logo_geo
საკუთარი ხელით შესრულებული დაპირება - ერთი ბერის „ტაძარი“
- +

17 სექტემბერი. 2017. 23:01

 

 

მადრიდიდან 40 კმ დაშორებით, ქალაქ მეხორადა დელ კამპო მდებარეობს.

არაფრით გამორჩეული, პატარა ქალაქი, რომელიც ბოლო პერიოდში მხოლოდ იმიტომ იზიდავს ტურისტებს, რომ ქალაქის შუაგულში ნებართვის გარეშე აშენებული უდიდესი ნაგებობა დგას.

ერთი ბერის „ტაძარი“.

 

 

 

 

მშენებელი, არქიტექტორი და იდეის ავტორი - ხუსტო გალეგო ანუ დონ ხუსტო, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, მშენებარე „ტაძარში“ ცხოვრობს, რადგან თავად ნაგებობა მის კუთვნილ მიწაზე დგას.   

 

 

 

ჟურნალისტებს სიხარულით არ ხვდება. ინტერვიუზე დაახლოებით ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ დაგვთანხმდა და მხოლოდ ათიოდე წუთი დაგვითმო სასაუბროდ. „ტაძრის“ ერთ-ერთ კედელთან მისი მოსასვენებელი ადგილია. სკამზე ბიბლია და სათვალეები უდევს. გასათბობად კი ხის მორჩენილ მასალას იყენებს.

 

 

როცა მშენებლობა დაიწყო, დონ ხუსტო - ეკლესიიდან სახლში იძულებით დაბრუნებული, 26 წლის ახალგაზრდა ბერი იყო. როგორც თავად ყვება, მონასტერში ცხოვრების დროს ტუბერკულოზით დაავადდა და გართულებული ფორმების გამო სახლში წასვლა მამებმა სთხოვეს, რომ სხვა ბერებს ავადმყოფობა არ გადასდებოდათ. შინ დაბრუნებულმა ღმერთს გამოჯანმრთელება სთხოვა და „ტაძრის“ აშენება აღუთქვა.

 

 

 

მშენებლობა 1962 წელს საკუთარ მამულზე, საკუთარი სახსრებით დაიწყო, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მშენებლობისთვის აუცილებელი სპეციალური განათლებაც არ აქვს.

დონ ხუსტო გალეგო - „დედაჩემი იყო ღრმად მორწმუნე კათოლიკე, ბებიაც. მათ მაზიარეს ამ სარწმუნოებას, მასწავლეს ბიბლია და გამიღრმავეს რწმენა. მშენებლობა 1961 წელს დავიწყე და დღესაც ამ საქმეს ვემსახურები. აქ მიდევს ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა, რომელსაც პერიოდულად ვკითხულობ ხოლმე. განსაკუთრებით მიყვარს „შექმნა“ და ის ნაწილი სადაც მოსეზეა საუბარი, რომელიც ერთადერთი იყო ვინც ჭეშმარიტი ღმერთი იხილა, როცა ღმერთმა ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანა დაავალა. არასდროს მქონია რაიმე კონკრეტული პროექტი, ან ვადები, არც პროფესიონალი მშენებლები მყოლია. ვშოულობდი მასალას და იმის მიხედვით ვაკეთებდით ამა თუ იმ ნაწილს“.

 

 


როგორც თავად ამბობს, მისი „ტაძარი“ წმინდა პეტრეს სახელობის ბაზილიკის ე.წ. რეპლიკაა, რომლის შენებაშიც მას დღესაც მოხალისეები ეხმარებიან, თავად „მშენებელს“ კი კორექტივები შეაქვს.

„მე რომაული ხელოვნება მომწონს და ძირითადად ამ სტილით ვაშენებ. ჩემი გემოვნებით, ჩემი ტექნიკით, ჩემი გადაწყვეტილებებით“ - ამბობს დონ ხუსტო.

 

ნაგებობის ფართობი 4740 კვადრატული მეტრია. მის ასაშენებლად ძირითადად მეორადი სამშენებლო მასალაა გამოყენებული. მაგალითად სვეტებისთვის ფორმის მისაცემად ზეთის ან რკინის კასრებს იყენებდა. თაღების ამოსაყვანად ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების ბორბლები. ხის მასალა და აგური დანგრეული შენობებიდან არის წამოღებული.  

ბერი, რომელსაც საუკუნეს მხოლოდ 8 წელი აშორებს აშენებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით და იმ თანხების შესაბამისად, რასაც შემოწირულობის სახით იღებს. შემოწირულობის ყუთები „ტაძარში“ თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული. სიმეტრიები დაცული არ არის, „ტაძრის“ გადაუხურავი გუმბათი საეჭვოდ ეყრდნობა სვეტებს, კედლის ახლადდაწყებული მხატვრობა შესაცვლელია.

 

 

დონ ხუსტო გალეგო - „ეს ნახატები ჩემი მეგობრის  დახატულია, მაგრამ არ მომწონს, უპროპორციოა და ვფიქრობ მოვაშორო. სხვაგვარი ჩანაფიქრი მქონდა. იცით, რას გეტყვით? შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ტაძრები ტოლედოში, ბარსელონაში, მაგრამ ვერავინ აგიხსნით და მოგიყვებათ ისე, როგორც მე, რადგანაც არცერთი მნიშვნელოვანი ტაძრის მშენებელი აღარაა ცოცხალი“.

 

ამაყობს, რომ ეს ქმნილება მას ეკუთვნის. ქმნილება პირობითად. რადგან არც მის მდგრადობაზე, არც კედლების სიმყარეზე არანაირი დასკვნა არ არსებობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში კი იდეის განხორციელებაში ანხელ ლოპესი ეხმარება.   

ანხელ ლოპესიც დონ ხუსტოს მსგავსად „ტაძრის“ შენების იდეითაა შეპყრობილი. შენობა მთლიანად დაგვათვალიერებინა და აგვიხსნა სად იქნება ღია და დახურული გალერეები, სამრევლო, ბიბლიოთეკა. სურს, რომ ზამთრის დადგომამდე დაასრულოს მთავარი გუმბათი.

 

 

მთავარი გუმბათი 40 მეტრის დიამეტრისაა. ჯერ კიდევ გადაუხურავია, თუმცა მის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანას 30 წელი დასჭირდა. დაუხურავია ნაგებობის დანარჩენი 27 პატარა გუმბათიც, რადგან დონ ხუსტოსა და ანხელის გარდა, მშენებლობაზე მუდმივად არავინ მუშაობს.

ანხელ ლოპესიც - „ვმუშაობთ ყოველ დღე. უამრავი რამეა გასაკეთებელი, მაგრამ დამოკიდებულები ვართ  ბევრ რამეზე, ამინდზე, თუ რამდენი ადამიანი მოვა დასახმარებლად, რა მასალის ყიდვის საშუალებას მოგვცემს ფინანსები და სხვ. ახლა მუდმივად მეხმარება ერთი ახალგაზრდა, ხშირად მოდის მეორე ასაკოვანი მამაკაცი. მოდიან არა მარტო ადგილობრივები, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც, ჩინეთიდანაც კი. ვაშენებთ იმის მიხედვით, რა მასალის შეძენის თანხაც გვაქვს, ამიტომაც არის, რომ „ტაძარში“ არც ერთი ნაწილი არ არის დასრულებული“.

 

უნებართვოდ, შიშველი ხელებით დაწყებული ეს იდეა, დღეს პატარა ქალაქისთვის მეხორადა დელ კამპოსთვისმთავარ ტურისტულ ატრაქციონადაც იქცა.

მთავარ ხუროთმოძღვარს კი იმედი აქვს, რომ მისი ეკლესია ერთ დღესაც დასრულდება და იქ წირვა ლოცვის ჩატარება გახდება შესაძლებელი. თუმცა როდის - ამ კითხვაზე პასუხი თავადაც არ აქვს:

დონ ხუსტო გალეგო - „არ ვიცი როდის დავამთავრდეთ. მე მჯერა განგების და როცა ის მოისურვებს მაშინ დასრულდება ამ ეკლესიის მშენებლობა.“

ესპანურიდან თარგმანში მაკა დარასელია დაგვეხმარა.

ფოტოების ავტორი - ქეთევან ბერაია

ფოტოგალერეა
წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი