან დაპირისპირებული რომელიმე უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახური იყოს და მასთან თანამშრომლობა, საქართველოს მტრობას და ღალატს ნიშნავდეს.


მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინათ როგორ დააფრიალებდა ერთი გაზეთის ქალბატონი რედაქტორი რვა კაცის (მათ შორის, რამდენიმე პარლამენტარი იყო „ქართული ოცნებიდან") მამხილებელ „დოკუმენტებს", რომლითაც „მტკიცდებოდა", რომ ეს ადამიანები თავის დროზე თურმე სუს-მა გადაიბირა.


კი მაგრამ, რას ნიშნავს, გადაიბირა? საიდან სად გადაიბირა? ეს ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, მანჯურიის აგენტები იყვნენ და საქართველოს უშიშროების სამსახურმა „გადმოიბირა" თუ რაშია საქმე?


ქალბატონის მიერ წარმოდგენილი „დოკუმენტები", როგორც გაირკვა, ნაყალბევი იყო, თუმცა, ნაყალბევი კი არა, თუნდაც ნამდვილი ყოფილიყო, როგორ აღმოჩნდა ეს დოკუმენტები კერძო პირის ხელში, მაშინ, როცა ეს დოკუმენტები სეიფში უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი და მათთან წვდომა მხოლოდ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს უნდა ჰქონოდათ?


წესით და რიგით, მომხდარის გარშემო დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო გამოძიება, თუმცა, არც გამოძიება დაწყებულა და არც ეს ქალბატონი შეუწუხებია ვინმეს ზედმეტი კითხვებით.


გათამამებული ქალბატონი ამის შემდეგ პირდაპირ სუს-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს მიადგა და მთელი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, გაზეთის ყველა ნომერში, უდიერად მოიხსენიებდა მას, ლანძღავდა, ცილს სწამებდა, აბუჩად იგდებდა.


მიზანმიმართული, კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული კამპანია, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების, განსაკუთრებით შსს-ის და სუს-ის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, სინამდვილეში მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რომლის მთავარი ამოცანაა, დაასუსტოს და ძირი გამოუთხაროს იმ საძირკველს, რომელზეც სახელმწიფო დგას.


როდესაც მთელი ქვეყნის გასაგონად გამუდმებით იმეორებ და იმეორებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსუსური და უნიათოა. ასევე უსუსური და უნიათოა შინაგან საქმეთა სამინისტრო, განა ეს წამახალისებელი და წამაქეზებელი გზავნილი არ არის, როგორც მსოფლიოში სოკოებივით მომრავლებული ათასი ჯურის ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის კრიმინალებისა და ავაზაკებისთვის?


ამასთან ერთად, ყოველივე ეს განა უნდობლობას, შიშს და უიმედობას არ იწვევს ადამიანებში და ხელს არ უწყობს დისტანცირებისა და გაუცხოების პროცესს მოქალაქესა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის?


უფრო უარესს რას გააკეთებს გარედან შემოგზავნილი აგენტურა, ვიდრე ეს შინაური მტრები აკეთებენ, რომლებიც თავიანთ დესტრუქციულ ქმედებებს ხან მედიის, ხან ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით ნიღბავენ, რომლებსაც, არავინ იცის, ვინ აფინანსებს, ისევე, როგორც არავინ იცის, ვინ აფინანსებს იმ ელექტრონულ და ბეჭდურ მედიას, რომლებიც აშკარად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევიან, თუმცა ქართული სახელმწიფო ამაზეც მრავალმნიშვნელოვნად დუმს, რასაც კანონთან და სამართალთან ცუდად მოღლაბუცე ელემენტები მას სისუსტედ და უხერხემლობად უთვლიან.


არც დემოკრატია, არც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, არც ადამიანის უფლებები, რითაც ასე ღიად აშანტაჟებენ და ატერორებენ ქართულ სახელმწიფოს ლიბერასტული მიდრეკილებების ადგილობრივი „ტერორისტები", არსად, არც ერთ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში არავის არ აძლევს უფლებას, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ გაილაშქრონ.


22 ნოემბრის ტერაქტი, როგორც წერილის დასაწყისშივე ვთქვით, ლუსტრაცია იყო - ერთი მხრივ, მოხდა ლუსტრაცია იმისა, რომ მავანთა და მავანთა გულის გასახეთქად დამტკიცდა, რომ ქართული სახელმწიფო არსებობს და მას კრიტიკულ სიტუაციაში ადვილად შეუძლია ოპერატიულად მობილიზება და განსაცდელთან გამკლავება, მეორე მხრივ, ეს იყო ლუსტრაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით ქართული სახელმწიფო არ უყვართ.


22 ნოემბერს სახელმწიფო სტრუქტურებმა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა, მერიამ, უშეცდომოდ და უნაკლოდ რომ იმუშავეს, ამას ნებისმიერი ობიექტური ექსპერტი დაადასტურებს, თუმცა მაინც გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.


სკეპტიკოსები, ძირითადად, „ნაციონალები" ან ყოფილი „ნაციონალები" (თუმცა, საკითხავია, შეიძლება ყოფილი „ნაციონალები" არსებობდნენ?) იყვნენ, რომლებიც სინანულს გამოთქვამდნენ, რომ ახლა, ამ მომენტში, ხელისუფლებაში არ იყვნენ, თორემ სასწაულებს ჩაიდენდნენ.


კი, ვიცით, თქვენ რასაც ჩაიდენდით - ქვას ქვაზე დაადუღებდით და სპეცოპერაციას ოცი საათის ნაცვლად ორ საათში დაამთავრებდით, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ორჯერ (თუ მეტჯერ არა) მეტი იქნებოდა დაღუპულთა რიცხვი, ორჯერ (თუ მეტჯერ არა) მეტი იქნებოდა მატერიალური ზარალი, რაც მოსახლეობას მიადგებოდა, მაგრამ ასეთ „წვრილმანებზე" თქვენ როდის გინაღვლიათ, რომ ახლა გენაღვლათ, ნაცებო?


„რუსთავი 2"-ზე ექსპერტად მიწვეული გივი თარგამაძე (სხვა ვერავინ ნახეს) ძილბურანში მყოფი თუთიყუშივით იმეორებდა: - ცოდვის კითხვა არ არის, ნაკანი ციხეში იჯდეს (სპეცოპერაციების „დიდოსტატი" ვანო მერაბიშვილი რატომღაც არ გახსენებია) და ეს უვიცები ატარებდნენ სპეცოპერაციასო?!


თქვენ ვის რა უნდა ასწავლოთ, მუხროვანის „ამბოხის", ლაფანყურის სპეცოპერაციის, აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტის, ნავთლუღში სამი უდანაშაულო ახალგაზრდის ლიკვიდაციის და სხვა უამრავი უბედურებების ავტორებმა?!


რასაც თქვენ აკეთებდით, ეგ სპეცოპერაციები კი არა, მკვლელობები იყო!


22 ნოემბერს ქართული სახელმწიფო 20 საათის განმავლობაში სთხოვდა ტერორისტებს, ცოცხლად ჩაბარებულიყვნენ.


ასეთი მიდგომა კი სრულიად გაუგებარი და უცხო რამ არის „ნაციონალებისთვის", რომლებიც ადამიანებს ისე სასტიკად და დაუნდობლად ექცეოდნენ, თითქოს ისინი ადამიანები კი არა, აბეზარი კოღოები ყოფილიყვნენ.


აი, ეს არის განსხვავება „ნაციონალებსა" და „ქართულ ოცნებას" შორის.


ცალკე განხილვის, გნებავთ, გამოძიების საგანი უნდა გახდეს, თუ რატომ გადასცემდა „რუსთავი 2" პირდაპირ ღია ეთერში სპეცოპერაციის მსვლელობას და ვისთვის იყო განკუთვნილი ის სადაზვერვო ხასიათის „სვოდკები", რომლებსაც ის უწყვეტ რეჟიმში აქვეყნებდა.


„რუსთავი 2"-მა მხოლოდ აღშფოთებული მოქალაქეების დაჟინებული და კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ შეწყვიტა ეს უმსგავსობა.


ამ ამბავმა ტელეკომპანიის შავბნელი წარსულიდან ის მომენტი გამახსენა, როცა „რუსთავი 2" კოდორის ხეობის გავლით აფხაზეთისკენ მიმავალ გილაევის რაზმს ედგა კვალში და მორბენალი სტრიქონის საშუალებით ზუსტად ამცნობდა მაყურებელს, როგორ გადაადგილდებოდა რაზმი, რა გზით მიდიოდა, სად დასცემდა ხოლმე ბანაკს და ა.შ.


თუ ვინმესთვის იყო ეს ინფორმაციები საინტერესო, პირველ რიგში, საინტერესო იყო რუსული სადაზვერვო სამსახურისთვის, რომელსაც რატომღაც ასე უანგაროდ და უშურველად უწევდა ფასდაუდებელ დახმარებას პროდასავლური ორიენტაციის სახელით ცნობილი ტელეკომპანია.


მსგავსი მაგალითების მოყვანა „რუსთავი 2"-ის მოღვაწეობიდან მრავლად შეიძლება, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ ვითომდა დასავლური ღირებულებების ერთგულ ტელეკომპანიას, შეიძლება პარალელურად სხვებისთვისაც ჰქონდეს სული მიყიდული.


ასეა თუ ისეა, 22 ნოემბერს „რუსთავი 2" ბევრს ეცადა, რაღაც ისეთი შეცდომა დაეშვებინებინა ხელისუფლებისთვის, რომელსაც მერე ძმრად ამოადენდა, მაგრამ ამჯერად კოვზი ნაცარში, უფრო ზუსტად, მიკროფონი, ნაცარში ჩაუვარდა.


ვის არ უხმეს, ვინ არ მოიწვიეს, ვინ არ ალაპარაკეს - ახლავე, ამ წუთასვე, გვითხრას ხელისუფლებამ, ვინ არიან ეს ტერორისტები, საიდან მოვიდნენ, რა მიზნები ჰქონდათ? ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოება დაუყოვნებლივ ჩააყენოს საქმის კურსში და ყველა ინფორმაცია მიაწოდოსო, - გვიმტკიცებდნენ „რუსთავი 2" და მისი რესპონდენტები თუ ამფსონები. ეს კატეგორიული მოთხოვნები კი მაშინ ისმოდა, როცა ტერორისტები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და ინფორმაციის გაჟღერება მათი ვინაობის შესახებ, არავინ იცის, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციას დააყენებდა ფეხზე გასაჭირში ჩავარდნილი თანამებრძოლების საშველად და დასახსნელად.


მთელი XIX საუკუნის ქართული მწერლობა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება - როგორ აღზარდოს ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტად, ნამდვილ მამულიშვილად, მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მოქალაქედ, მორალურად, ზნეობრივად სრულყოფილ პიროვნებად.


არა მხოლოდ ერთი ილია ჭავჭავაძე ემსახურება ამ უმთავრეს მიზანს, არამედ იმდროინდელ მწერლობაში ყველა ილია ჭავჭავაძეა - ზოგი ნიჭიერი, ზოგი ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ თავისი პოზიციით და მსოფლმხედველობით ყველა ილიაა - მისი ასლი და განმეორებაა.


XIX საუკუნეში, მართალია, ოფიციალურად არ გვაქვს დამოუკიდებლობა, არ გვაქვს სახელმწიფო, სამაგიეროდ, გვაქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნასაზრდოები იდეოლოგია, რომელიც ეხმარება ერს, ერად დარჩეს და თავისი სახე შეინარჩუნოს.


დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ყველანაირი იდეოლოგია, მათ შორის, ეროვნული იდეოლოგია, საერთოდ არ არის საჭირო, თუმცა ამის მთქმელებს „ავიწყდებათ", რომ ესეც იდეოლოგიაა, ოღონდ, ანტისახელმწიფოებრივი, ანტინაციონალური.


შემთხვევითი არ არის, რომ ლიბერალური ღირებულებების მქადაგებლები სახელმწიფოს, სახელმწიფოებრიობას, საერთოდ წარსულის გადმონაშთად მიიჩნევენ, რომელიც ზღუდავს და ჩარჩოებში აქცევს ადამიანის უფლებებს, მის თავისუფლებას.


ეს იმდენად ვრცელი და ფართო თემაა, მასზე აქ საფუძვლიან საუბარს ვერ შევუდგებით, ვიტყვით მხოლოდ ერთს: დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამ სახელმწიფოს ინტელექტუალურმა ნაწილმა უფრო ნათლად და ვრცლად უნდა უთხრას ადამიანებს, რა ურთიერთობები, რა ურთიერთვალდებულებები არსებობს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.


დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვება არ არის ერთჯერადი აქტი, რომლის შემდეგაც შეგიძლია გულხელდაკრეფილი დაჯდე, ქვეყანა კი თავისით აშენდება და დამშვენდება.


დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მარადიული, უწყვეტი პროცესია, სადაც ქვეყნის თითოეული მოქალაქე მთლიანად უნდა დაიხარჯოს და ყველაფერი გასცეს გამარჯვებისთვის, წარმატებისთვის.


ჩვენ ხშირად უნდა დავსვათ კითხვა: - რად გვინდოდა, რაში გვჭირდებოდა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლისთვისაც ასე თავგანწირულად ვიბრძოდით, თუ ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ გავუფრთხილდებოდით, არ ვუპატრონებდით, არ გავაძლიერებდით, თუ ყველანი მის ერთგულ ჯარისკაცებად არ ვიქცეოდით?


აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი მტრულად არის განწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ-მეთქი, ვთქვი ზემოთ.


ხომ საინტერესოა, რატომ ხდება ეს, რა არის ამის მიზეზი?


იქნებ ის, რომ ილია ჭავჭავაძე „უბორნიის მწერლებით" ჩავანაცვლეთ, მერე ამ მწერლებს პრემიები ჩამოვურიგეთ და ტელევიზორებში ჩავასახლეთ, რომ იქიდან ერი დამოძღვრონ და ახალ „ფასეულობებს" „აზიარონ".


ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ: ერი, რომელიც უდრტვინველად და უპროტესტოდ შეეგუება მკრეხელურ ფრაზას „ჩემი დედა მოვ...ნ", აქედან ერთი ნაბიჯი რჩება მეორე, არანაკლებ თავზარდამცემ ფრაზამდე „ჩემი სახელმწიფოს დედა მოვ...ნ".


სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს ფრაზა უკვე გაისმა ამ დღეებში...


ალბათ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ქართველი კაცი სიამაყით ამბობდეს:

ეს ჩემი პოლიციაა!

ეს ჩემი სუს-ია!

ეს ჩემი ხელისუფლებაა!

ეს ჩემი საქართველოა!



ავტორი: ვახტანგ ხარჩილავა



 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი