logo_geo
„გმირი აღმოჩნდა ჩემი ანო, მან შვილისთვის ფაქტობრივად, თავი გაწირა“
- +

27 დეკემბერი. 2017. 15:18

 

გოგა პიპინაშვილის „მზე" და შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული მღელვარება


მას უყვარს საკუთარ თავთან ჭიდილი და ძიება. ჯიუტიცაა, ამიტომ „მეორე მეს" ყოველთვის ვერ ჯობნის. პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ არის თვითკრიტიკული. პრინციპულია და სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს. არ უყვარს ინტერვიუები - ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჟურნალისტს უკითხავს: „რა აზრისა ხართ თავისუფალ სექსზე?" ანდა, „ვინ არის თქვენთვის იდეალური მამაკაცი?" - ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დროის დაკარგვად მიაჩნია. ჩემი ინტერვიუს თემა მის პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა, თუმცა ჩვენი სატელეფონო საუბარი მაინც უშედეგოდ დასრულდა. ორიოდე თვის შემდეგ კი, მასთან სტუდიაში მივედი და ისევ ვთხოვე, მისთვის საინტერესო და პრობლემატურ თემებზე გვესაუბრა. საღამო ხანი იყო. სხვადასხვა პრობლემის გამო, მძიმე დღე ჰქონდა გავლილი. ამის მიუხედავად, საუბარი ნელ-ნელა აეწყო... თეატრალური სამსახიობო ხელოვნების ინკლუზიური სწავლების ცენტრ „ართ ჰოლის" ხელმძღვანელთან, მსახიობ გოგა პიპინაშვილთან ინტერვიუს შეფასება მკითხველისთვის მიმინდვია.



წუხილი თეატრის ირგვლივ

 

- უკვე წლებია, რაც ზოგადად, თეატრის ყველა რგოლშია პრობლემა: მართვა, რეჟისურა, მსახიობები, მაგრამ პირველ რიგში, ყველაზე მკაცრად თეატრმცოდნეები არიან გასაკრიტიკებლები და მათ შორის, ჩემი მეგობრებიც არიან; მათთვის არაერთხელ მისაყვედურია, რადგან არც ერთი კრიტიკული სტატია აღარ წამიკითხავს. როცა შენ, თეატრმცოდნე, არცთუ მაღალი დონის დადგმას ტაშს უკრავ, მაყურებელმა რა ქნას? ყველაფერი რეჟისურასთან მიდის. ჩემი ომი რეჟისორებთან იცით, როგორ დაიწყო? თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისურას - პროფესიას როცა ასწავლიან, ამავე დროს, იმასაც ასწავლიან, რომ ის უნდა იყოს თეატრალური სფეროს გამგებელი. ეს რომ ასე არ არის, ამაზე ნებისმიერ რეჟისორს შემიძლია ვეკამათო. როდესაც რობერტ სტურუა დგამდა სპექტაკლს, ვთქვათ, „კავკასიური ცარცის წრეს", რომ არ ყოფილიყო იმ დიდებულ მსახიობებსა და რეჟისორს შორის „საიდუმლო სერობა", დღესასწაული შედგებოდა? რა თქმა უნდა, არა! ამიტომ, ხომ არიან რამაზ ჩხიკვაძე და იზა გიგოშვილი იმ სპექტაკლის თანაავტორები? უდავოდ! რეჟისორებს ვეკითხები: რატომ აკლებთ მსახიობებს ამ ბედნიერებას? მათ ხომ ისედაც არაფერი გააჩნიათ. უკან მოიხედავენ და სპექტაკლებიდან მხოლოდ ფოტოები რჩება. მე თუ მკითხავთ, ეროსი მანჯგალაძემ აზდაკი შეუდარებლად ითამაშა, ნანახი მყავს ამ როლში - ჩემი წუხილი პირდაპირ ამას უკავშირდება. რეჟისორმა სპექტაკლი მოხსნა. რას ნიშნავს, მოხსნა? როგორ, სპექტაკლი რეჟისორს ეკუთვნის და მსახიობს - არა? პერსონაჟზე, რომელსაც ვთამაშობ, ღამეები მაქვს ნათენები. ის ადამიანი სისხლიანად მიყვარს და ჩემია. რა უფლება გაქვს, რომ მოკლა ან თაროზე დადო? როცა სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" რეპერტუარიდან მოხსნეს, ამასთან დაკავშირებით თეატრში კონფლიქტი მქონდა. მაშინ ვთქვი: „პერსონაჟი ოსეფა ცოცხალი ადამიანია, როგორც მინდა და სადაც მინდა, ისე გამოვიყენებ". ამიტომ ექსპერიმენტის სახით წავედი „იუმორინაში". გაამართლა და მერე აღადგინეს სპექტაკლი იმიტომ, რომ ის, ვინც ფილარმონიაში დადის, თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლებს არ ესწრება. მერწმუნეთ, ეს ორი სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელია. ხალხის რაოდენობა, რომელიც ფილარმონიაში მოდიოდა, მოტრიალდა თუმანიშვილის თეატრისკენ, მათ აინტერესებდათ ეს პერსონაჟი ნატურალურად ენახათ.

 

„ჩემი პედაგოგი ლილი იოსელიანი"

 

- ქალბატონი ლილი გენიოსი პედაგოგი და რეჟისორი გახლდათ. თეატრალურ ინსტიტუტში როცა ვსწავლობდი, პირველ ეტაპზე, მას ძალიან ვაწვალებდი. ქუჩიდან მოსული ბიჭი ვიყავი, ცოტათი დაუმორჩილებელიც, რომელსაც სხვა ბევრი ინტერესიც ჰქონდა. ლექცია მსახიობის ოსტატობაში საღამოს შვიდზე იწყებოდა და ღამის სამ საათამდე გრძელდებოდა. უნდა გამეკეთებინა ასეთი რამ: კარი უნდა გამეღო და მეთქვა „გამარჯობა". მარტო ეს მქონდა სათქმელი და განა, რამდენჯერ შეიძლებოდა, ერთი და იგივე სიტყვა გამემეორებინა?! პედაგოგი ხედავდა, რომ უზრდელი და თავხედი არ ვიყავი. ეს რომ შეემჩნია, ამის გამო ალბათ, ჯგუფიდან მაშინვე გამიშვებდა ან არ ვიცი, როგორ მოიქცეოდა. მე კი არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია, - გადამიყვანეთ ამ ჯგუფიდან, ვერ ვუძლებ, აღარ შემიძლია-მეთქი. ქალბატონმა ლილიმ მაჯობა...


სცენაზე ყოველი გასვლისას, მისი ხმა, ლანდი თუ მისი ნათქვამი „ნე ვერიუ", ეს სულ ყურში მესმის. ქალბატონი ლილი მუდამ არის გონებაში და მიშა თუმანიშვილიც (იღიმის). როგორც ქალბატონი ლილი არ მაპატიებდა არც ერთ გადაცდომას, პერსონაჟის არასწორ ქცევას თუ მიზანსცენას, ასევე არ ვპატიობ საკუთარ თავს რაიმე შეცდომას. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ ორი გენიოსის გადასახედიდან ვხედავდე ყველა ნიუანსს. სამწუხაროდ, როცა პროფესიის არსი გავიგე, სწორედ მაშინ აღარ მაქვს სამუშაო.


დიდი ხანია სცენაზე არ ვდგავარ და ცოტა მაშინებს კიდეც, შევძლებ თუ არა რამის თამაშს? ეს მხოლოდ მათი დამსახურება არ არის, ვინც არ მეძახის. პირიქით, ზოგი მეძახის, მივდივარ და ვხედავ, რომ მისთვის მხოლოდ დაწერილი ტექსტია მთავარი, თან ამას დოგმატურად მიმტკიცებს. ის, რაც მას სჭირდება, მარიონეტის ან დიქტორის პროფესიაა. არც ერთი ვარ და არც - მეორე. რეჟისორს სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და შედეგია ის, რომ მერე უკვე აღარ მეძახის .

 

 

 


კრიტიკა

 

- ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და შემფასებელი დედაჩემია, მაგრამ ახლა ერთი შემთხვევა გამახსენდა. ძალიან ცუდი ფაქტია. მამაჩემი ნოდარ პიპინაშვილი მუსიკალური თეატრის მსახიობი იყო. გარდაცვალებამდე ორი თუ სამი დღით ადრე, თეატრში მოვიდა. მე სპექტაკლისთვის ვემზადებოდი. ის საგრიმიოროში შემოვიდა, დაჯდა და კონკრეტულ ეპიზოდზე მითხრა: მამა, იმ მიზანსცენის დროს გირჩევ, პერსონაჟის ხასიათი ასე გახსნაო და მიმითითა, რა უნდა გამეკეთებინა. გავცეცხლდი: შენ, რომელსაც 50 წელი შვილი არ გახსოვდა, ახლა მოდიხარ და მელაპარაკები? როცა მამა მჭირდებოდა, მაშინ... და ა.შ. შევყევი და იქამდე მივედი, რომ ალბათ, 5 წლის ასაკიდან იმ დრომდე, ჩვენი ყველა შეხვედრა გავუხსენე და კაცი პირდაპირ მოვკალი. ბოლოს დავექადნე: როლს, რომელსაც დიდი წარმატებით ასრულებ მუსიკალურ თეატრში (ჰიგინსი, „ჩემი მშვენიერი ლედი"), ისე არ ჩავალ სამარეში, რომ მეც არ ვითამაშო და ამას განახვებ-მეთქი. იმ დღეს სცენაზე რომ გავედი და ის ეპიზოდი მოახლოვდა, ვიფიქრე, - მოდი, ისე გავაკეთებ, როგორც მან მითხრა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდები, რომ ის ცდება-მეთქი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ზუსტად ამ სცენის დროს დარბაზმა „იფეთქა"... იმ ღამეს არ მიძინია. მეორე დღეს, რა თქმა უნდა, ბევრი ვინერვიულე. მივხვდი, გული ძალიან ვატკინე და გადავწყვიტე, ბოდიში მომეხადა. შემდეგ დღეს მასთან მივდივარ და როცა უკვე ქუჩაზე ჩავუხვიე, დამირეკეს: ცუდად არის და იქნებ მოხვიდეო. აქვე ვარ, კორპუსს ვხედავ, ერთ წუთში მანდ ვიქნები-მეთქი. ბინაში შევედი და მამა გარდაცვლილი დამხვდა. მაშინ ვთქვი, რომ ვიქნები აბსოლუტურად შეუწყნარებელი ყველა მანკიერების მიმართ, რაც თეატრს და ზოგადად, ჩემს პროფესიას ეხება. ამიტომ ვერ ვიტან და ვერ ვპატიობ ბავშვსაც კი, როდესაც ვხედავ, რომ მას არასწორი წარმოდგენა აქვს არტისტობაზე და ცრუ პოპულარიზმით არის შეპყრობილი. თუკი ასეთი აზროვნების მოზარდი აპირებს ჩააბაროს თეატრალურ ინსტიტუტში და ის ჩემს პროფესიაში უნდა მოვიდეს, მაშინ „ვფეთქდები". ამას ვერ დავუშვებ, ამიტომ ვპირდები ხოლმე, - ისე მოგექცევი, რომ სცენაზე ვერასოდეს დადგები, თუ არ გაიგებ მსახიობობის არსს-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები უზომოდ მიყვარს და მათთან 30 წელია ვმუშაობ, არავის მივცემ უფლებას, ჩემი პროფესია წაბილწოს, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი.


ფილმები „შინდისი" და „აღლუმი"

 

- უამრავ რეჟისორთან მიმუშავია და ამ ასაკში, დიტო ცინცაძისგან გავიგე, რა არის კინო და რას ნიშნავს მსახიობსა და რეჟისორს შორის კომფორტული ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე. ჩემი საქმე დიტომ თავიდან შემაყვარა. ისედაც, კინოს მაინცდამაინც დიდ პატივს არ ვცემდი. არც მე ვწყალობდი და არც ის მწყალობდა. ფილმზე „შინდისი" ურთულესი გადაღებები გვქონდა. ასეთი მძიმე კადრებით ამბის მოყოლას დიდი ოსტატობა სჭირდება, რაც დიტოს საკმაო დოზით გააჩნია. ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივი პიროვნებაა და ძალიან მინდა მისი წარმატება, რაც ავტომატურად ჩემს წარმატებასაც ნიშნავს. ფილმის დამთავრებიდან მეორე თვე დაიწყო და დღემდე ამით ვცხოვრობ. ყოველდღე ყველა კადრი მახსენდება იმიტომ, რომ გულმხურვალედ ვიყავი შეყვარებული იმაზე, რასაც ვაკეთებდი... საოცარი ჯგუფი იყო მთლიანად, მძღოლიდან დაწყებული, გამნათებლით დამთავრებული. უამრავი ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელიც ჩემთვის ახლობელი გახდა. ყველანი ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით და ეს იყო დიტოს დამსახურება.


პირველად შევხვდი საოცარ პროფესიონალ დათო ბახტაძეს, რომელიც დიდი ხანია, ამერიკაში მუშაობს. მას დიდ პატივს ვცემ და ეს ლიტონი სიტყვები არ არის, გულით ვამბობ. გადასაღებ მოედანზე მასთან ერთად ყოფნა ჩემთვის იყო გარკვეული სკოლა და მისი გამოცდილების გაზიარება. გადაღების პროცესში დათოსგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. მასთან ურთიერთობამ ისეთი განცდა დამიტოვა, რომ მგონია, კინოში სხვასთან ერთად ვეღარ ვიმუშავებ. თითქოს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მასაც გაუჩნდა სურვილი, ჩვენი დუეტი არ დავშალოთ (იცინის). საწყენია, როცა დათო ბახტაძის, ასეთი სუპერკლა­სის არტისტის არაჩვეულებრივ გამოცდილებას თეატრალურ ინსტიტუტში არ იყენებენ. დღეს ძალიან პოპულარულია სენაკის თეატრის მსახიობი თამუნა აბშილავა, რომელიც ფილმში ჩემი მეუღლის როლს ასრულებს. მან წარმატებით ითამაშა სერიალში „ჩცდ" მაჭანკალი კლარა.


მეომრების როლებს ერთი მეორეზე უკეთესი, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები თამაშობდნენ, მაგათ შემოვევლე! აი, ისევ ფილმისთვის შეღებილი თმა მაქვს, ვერ ველევი. ხანდახან, სარკეში ამ თმას ვუყურებ და ჩემი განცდები მახსენდება - საოცარ ფილმზე მუშაობა და შესანიშნავ რეჟისორთან ურთიერთობა. ჩვენ სადავო არაფერი გვქონია. როცა ჩემს პერსონაჟზე ვსაუბრობდით, იმდენად დიდი იყო აზრების თანხვედრა, რომ დიტო იმაზეც კი იძლეოდა პასუხს, რასაც მე მხოლოდ საკუთარ თავს ვეკითხებოდი და მას არც ვუმჟღავნებდი. სანამ მუშაობას დავიწყებდით, მითხრა, მენდეო და მეც ვენდე, მორჩა და გათავდა! მსახიობებს გადასაღებ მოედანზე სჩვევიათ სარკეში საკუთარი თავისთვის თვალის შევლება, ეს პროფესიის ნაწილია. არც ერთხელ ეს არ გამიკეთებია. დიტო ყველაფერს შეამჩნევდა, თუ რამე არ იყო წესრიგში. ასეთი კომფორტი და დამოკიდებულება თემის მიმართ, გმირის, მეგობრისა თუ პარტნიორის მიმართ არასდროს მიგრძნია, არც სცენაზე და არც კინოში, არასდროს! აი, ეს არის ჩემი დიტო ცინცაძე, რომლის სიყვარულს ვერავინ წამართმევს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, თუ ეს ფილმი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც დიტოს უნდა, არასოდეს ფილმში აღარ ვითამაშებ და ეს იქნება ჩემი ბოლო ნამუშევარი კინოში.


ახლა ერთ საიდუმლოს გეტყვით: ძალიან მინდა დიტომ სპექტაკლი დადგას. თვითონაც უნდა, მაგრამ სიფრთხილეს იჩენს. კინორეჟისორებს ჩაკეტილი სივრცის შიში აქვთ. წინასწარ ვგრძნობ, მაგარი სპექტაკლი გამოვა. ვერსიები გვაქვს და მგონი, ეჟვანი უკვე შევაბი. მიუხედავად იმისა, მე ვითამაშებ თუ არა, როცა დიტო რამეს დააპირებს, ნებისმიერ დროს მის გვერდით ვიქნები.


შარშან ნინო ჟვანიამ ფილმში „აღლუმი" გადამიღო. პირადად ჩემთვის საშინელი გადაღებები იყო. ცუდად ვიყავი, ექვსჯერ რეანიმაციაში მოვხვდი. რთული პერიოდი გავიარე. ფილმი სამ მეგობარზეა. მინდა, პარტნიორები გუგა კოტეტიშვილი და არჩილ ქიქოძე გავიხსენო. ისინი ისეთი თავისუფლები, უშუალოები და ლაღები იყვნენ, საოცარი შეგრძნებები მქონდა მუშაობის დროს და მეც მათ ავყევი. ბედნიერებაა ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა, მით უფრო, როცა შენი პარტნიორები არიან. ჩემს პერსონაჟს ცხოვრებისეული პრობლემების გამო, ცოტა მძიმე ხასიათი აქვს, ამიტომ ძუნწად გამოვიყენე გამომსახველი საშუალებები. ის ორნი არაჩვეულებრივები არიან და მიხარია, რომ მათ გვერდით ვიყავი. როცა გადამღებ ჯგუფში არაჩვეულებრივი ხალხი იყრის თავს, ეს დიდწილად, ფილმის წარმატების საწინდარია. ნინომ საკმაოდ სერიოზული ფილმი შექმნა. წინასწარ არ მინდა, ზედმეტად შევაქო, თუმცა ვფიქრობ, ის იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი. მალე მაყურებელს პრემიერას შევთავაზებთ, მერე კი ფილმი საფესტივალო გზას შეუდგება.



პატარა „მზე"

 

- ექვსი თვის წინ შვილიშვილი შემეძინა. ჩემს გოგონას ჯანმრთელობის გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მშობიარობამდე ორთვენახევრით ადრე დაწვა საავადმყოფოში. პატარა თურქეთში დაიბადა. მძიმე ზაფხული გადავიტანე, სანამ ქვეყანას გიორგი, საოცრება ბიჭი მოევლინებოდა. შვილიშვილის შეძენა ყველასთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებული და გამორჩეულია იმითაც, რომ დედამ შვილის გაჩენასთან დაკავშირებით მყარი გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტობრივად, თავი გაწირა. გმირი აღმოჩნდა ჩემი ანო. ალბათ, ყველა მშობელი ასე მოიქცეოდა. ახლა სახლში მყავს პატარა „მზე". ის რომ „გამოანათებს", ჩემს ოჯახში არის სითბო, სიხარული, სიყვარული. პირველი გიორგობა გავიარეთ და მალე, პირველ ახალ წელს შევხვდებით...


ნანული ზოტიკიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი