logo_geo
„ტელევიზიას ჩემი ვალი აქვს“ - რატომ გაუშვეს „რუსთავი 2“-დან პაატა გულიაშვილი
- +

25 სექტემბერი. 2017. 13:48



პაატა გულიაშვილი ახალი სეზონიდან „რუსთავი 2"-ის თანამშრომელი აღარ არის. ამის შესახებ პაატამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. სწორედ ამ ინტერვიუში ამბობდა მსახიობი, რომ მას გვარამიამ ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტო არ აპატია და ამის გამო გაუშვა ტელევიზიიდან. ჩვენ დავინტერესდით, სად გააგრძელებს მუშაობას მსახიობი.

 

- პაატა, „რუსთავი 2"-დან წამოსვლის შემდეგ, ალბათ, ახალი გეგმები გაქვს, რომელიმე სხვა ტელევიზიაში ხომ არ გამოჩნდები?


- შემოთავაზებები მაქვს. ჯერჯერობით ვისვენებ. 8 წლის განმავლობაში იმდენჯერ მომიწია სისხამ დილით ადგომა, ცოტა ხანს თავს უფლებას ვაძლევ, გამოვიძინო, დილის ძილი შევირგო... რაც შეეხება „რუსთავი 2"-ის დატოვებას, ეს ჩემი ინიციატივა არ ყოფილა. მე მითხრეს, რომ ამერიკელ პროდიუსერს აღარ სჭირდება ანეკდოტები „დილაში", „კომედი  არხზე" აღარ იქნება სერიალი და დაიხურა „ფანოღი". ტყუილად ხომ არ დავრჩებოდი. ეს იყო და ეს.


- რომელი ტელეკომპანიიდან გაქვს შემოთავაზება?


- სამი ტელეკომპანიიდან მაქვს შემოთავაზება. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი არ მინდა. რადგან ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. როცა საბოლოოდ მეცოდინება, რას და სად ვიწყებ, აუცილებლად მოგცემთ ექსკლუზივს. გადაწყვეტილების მიღების მომენტში გავითვალისწინებ ანაზღაურებას და შემდგომ შემოთავაზებას. როგორც იცით, მე თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და მინდა, თეატრისთვის დიდი დრო დამრჩეს.


- ბოლო პერიოდში აქტუალურია თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შეცვლის თემა. თქვენს თეატრში თუ ჩატარდა კონკურსი?


- დასმა სრული ნდობა გამომიცხადა და კიდევ 4 წლით გამიგრძელდა ხელმძღვანელობის ვადა.

 

- არავინ წამოაყენა კანდიდატურა შენს ადგილზე, კონკურენტი არ გყავდა?


- არა. მადლობა დასს ნდობისთვის და პირობას ვდებ, რომ კიდევ უფრო ნაყოფიერად და პროდუქტიულად ვიმუშავებთ ამ ოთხი წლის განმავლობაში...


25-ში ვილნიუსში მივფრინავთ. ერთკვირიანი გასტროლია. 25-კაციანი დასი მივდივართ შველიძისა და სტურუას სპექტაკლით. გვექნება ორი წარმოდგენა სხვადასხვა ქალაქებში. გაფორმდება მემორანდუმი ქალაქ ტრაკაის თეატრთან. ვცდილობთ, ამით შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ.


რაც შეეხება რუსთაველის თეატრს, ახალი პიესა იდგმება, სადაც დამაკავეს. რეპეტიციები მიმდინარეობს უკვე. ეს არის კარლ გოცის „ყორანი", ასევე, შველიძე-სტურუას ტანდემი. მთავარი როლი მაქვს, ჯადოქარი გახლავართ. ჯერ ცოტა ადრეა ამაზე ლაპარაკი, სულ რაღაც მეოთხე რეპეტიცია ჩაგვიტარდა.


- თელავის თეატრში რა სიახლეებია?


- თელავში იანვარში ჩამოდის ბელარუსი რეჟისორი, ფესტივალ „კუფარის" ერთ-ერთი დამაარსებელი, დადგამს პიესას და მარტში ამ ფესტივალში მიიღებს თელავის თეატრი მონაწილეობას.


- ასე რომ, ტელევიზიის გარეშე ცხოვრება არც ისე დაგამძიმებს...


- 15 წელია, ტელევიზიაში ვარ და ასე მარტივი არ არის მის გარეშე ცხოვრება ჩემთვის. მხოლოდ ანაზღაურებაზე არ მაქვს საუბარი. „რუსთავი 2"-ს ბოლო პერიოდში არ ჰქონდა საშუალება, მთლიანად დაეფარა ანაზღაურება, მაგრამ არასდროს გამომითქვამს პროტესტი. სხვა ხიბლი აქვს ტელევიზიას, 15 წელი ვიმუშავე, პატარა დრო ხომ არ არის...


- რუსკა მაყაშვილი წერდა, რამდენიმე თვე უხელფასოდ ვიმუშავეო, შენს შემთხვევაშიც იყო მსგავსი ფაქტი?


- საერთოდ, ასე ხდება, როცა იქ ხარ, ყველა წერს, რა კარგი ხარ, წამოხვალ და უცებ ცუდი ხდები. ამას ვერ ავყვები. რუსკას ანაზღაურებაზე ვერაფერს ვიტყვი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვიცი. მე დაახლოებით სამი-ოთხი თვე ხელფასის 50 პროცენტს ვიღებდი. ნელ-ნელა აგინაზღაურებთო, მეუბნებოდნენ. ასე რომ, ტელევიზიას ჩემი ვალი აქვს. აგრეთვე, ჩაწერილი მაქვს 12 სერია ახალი სერიალის, რომელიც გავა „კომედი არხზე" და ამის ანაზღაურებაც მოუწევთ... ტელევიზიის გარეშე ცხოვრება ნამდვილად არ არის ჩემთვის იოლი, მაგრამ, როგორც გითხარით, დრო მჭირდება, რომ დილაობით გამოვიძინო.


- ხომ არ გნახავთ „იმედის დილაში"?


- ჯერ ამაზე საუბარი არ მინდა. გადაწყვეტილი არაფერია. არ მინდა, საქმე გავიფუჭო... ზოგადად, კონფლიქტური ტიპი არ ვარ, არც პოლიტიზებული ადამიანი ვარ. რატომღაც ვიღაცები პოლიტიკას აწერენ ჩემს გამოშვებას „რუსთავი 2"-დან. მავანმა და მავანმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თავად განსაჯეთ. „კომედის" ბიჭებთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს დღემდე. თუმცაღა ამ ტელევიზიაში არიან ადამიანები, ვისაც, ალბათ, არ უნდოდა ჩემი იქ ყოფნა. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.


- პაატა, ბიძინა ივანიშვილთან გადაღებულ ფოტოსურათზე  საუბრობდი ერთ-ერთ ინტერვიუში. მართლა ფიქრობ, რომ ეს გახდა ტელევიზიიდან შენი გამოშვების მიზეზი?


- ამ თემის გაშლას აღარ ვაპირებ. რაც ვთქვი, ვთქვი. უბრალოდ, გავიმეორებ, რომ ტელევიზიიდან ჩემი გამოშვების მიზეზი, სანამ ცოცხალი ვიქნები, ის მეგონება, რასაც იქ ვწერდი. არავინ არასდროს არ გეტყვის, რომ ასეა. ყველა ფიქრობს, რომ სიმართლე მის მხარესაა. იყოს, როგორც არის, ფაქტი ერთია - არხი დაეცალა გვარამიას.

 

- ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვო, რომელ არხზეც არ უნდა იყო.


- მადლობა. ასე დავიწყე, ჯერ იყო „პირველი არხი", მერე ტელეკომპანია „მზე", მერე „რუსთავი 2". ადვილი არაა, მაგრამ რას ვიზამთ. ტელევიზიის გარეშე ვერ ვიქნები, სადმე აუცილებლად გამოვჩნდები. როგორც რუსები იტყვიან, „ვსო კ ლუჩშემუ" (იღიმება).



ნინო მჭედლიშვილი









 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი