logo_geo
ტრულეილას ქმარი რად უნდა...
- +

3 ივლისი. 2017. 17:55


ყოფილი აზერბაიჯანელი სპეცრაზმელისა და ჟურნალისტად წოდებული აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ამბავი საქართველოსთვის სერიოზულ თავის ტკივილად იქცა, თუმცა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ამბავი საქართველოს თავის ტკივილად უქციეს უცხოურ გრანტებზე გაყიდულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ტვინნამცეცა ქართველმა ლიბერასტებმა, რომლებიც საოცარი მონდომებით ცდილობენ, თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე დაამცირონ და ლაფში ამოგანგლონ.

 

დიახ, ძვირფასო მკითხველო, მეტისმეტი გაოცებისაგან პირი მაქვს დაბჩენილი, როცა ვუყურებ - საქართველოს მოქალაქეები, ქართული სახელისა და გვარის მქონე ადამიანები თავიანთ სამშობლოს ვიღაც ევროპელ პოლიტიკანებთან როგორ აბეზღებენ და როგორ არ იშურებენ ძალისხმევას, რომ აზერბაიჯანელი მუხთარლის გამო საქართველო რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯოს.


თანაც, ეს ქართველი ლიბერასტები - სამშობლოს განცდისაგან სრულიად დაწრეტილი რენეგატები - ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უცხოელი დონორებისაგან დამატებითი გრანტები ჩაიჯიბონ.


ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება მართლა გასულელდა, მუხთარლი „მეშოკით" მოიტაცა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცა, იმაზე კი საერთოდ არ იფიქრა, რამხელა საერთაშორისო სკანდალი მოყვებოდა ამას და საერთაშორისო არენაზე ქართული სახელმწიფოს იმიჯი როგორ დაზარალდებოდა... დიახ, ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ასე მოხდა და კითხვა დავსვათ - თუ ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ლიბერასტებს ქართულ სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე შესტკივათ გული, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში?


პასუხი ერთადერთია - მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ ხელისუფლების სიბრიყვის გამო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველო რაც შეიძლება მსუბუქად გამოაძვრინონ საერთაშორისო წნეხიდან! დიახ, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფალთა დოყლაპიობის გამო რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური ფასი გადაიხადოს და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რაც შეიძლება ნაკლებად დაკნინდეს!


ესენი კი რას შვრებიან? - ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება მეტად მოექცეს საერთაშორისო წნეხის ქვეშ, ქართული სახელმწიფო რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯოს და რაც შეიძლება ძვირი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს!


კი მაგრამ, რატომ შვრებიან ამას ქართველი ლიბერასტები?! რატომ ცდილობენ თავიანთი ქვეყანა აზერბაიჯანელ მუხთარლის გადააყოლონ? საქართველო მათი სამშობლო არ არის?! აქ არ ცხოვრობენ?! აქ არ ზრდიან თავიანთ შვილებს?!


საქმე ის არის, რომ ქართველი ლიბერასტებისთვის საქართველო, როგორც სამშობლო, არ არსებობს! დიახ, საქართველო მათთვის მხოლოდ ტერიტორიაა, სადაც ბიოლოგიურად არსებობენ და ცდილობენ, ეს ტერიტორია მაქსიმალურად გამოიყენონ მატერიალური სარგებლის მისაღებად.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სწორედ ასე ხდება - მუხთარლის საქმეს მსუყე გრანტების დათრევის სუნი ასდის და ქართველი ლიბერასტებიც სვავებივით აფუთფუთდნენ, რადგან იციან, რაც უფრო აქტიურად გაილაშქრებენ დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ, მით უფრო საქმიან გამორჩენას ნახავენ ძია სოროსის ჯიბიდან თუ უცხოური ფონდებიდან.

 

ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ამ პროცესში - საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სახლმწიფოს დაკნინებასა და გათახსირებაში - აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტად წოდებული მარგველაშვილი, რომელმაც გასულ კვირას სააკაშვილის ავლაბრის სასახლეში დიდი პატივით მიიღო აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა.

 

დიახ, ძვირფასო მკითხველო, სააკაშვილის რეზიდენციაში მარგველაშვილმა სწორედ იმ მუსტაფაევას მოუწყო აუდიენცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა და მათგან მოითხოვა, რომ მუხთარლის „გატაცების" გამო საქართველო მკაცრად დაისაჯოს.


წარმოიდგინეთ - არც საქართველოსა და არც აზერბაიჯანში გამოძიება არ დასრულებულა, დადგენილი და დამტკიცებული არ არის, მუხთარლი მართლა გაიტაცეს თუ საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თვითონ გადავიდა, გამოკვეთილი არ არის ქართველი სამართალდამცავებისა თუ სპეცსამსახურების თანამშრომელთა მონაწილეობა მუხთარლის გაუჩინარების საქმეში და ამ დროს მისი ცოლი ლეილა თუ ტრულეილა გამოდის და ქართულ სახელმწიფოს უაპელაციოდ ადებს ხელს!

 

დიახ, მუხთარლის ცოლი ტრულეილა, რომელიც არც ქართველია და არც საქართველოს მოქალაქე, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციით არის დაკავებული, საქართველოს პრეზიდენტი კი მას სასახლეში ზარზეიმით იღებს და მხარდაჭერას უცხადებს, ნაცვლად იმისა, რომ დამსახურებული საყვედური სტკიცოს - ქალბატონო მუსტაფაევა, თქვენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველომ შეგიფარათ, სულაც არა გაქვთ იმის უფლება, ევროპაში საქართველო აძაგოთ და მის ხელისუფლებას ყოველგვარი სამტკიცის გარეშე ბრალი დასდოთ!

 

დიახ, მარგველაშვილი მართლა საქართველოს პრეზიდენტი რომ იყოს და ქართული სახელმწიფოს პრესტიჟი რამედ უღირდეს, ყველა პროვოკატორ ლეილასა თუ ტრულეილას სწორედ ასე უნდა დაელაპარაკოს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უბედურება ის არის, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში მარგველაშვილის სახით, საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი კი არა, ჩვეულებრივი ლიბერასტი გვიზის, რომელსაც „ოცნების" ხელისუფლების ბოღმა ახრჩობს და ნებისმიერ წუთს მზად არის, საკუთარ სამშობლოს კვანტი გამოსდოს!


მოკლედ, „კარალევა მარგო" და ტრულეილა მუსტაფაევა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთდროულად მოქმედებენ და ცდილობენ, რომ ევროპამ საქართველო შეაჩვენოს!


ისე, ქალბატონი ტრულეილა თავისი ქმრის ბედით ასე გულდათუთქული თუ არის, თბილისში რას უზის და ავლაბრის რეზიდენციაში რას დაიარება?! რატომ არ ჩადის იგი ბაქოში, სადაც მისი აფგანია დატუსაღებული და რატომ არ უწყობს საპროტესტო აქციებს აზერბაიჯანის ხელისუფლება?


ამხელა საერთაშორისო სკანდალის შემდეგ მუხთარლის ცოლს აზერბაიჯანში დაპატიმრება ნამდვილად არ ემუქრება, მას თავის სამშობლოში ხელს ვერავინ ახლებს და წავიდეს - პრეზიდენტ ალიევის რეზიდენციასთან კარავი გაშალოს, შიმშილობა გამოაცხადოს და ქმრის გათავისუფლება მოითხოვოს!

 

რა ხდება, რატომ არ აკეთებს ამას ტრულეილა?!


ისეთი შთაბეჭდილება რჩევა, რომ ქალბატონ ტრულეილას თავისი ქმრის პატიმრობა ნაკლებად ადარდებს. მეტიც, მისთვის, როგორც ალიევის ხელისუფლების ოპოზიციისათვის, მუხთარლის ციხეში ყოფნა და ამ საქმეზე საერთაშორისო წიოკის ატეხვა, პოლიტიკურად ძალიან ხელსაყრელია.


მოკლედ, „ტრულაილას ფული რად უნდა" კი არა და, ტრულეილას ქმარი რად უნდა გარეთ, როცა მისი ციხეში ყოფნა პოლიტიკურადაც და ფინანსურ-გრანტობრივადაც გაცილებით მომგებიანია როგორც თვითონ ტრულეილასთვის, ისე მთლიანად ანტი-ალიევური ძალებისთვის, რომელიც თბილისში არიან დაბანაკებული და აქედან ცდილობენ ბაქოში „ფერადი რევოლუციის" მოწყობას.


ის კი არა, თბილისს გასულ კვირას აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია „მუსავატის" ლიდერი არიფ ჰაჯილიც კი სტუმრობდა, რომელმაც თავს უფლება მისცა, რომ საქართველო გვარიანად გამოელანძღა - ეს ქვეყანა ადრე ჩვენს რეგიონში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა, ახლა კი ასე არ არის და საქართველოში რომ მოვდიოდი მეგობრებმა გამაფრთხილეს, თბილისის ქუჩებში მარტოს არ მევლოო.


ეჰ, ბატონო არიფ, თბილისის ქუჩებში მარტო სიარული სახიფათო სწორედ მაშინ იყო, თქვენ რომ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა გეგონათ! დიახ, სახიფათო იყო, იმიტომ, რომ კაფედან გაგიტაცებდნენ და ტყეში წამებით მოგკლავდნენ, ქუჩიდან გაგიტაცებდნენ, კატერით შუა ზღვაში გაგიყვანდნენ, შუბლში ტყვიას დაგახლიდნენ, მერე შენს გვამს ფეხზე ბეტონის ნატეხს გამოაბამდნენ და თევზების საჯიჯგნად გადაუძახებდნენ!


დიახ, არიფო, ეს სწორედ მაშინ ხდებოდა, როცა საქართველო „რეგიონში დემოკრატიის შუქურა იყო"!

 

თქვენ და ქალბატონი ტრულეილა კი ახლა თბილისის ქუჩებში თავისუფლად დასეირნობთ, თან საქართველოს ლანძღავთ, თან საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სუბიექტი სასახლეში პატივით გიღებთ!


ეჰ, მართლაც ახია „ქართულ ოცნებაზეც" და ჩვენს ქვეყანაზეც მარგველაშვილის პრეზიდენტობა, ტრულეილას უტიფრობა და არიფის თავხედობა!

დიახ, ახია, იმიტომ, რომ არცერთი თავმოყვარე ქვეყანა „კარალევა მარგოს" პრეზიდენტად არ მოითმენდა, ტრულეილასა და არიფის მსგავს პროვოკატორებს კი საკუთარ ტერიტორიაზე ფეხსაც არ დაადგმევინებდა!


ავტორი: ჯაბა ხუბუა


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი