logo_geo
დავით თვალაბეიშვილი: გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის გაყვანას არაგვის ხეობაშიც ვაპირებთ
- +

25 სექტემბერი. 2017. 19:11




პირველად საქართველოში, მაგისტრალური გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა. მდინარე ყუროსხევის მონაკვეთზე „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის" მაგისტრალური გაზსადენის საჰაერო გადასასვლელი ქართველი სპეციალისტების მიერ არის დაპროექტებული და აშენებული.

 

„კონკრეტულად ყუროს მონაკვეთზე 1200-მილიმეტრიან მილს შეექმნა პრობლემა, რადგან ეს მდინარე ძალიან რთულია თავისი ჰიდროლოგიური მონაცემებით. აქედან გამომდინარე, მილი რაც კალაპოტში იყო გაკეთებული, გაშიშვლდა და გამოუსადეგარი გახდა, რადგან მდინარის მიერ იყო დაზიანებული. მოსაძებნი იყო ალტერნატიული გადაწყვეტილება და ქართველ სპეციალისტებთან, მეცნიერებთან და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფთან ერთად შემუშავდა ასეთი მიდგომა - საჰაერო გადაკვეთა.

 

საქართველოში 1200-მილიმეტრიანი დიამეტრის მილი ჯერჯერობით არ გამოყენებულა. ეს გადაწყვეტილება გვაძლევს გრძელვადიან პერსპექტივას, დაახლოებით 50-წლიანი საპროექტო გაანგარიშებით, მილსადენს პრობლემა არ შეექმნება და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რადგან მდინარე ყურო არის ძალიან არაპროგნოზირებადი, ვერ გათვლი, როგორ იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - ამის შესახებ „აიპრესთან" „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.


- აპირებს თუ არა ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოს სხვა რეგიონებში მაგისტრალური გაზსადენის საჰაერო გადასასვლელის მშენებლობას?


- ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი მასშტაბის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არაგვის ხეობაშიც და სხვა რეგიონებშიც ვაპირებთ ამ მიდგომების გამოყენებას. რადგან კორპორაციას 2019 წლის ჩათვლით აქვს გეგმა, რის მიხედვით ხორციელდება გაზსადენების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ასე რომ, ქვეყანაში გაზის ტრანსპორტირების ახალი სისტემა იქნება განხორციელებული და შესრულებული.

 

- კორპორაციამ ერთი კომბინირებული ციკლის თბოსადგური უკვე ააშენა. როდის აპირებთ მეორე თბოსადგურის მშენებლობის დაწყებას?


- ქვეყანაში ძალიან დიდი ტემპებით მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ამასთან მნიშვნელოვანია მოხდეს თბოელექტროსადგურების მშენებლობა, რადგან ზამთარში, როდესაც დეფიციტი გვაქვს, მთლიანად ვერ ხერხდება მიწოდება და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ენერგია არ არის საკმარისი, მიეწოდოს წარმოებას და მოსახლეობას. ამიტომ, აუცილებელია თბოსადგურების განვითარება.


კორპორაციამ საპარტნიორო ფონდთან ერთად, უკვე ააშენა ერთი კომბინირებული ციკლის თბოსადგური, რომელიც 2015 წლის ბოლოს შევიდა ექსპლუატაციაში. ეს პროექტი წარმატებული იყო.


იმის გათვალისწინებით, რომ გვჭირდება 220-240 მეგავატიანი თბოსადგური, რომლის მშენებლობას კორპორაცია ამ შემოდგომაზე იწყებს.  საპროექტო სამუშაოები წელს დასრულდა, ნებართვა აღებულია და მშენებლობა დაიწყება ოქტომბრის ბოლოს.

 

- რა ღირებულების იქნება პროექტი და რომელი კოპანია ააშენებს თბოელექტროსადგურს?


- პროექტის ღირებულება 160 მილიონ დოლარზე ნაკლები იქნება, რომელსაც ჩინური კომპანია „ტისისი" (China Tianchen Engineering Corporation (TCC) ააშენებს. დაფინანსება მოდის უდიდესი ჩინური ბანკიდან „აი სი ბი სი", რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბანკია. ასევე ამ ინვესტიციას დააზღვევს ჩინური სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია „სინოშუა". ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ჩინეთიდან, მსგავსი მასშტაბის ბანკებიდან შემოდის დაფინანსება.


გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკი 2019 წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში და ქვეყანას ახალი თბოსადგურიდან მიეწოდება ელექტროენერგია.


- ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაც სჭირდება ქვეყნას...


- გაზსაცავის პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზი შევინახოთ. ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს გაზის მარაგი. რადგან, თუ ქვეყანაში შეწყდება გაზმომარაგება, თვენახევრის განმავლობაში გაზსაცავიდან შევძლებთ მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას. გარდა ამისა, გაზსაცავი მოგვეხმარება გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის დარეგულირებაში.


პროექტის მშენებლობაზე გამოცხადებულია ტენდერი, ვფიქრობთ, გაზაფხულიდან ან ზაფხულის დასაწყისიდან ჩვენ გადავალთ უშუალოდ გაზსაცავის მშენებლობაზე. რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენ ვმუშაობთ უშუალოდ დონორ და საფინანსო ორგანიზაციასთან, დაწყებულია მოლაპარაკება სასესხო ხელშეკრულებებზე.

 

- როგორია კორპორაციის ფინასური მდგომარეობა და შეუძლია ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება?


- ჩვენი კორპორაციის ფინანსური მგომარეობა ძალიან კარგია. ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები და აფასებენ, რაც სარეიტინგო კომპანიების ჩამონათვალში კარგად არის ასახული.


„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" ლონდონის საფონდო ბირჟიდან ევრობონდები აქვს აღებული და ყველა ფინანსურ კრიტერიუმს, რასაც ისინი ითხოვენ, ვაკმაყოფილებთ.

 

- „ნავთობისა და გაზის კორპორაციას" რა პროექტები აქვს ქართული ფულით განხორციელებული?


- მილსადენების მშენებლობა-რეაბილიტაცია მთლიანად კორპორაციის სახსრებით ხდება. ჩვენ არ ვიზიდავთ თანხებს ბანკებიდან, უცხოეთიდან. წელიწადში დაახლოებით 20-25 მილიონ ამერიკულ დოლარს ვხარჯავთ ჩვენი პროექტების მშენებლობისთვის, ანუ მილსადენების მშენებლობისთვის.


რაც შეეხება დიდ პროექტებს, როგორიც არის თბოსადგური და გაზსაცავი, ნაწილობრივ არის შემოსული თანხები, ნაწილობრივ ჩვენი თანხებიც არის.

 

- საქართველოს სატრანსპორტო ტრანზიტის ფუნქცია აქვს, როგორც ახერხებთ დივერსიისგან მილსადენების დაცვას და თუ ყოფილი კონტრაქტორი ქვეყნებიდან გაზის მიწოდებაზე რამე პრეტენზია ?


-  ტრანზიტის ფუნქციაში კორპორაციის როლი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება თურქეთს და შემდეგ კი ევროპის ქვეყნებს. ასევე, რუსული გაზი საქართველოს გავლით მიეწოდება  სომხეთს, მაგრამ არანაირი შეფერხება გაზის მიწოდების ტრანზიტში არ არსებობს და არც ყოფილა. მილსადენების დაცვა სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან ერთად სათანადოდ ხორციელდება.


იცით ალბათ, დივერსიას ამზადებდნენ, მაგრამ წინასწარ იქნა გამოვლენილი და აღმოჩენილი დივერსანტები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამ მხრივ ჩვენი კუთხით არ არის პრობლემა.











 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი