logo_geo
„კარგია, თუ მეკვლე თქვენთვის ერთგული და სანდო პიროვნება იქნება“ - მიხელ ცაგარელის რჩევები
- +

26 დეკემბერი. 2017. 11:08


ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა ხანი რჩება და ყველა ოჯახში, მომავალი წლის დასახვედრად, მოსამზადებელი ფუსფუსიც დაიწყო. ყველამ იცის, რომ ამ დღეს ნაძვის ხე და მაგიდა გაწყობილი უნდა იყოს. თუმცა, რა ფერებში მოვრთოთ სადღესასწაულო მაგიდა; რატომ უნდა გვეკეთოს სწორად შერჩეული ქვებისგან გაწყობილი სამკაულები და რით დავხვდეთ 2018 წელს, რომ ბედნიერება და კეთილდღეობა შემოიტანოს ოჯახში, ამ თემებზე, ასტროლოგის, ბატონ მიხეილ ცაგარელის რჩევები დაგვეხმარება.


მიხეილ ცაგარელი: 2018 წელი, აღმოსავლური ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, განეკუთვნება ყვითელი ფერის, მიწის სტიქიის ძაღლის წელიწადს. ძაღლი სიმბოლოა ერთგულებისა და სამართლიანობის. ეს წელიწადი ხელს შეუწყობს ომების დასრულებას ან შემცირებას, მშვიდობის განვითარებას. ძაღლი იცავს ადამიანებს ავი ძალებისგან. აქედან გამომდინარე, შეიცვლება ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. ადამიანი უფრო მომთმენი გახდება, გააუმჯობესებს ურთიერთობას ახლობლებთან, ბევრს იმოგზაურებს და საერთოდ მოიმატებს იღბლიანობა. 


- რა არ უყვარს მომავალი წლის მბრძანებელს?


- ძაღლს არ უყვარს ზარმაცი და მატყუარა ადამიანები, ფარისევლები. ასეთებს, მეტი პრობლემა შეექმნებათ. ზოგადად, ეს წელიწადი წლის დასაწყისშივე კომპლექსებისგან გათავისუფლებას ითხოვს. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრებისეული ცვლილებების და შეეშვით მავნე ჩვევებს. ამას, წელს აუცილებლად შეძლებთ.


- უკვე დაიწყო საახალწლო სამზადისი - ნაძვის ხის მორთვა, სადღესასწაულო სუფრისა და საახალწლო ჩაცმულობაზე ფიქრი. ამ მხრივ, რა რჩევებს მოგვცემთ? რა ფერებში მოვრთოთ სახლი და ახალი წლის მთავარი სიმბოლო - ნაძვის ხე?


- რადგან 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელიწადია, წლის ძირითადი ფერებია - ყვითელი, ოქროსფერი, კრემისფერი. ასევე, რადგან წლის კიდევ ერთი მმართველი მიწის სტიქიაა, ამ ფერებს ემატება, ამ მიწასთან დამეგობრებული სტიქიების: ხისა და წყლის ფერები - ყავისფერი, მწვანე და  ლურჯი. კარგი იქნება თუ ამ ფერებში მორთავთ სახლს, გამოეწყობით თქვენც 31 დეკემბერს და ისე შეხვდებით ახალ წელს. ასევე, ამ ფერებში უნდა გამოეწყოთ 16 თებერვალს, რადგან აღმოსავლური კალენდრით, სწორედ ამ დღეს შემოაბიჯებს დედამიწაზე ძაღლის წელიწადი და ჩაანაცვლებს მამალს. ასევე, ამ ფერებში უნდა იყოს მორთული და გემოვნებით, მდიდრულად გაწყობილი ნაძვის ხე. თუმცა, შიგადაშიგ სხვა ფერებიც შეგიძლიათ ჩართოთ. ნაძვის ხის გვერდით უნდა მოათავსოთ ჩიჩილაკი და ცირცელის ტოტი, რომელიც ოჯახს იცავს ავი თვალისა და უარყოფითი ენერგიებისგან. კარგია მისი შემოსასვლელ კარზე დამაგრება. კარგი იქნება თუ ატმის ტოტებსაც, თუნდაც დეკორატიულს, დადებთ ნაძვის ხის გვერდით, რომელიც აღმოსავლური ფენ-შუის პრინციპების მიხედვით, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. მზესუმზირის ტოტი იზიდავს იღბალს და ფულს, საერთო წარმატების ფაქტორია. თუმცა, მანდარინის ტოტიც ძალიან კარგია ამ მხრივ და შეგიძლიათ, მოათავსოთ ნაძვის ხის გვერდით. და, კიდევ ერთი - ბროწეულის ტოტი, რომელიც ხელს უწყობს ოჯახის გამთლიანებას. ახალი წლის მერე კი, ნაძვის ხის გვერდიდან უნდა აიღოთ ბროწეულის ტოტი და საძინებელში მიუჩინოთ ადგილი. მიწის სტიქია, დანარჩენ ოთხ სტიქიას შორის, მთავარია. დანარჩენი სტიქიები, მუდმივ კავშირში არიან მიწასთან და ერთმანეთთან. ამ სიმბოლოებით ხდება მიწიერი და ადამიანური ენერგიების გააქტიურება, რაც წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია შემდგომი 5 წლის განმავლობაში. 


- რაც შეეხება საახალწლო მაგიდას? ძირითადად, რომელ პროდუქტებსა და სასმელებზე უნდა გაკეთდეს წელს აქცენტი?


- სანამ საჭმელ-სასმელზე გადავალთ, გეტყვით რომ, საახალწლო მაგიდა, სასურველია, მოთავსდეს ბინის ცენტრალურ ნაწილში ან ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს. სასურველია ის იყოს სწორკუთხოვანი ფორმის, კვადრატული ან მართკუთხა. სუფრის გადასაფარებელი ყვითელი ან მწვანე ფერის უნდა იყოს, შეიძლება ლურჯი და თეთრიც. ასევე, აუცილებელია, ხუთივე სტიქიის ელემენტი სადღესასწაულო სუფრაზეც გავააქტიუროთ. ამისთვის, აიღეთ ფაიფურის ან ბროლის დიდი ლარნაკი - ეს მიწის ელემენტია - აავსეთ სიუხვის სიმბოლოს მქონე ხილით: ფორთოხლით, მანდარინით, ლიმონითა და ბროწეულით. ზემოდან ოქროსფერი ძაღლის სიმბოლო დასვით. ამ ლარნაკში მოათვსეთ ლითონის სტიქიის შემადგენელი მონეტები ანუ ჩვეულებრივი ხურდა ფული. დაანთეთ ორი ყვითელი სანთელი - ანუ ცეცხლის სტიქია. ორი იმიტომ, რომ წლის ნუმეროლოგიური რიცხვი ორია. გვერდით დაუდეთ წყლით სავსე ჯამი, წყლის სტიქიის გასაძლიერებლად. რაც შეეხება სასმელს, წელს სადღესასწაულო-საახალწლო სუფრაზე, უნდა იყოს ფაიფურის ან თიხის ჭურჭელი. სასმელებიდან კარგია თეთრი ღვინო, ხოლო საკვებიდან კი უხვად ის, რასაც გვაძლევს მიწა. ასევე, ბევრი კერძი უნდა მოამზადოთ ხორცეულით. რადგან ძაღლიც და მიწის სტიქიაც კონსერვატორული ხასიათისაა, ესე იგი, კერძებიც უნდა იყოს ეროვნული, ტრადიციული და გემრიელი. აუცილებელია საცივი, გოზინაყი, ხაჭაპური, ქათმის, ღორისა და საქონლის ხორცისგან დამზადებული საჭმელები და ბევრი ბოსტნეული, მწვანილი. სასმელებიდან, როგორც აღვნიშნე, თეთრი ღვინოა აუცილებელი. მაგიდაზე უნდა გედგათ ძაღლისა და მამლის სიმბოლოები 16 თებერვლამდე, შემდგომ აიღეთ მამალი და დატოვეთ ძაღლი. მამლის სიმბოლოს, ახალ წელს, წინ დაუყარეთ საკენკი, ძაღლის სიმბოლოს კი დაუდეთ ძვალი ან ხორცის ნაჭერი. აუცილებელია, ახალი წლის ღამეს, იყოთ პოზიტიურ განწყობაზე, მხიარული და გამოეწყოთ ეროვნული ელემენტებით გაწყობილ სამოსში, რომელშიც ზემოთ ნახსენები ფერები დომინირებს. კარგი იქნება, თუ ეროვნული, ქართული ჰანგებიც აჟღერდება სახლში.


- ამბობენ, საახალწლო ღამეს, დიდი დატვირთვა აქვს ასტროლოგიურ ქვებს და მათი გაკეთება მთელი წლის იღბლიანობას ზრდისო. ამ მხრივ, რომელი ქვებით მოჭედილი სამკაულებია წელს კარგი?


- კარგი იქნება, თუ ახალი წლის ღამეს გაიკეთებთ ოქროსფერი ტოპაზის, ვეფხვის თვალის, მოყვითალო-მოყავისფრო აქატის, სერდოლიკის, ღია ფერის ოპალის ან ზურმუხტის სამკაულებს. ასევე, კარგია, ძვლისგან დამზადებული აქსესუარების გამოყენება. ხოლო, ვარცხნილობა კარგია, თუ ბუნებრივი იქნება. 


- რაც შეეხება მეკვლეს?


- კარგია, თუ მეკვლე თქვენთვის ერთგული და სანდო პიროვნება იქნება, რომელიც ძაღლთან ერთად მოგილოცავთ ახალი წლის მობრძანებას.


- როგორია, ზოგადად, წლის ტენდენციები  და რა უნდა გავაკეთოთ, რომ გაცილებით წარმატებული და იღბლიანი იყოს მომავალი წელი?


- 2018 წელს კარიერაში წინსვლის პერსპექტივები საგრძნობლად მოიმატებს. ეს წელი იდეალურია აქტიური და მიზანსწრაფული მოქმედებებისთვის. ჩამოაყალიბეთ საკუთარი პროექტები და გაიღრმავეთ ცოდნა. შესაძლებელი იქნება სამსახურის შეცვლა და უკეთეს ადგილზე გადასვლა. არასტანდარტული გადაწყვეტილებებიც მისასალმებელი იქნება პროფესიული შემოქმედების თვალსაზრისით. მოიმატებს შრომის ეფექტურობა. კარგი წელიწადია ბიზნესმენებისთვის, თუმცა წლის მეორე ნახევარი, მათთვის უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე წლის დასაწყისი. ძაღლის წელიწადში მეტი ყურადღება იქნება საჭირო ფულთან დამოკიდებულებაში. „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის" პრინციპით უნდა იმოქმედოთ ფულის განაწილების დროს. წლის პირველ ნახევარში, უმჯობესია, თავი შეიკავოთ სარისკო ფინანსური ოპერაციებისგან. ზამთარსა და გაზაფხულზე სავალუტო-საფინანსო ბირჟებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, ამიტომ, სანამ ინვესტიციებთან დაკავშირებულ სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, კარგად დაფიქრდით და გაითვალისწინეთ ამ სფეროში შექმნილი არასტაბილურობა. შემოდგომა იდეალურია საფინანსო ინვესტიციებისთვის. უმჯობესია, უარი თქვათ სესხის აღებაზე, დაეყრდენით საკუთარ ძალებს და ბიუჯეტი გონივრულად გადაანაწილეთ, რადგან შემოდგომის დასრულებისთანავე, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ძაღლის წელიწადში რაიმე ცვლილებები არ არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ამიტომ, ამ მხრივ, სასიკეთოს ვერ ვუწოდებთ. მაღალი იქნება ინფექციური ეპიდემიებისა და გაციების, ასევე სხვა დაავადებების წარმოქმნის ალბათობა. ფრთხილად იყავით და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სასუნთქ სისტემას: ბრონქებს, ფილტვებს. ასევე, მოიმატებს დეპრესია და ნევროზი, ამიტომ,  მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. მოერიდეთ ნეგატიურ სიტუაციებს, მეტი იუმორი და მხიარულება შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში.




 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი