logo_geo
როგორ იკვებებიან ბავშვები ბაგა-ბაღებში? - ინტერვიუ თემურ თორდინავასთან
- +

5 ოქტომბერი. 2017. 18:14


 

 


ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალურ განვითარებაში კვებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მრავალფეროვანი და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები კი ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას განსაზღვრავს. თავად კვების პროცესი მოტორული და სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვისთვის კვების კულტურის ადრეულ ასაკში ჩამოყალიბება და ორგანიზმისთვის საჭირო საკვების ყოველდღიურად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ ოჯახის, არამედ სასწავლო დაწესებულებების პასუხისმგებლობაცაა. ადრეულ ასაკში ყველაზე დიდი როლი კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ეკისრება.


2014 წლიდან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელობამ თბილისში დირექტორების განთავისუფლება დაიწყო. მაშინ ბაღების დირექტორების თანამდებობიდან მოხსნის ძირითად მიზეზად ფულადი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა დასახელდა. მათ შორის დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, მონიტორინგის სამსახურმა, სხვა დარღვევებთან ერთად, საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა. ზოგიერთ შემთხვევაში დარღვეული იყო პროდუქტის შენახვის პირობები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. კვების ბლოკში არსებული პრობლემები 2015 წელს გამოქვეყნებულმა აუდიტის დასკვნამაც გამოააშკარავა. დასკვნის მიხედვით, ბავშვთა კვებაზე გახარჯული ათეულობით ათასი ლარის ღირებულების საკვები ზედმეტად იყო ჩამოწერილი. ისეთი შემთხვევებიც გამოვლინდა, როდესაც ამ ბაგა-ბაღების დირექტორებმა საკვებისთვის მოთხოვნილი თანხები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, სხვა დანიშნულებით გახარჯეს.


კვების ბლოკში გამოკვეთილი სერიოზული დარღვევების გამო, 2014 წლის 15 იანვარს შემუშავდა ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის სტანდარტი, რომელსაც ბაგა-ბაღები, აღსაზრდელების კვების დროს უნდა იცავდნენ. რეგლამენტი ინფორმაციული თვალსაზრისითაც საინტერესოა და გაძლევთ შედარების გაკეთების საშუალებას, რა უნდა იყოს და რა არის. შეგახსენებთ, რომ მშობელს აქვს უფლება, დაინტერესდეს და ნახოს, რით იკვებება მისი შვილი და როგორ გარემოში.


სტანდარტის მიხედვით, ბავშვებს უნდა მიეწოდებოდეთ ბალანსირებული, უსაფრთხო და უვნებელი, მრავალფეროვანი საკვები.


მენიუს შედგენის დროს დაცული იყოს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ ფორმულას - 1/1/4. საკვები პროდუქტების შემადგენლობაში დაახლოებით 40-60 გრამი ცილა, 40-60 გრამი ცხიმი და 200-250 გრამი ნახშირწყალი უნდა იყოს. ბავშვი ბაღში ყოფნის პერიოდში არ უნდა იღებდეს 1000 კალორიაზე ნაკლებს.


საკვების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი, ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტები, ბურღულეული, განსაზღვრული რაოდენობის ტკბილეული. ბავშვი სადილზე უნდა იღებდეს კვირაში სამჯერ მაინც ხორცს, შესაძლებელია, საქონლის, ფრინველისა და თევზის ხორცის მონაცვლეობა. პროდუქტების ჩანაცვლებისას დაცული უნდა იყოს პროდუქტების შესაბამისი კალორიულობა.


ბაგა-ბაღში თევზის გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია თევზის ფილე, რათა თავიდან იყოს აცილებული ფხის გადაცდენა. ბავშვისთვის კურკოვანი ხილის მიცემის შემთხვევაში აუცილებელია კურკის გამოცლა და აღსაზრდელისთვის მხოლოდ ამის შემდეგ მიწოდება.


სასურველია, ბავშვი კვირაში სამჯერ იღებდეს ცოცხალ ხილს, სეზონისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით (ხილის მიწოდება სადილამდე 1-2 საათით ადრე უნდა ხდებოდეს), ხოლო ყოველდღიურად რძის ნაწარმსა და ბოსტნეულს. ბავშვმა ყოველდღიურად აუცილებლად უნდა მიიღოს სითხე, კომპოტის ან წყლის სახით.


მენიუს დაგეგმარების პარალელურად მნიშვნელოვანია, რამდენად უსაფრთხო საკვებს იღებს ბაგა-ბაღის აღსაზრდელი, ამისთვის კი მნიშვნელოვანია, დაცული იყო საკვების შენახვის, გადატანისა და რეალიზაციის წესები. 2016 წელს თბილისის ბაგა-ბაღები კვების მომსახურების ახალ სტანდარტზე გადავიდნენ. ბაღების საკვები პროდუქტების მომარაგებას ახლა არა რამდენიმე, არამედ ერთი კომპანია („ელფი") ახორციელებს.


თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას თქმით, საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ პროცედურაში კვებითი მომსახურების კუთხით გამარჯვებული კომპანია, შპს „ელფი" საბავშვო ბაღებში კვებით ბლოკებში ISO-სა და HACCP-ის სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს".


საკვების მომწოდებელ კომპანიას ვალდებულებებიც აქვს. მან უნდა წარადგინოს პროდუქტის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საკვების მომზადების შემდეგ ხდება სინჯის აღება, ანუ 50 გრამი საკვების თავდახურულ ჭურჭელში მოთავსება, რომელშიც საკვები 24 საათის განმავლობაში ინახება. ბავშვის მოწამვლის შემთხვევაში, შესაძლებელია შემოწმდეს სინჯით შენახული საკვები, რაც დაადასტურებს ან უარყოფს ბაგა-ბაღში ბავშვის საკვებით მოწამვლას. ბაგა-ბაღში დაკონსერვებული საკვების გამოყენება არ არის რეკომენდებული...


უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესები იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენ შევძელით დაგვეწერა, თუმცა მთავარია, რამდენად ეფექტურია აღსრულება. ვინ უწევს მონიტორინგს და რა ტიპის დარღვევები ვლინდება.


თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს თავმჯდომარის თემურ თორდინავას თქმით, ბოლო წლებთან შედარებით კვების ბლოკებში მდგომარეობა გამოსწორებულია:


- სააგენტო, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, სხვადასხვა საბავშვო ბაღებში ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს. მათ შორის არის კვების მიმართულებაც, როგორი ხარისხის საკვები შედის საბავშვო ბაღებში, როგორი ვადები აქვს, როგორ მზადდება ის ულუფები და მენიუ, რომელიც საბავშვო ბაღებში ყოველდღიურადაა. თქვენ გახსოვთ, ადრინდელ პერიოდში იყო პრობლემები და ბევრი ადამიანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამჟამად მსგავსი ტიპის შემთხვევები არ გვხვდება, მაგრამ, თუ სადმე მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა, მკაცრი რეაგირება გვაქვს. მსუბუქი დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. თუ დარღვევა მძიმეა, რა თქმა უნდა, თანამდებობიდან გათავისუფლება.


- ამჟამად ყველაზე ხშირად რა ტიპის დარღვევები იკვეთება?


- წინა წლებში გვქონდა შემთხვევები, როცა მომზადებული ულუფა ბავშვამდე არასრულად მიდიოდა, თუმცა ახლა ამ ეტაპზე კვების მიმართულებით დარღვევები იშვიათია, ხოლო ხარისხის კუთხით, ISO-სა და HACCP-ის სტანდარტების შესაბამისია.

- გარდა იმისა, რომ თქვენ უნდა შეამოწმოთ, რამდენად ჯანსაღი პროდუქტი შემოდის ბაღში, ასევე, ამოწმებთ, რამდენად ჰიგიენურად მზადდება ის მომსახურე პერსონალის მიერ...


- ჩვენ გვაქვს მკაცრად განსაზღვრული სტანდარტები, კონტროლი გვაქვს მაღალ დონეზე. პერმანენტული მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ყოველდღე 171 ბაღში მონიტორინგი ვერ შევა. აქედან გამომდინარე, ამას ყოველდღიურ რეჟიმში საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა აკვირდება, იმიტომ რომ სერვისის მიმღები საბავშვო ბაღია. ეს იქნება პროდუქტი, თუ შემდეგ ამ პროდუქტის მიტანა აღსაზრდელამდე. მონიტორინგი ამოწმებს როგორც კვების მიმართულებას, ისე ჰიგიენურ წესებს, სააღმზრდელო მეთოდოლოგიას, მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობას. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ფინანსურ მონიტორინგსაც. 20 სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში ისევ დავიწყეთ მონიტორინგი. მე შემიძლია ვთქვა, რომ კვების მიმართულება ძირეული რეფორმის წამყვანი მიმართულებაა, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღებში ხორციელდება. საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევა 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე არ დაფიქსირებულა. თუმცა, ეს ჩვენ არ გვამშვიდებს და ყველა მიმართულება მაღალ კონტროლზე გვყავს.


ბაღების მონიტორინგის სამსახურის გარდა, ბაღა-ბაღების მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტოც მუდმივად ახორციელებს. როგორც „პრაიმტაიმს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 2015 წელს საბავშვო ბაღები 1068-ჯერ შემოწმდა. კრიტიკული შეუსაბამობა არც ერთ ბაღში არ გამოვლენილა. 2016 წელს 1610 შემოწმება განხორციელდა და კრიტიკული შეუსაბამობის გამო ერთი ბაღი დაიხურა. რაც შეეხება 2017 წელს, შემოწმება 626-ჯერ ჩატარდა და კრიტიკული შეუსაბამობა ამ შემთხვევაშიც ერთ ბაღში გამოვლინდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს იძლევიან და არ ასახელებენ იმ ბაღებს, რომლებიც კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაიხურა.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დედაქალაქში კვების ბლოკში პრობლემები მოგვარებულია, თუმცა რეგიონში კვების ბლოკის პრობლემებსა და სანიტარიულ ჰიგიენურ ნორმებზე ისევ ჩივიან. ჩვენ კონკრეტული სტატისტიკის მოპოვება ვერ შევძელით, თუმცა გავესაუბრეთ მშობელს. ის ბაღის იდენტიფიცირებისგან, პრობლემებისგან თავის აცილების მიზნით, თავს იკავებს. არც ვინაობას ასაჯაროებს, რადგან ბავშვი ჯერ კიდევ ამ ბაღში დაჰყავს და როგორც თავად ამბობს, უსიამოვნებებს ერიდება.


„თითქოს ყველაფერი კარგად არის, თუმცა ერთხელ სამზარეულოში შესვლა მომიწია და ცუდად გავხდი. ყველაფერი ქონითა და ცხიმით იყო დასვრილი. გასარეცხი ჭურჭელი ერთმანეთზე ეყარა. არ ვიცი, ასეთ გარემოში რა ჯანსაღი საჭმელი უნდა მომზადდეს", - განუცხადა მშობელმა „პრაიმტაიმს".


 რა თქმა უნდა, რეგიონში არსებულ დარღვევაზე თემურ თორდინავას პასუხს ვერ მოვთხოვთ, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბაგა-ბაღების სტანდარტის გაზრდა მხოლოდ თბილისის საჭიროება არ არის და რეგიონს ბევრად სერიოზული პრობლემები აქვს.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 1 ოქტომბერს კვების ახალ ტექნიკურ რეგლამენტს მიიღებენ, თუმცა როდის შევა ძალაში ეს რეგლამენტი, ჯერჯერობით უცნობია. არც იმას აკონკრეტებენ, რა კომპონენტია გასაუმჯობესებელი არსებულ რეგლამენტში და რა გაუმჯობესდება, სად არის ჩავარდნა და სად წინსვლა... თუმცა იძლევიან გარანტიას, რომ კვება ბაგა-ბაღებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.




სალომე ჩადუნელი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი