logo_geo
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
- +

22 სექტემბერი. 2017. 22:11


სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) კვლავ უდიდეს კოსმოსურ საიდუმლოდ რჩება. ამ დრომდე არ ვიცით, რას წარმოადგენს ისინი, რადიოტელესკოპებს კი მათი წარმოშობის მხოლოდ რამდენიმე წყარო აქვთ გამოვლენილი.


თუმცა, როგორც ირკვევა, ეს სიგნალები შეიძლება არც თუ ისე იშვიათია, როგორც ჩვენ ვფიქრობთ - შესაძლოა, მთელ დაკვირვებად სამყაროში ისინი ყოველ წამში ერთხელ გამოიყოფა. 


„თუ ჩვენი მოსაზრება მართებულია და FRB ნებისმიერ მოცემულ დროს ასეთი მაღალი მაჩვენებლით ხდება, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ცა, რომელიც ისე ციმციმებს, თითქოს პაპარაცები უღებდნენ ფოტოებს რომელიმე ცნობილ ადამიანს", - ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის უფროსი მკვლევარი მარია ფიალკოვი.

 

„მაგრამ ამ სინათლეს ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს ანთებები რადიოტალღების სახით მოდის".


სწრაფ რადიოსიგნალთა დიდი ნაწილის წყარო მხოლოდ ერთხელ დააფიქსირეს. ისინი უკიდურესად მძლავრი რადიოიმპულსებია და მხოლოდ მილიწამებს გრძელდება. შეუძლებელია მათი პროგნოზირება და იმის გამო, რომ ხდება დროის ასე მცირე მონაკვეთში და არ აქვს განმეორებადი ხასიათი, მათი თვალთვალი და წყაროს მიგნება ან გამომწვევი მიზეზის დადგენა თითქმის შეუძლებელია. 


თუმცა, არსებობს ერთი განსაკუთრებული გამონაკლისი - სიგნალთა წყარო FRB 121102, რომელიც პირველად 2002 წელს დააფიქსირეს. წლების განმავლობაში, დაიჭირეს მისგან მომავალი 34 გასაოცარი სიგნალი, რის საფუძველზეც, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სიგნალთა წყარო ჩვენგან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ერთ-ერთ ჯუჯა გალაქტიკაში მდებარეობს.


ამ წლის აგვისტოში, ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საზოგადოებას ამცნეს, რომ სულ რაღაც 5 საათის განმავლობაში, დააფიქსირეს FRB 121102-დან მომდინარე 15 უმძლავრესი სწრაფი რადიოსიგნალი.


ჯერჯერობით არ ვიცით, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყოველივე, მაგრამ ფიალკოვი და მისი კოლეგა ავი ლოები შენიშნავენ: ხომ შეიძლება, რომ FRB 121102 სულაც არაა მარტოდმარტო და მხოლოდ ერთ-ერთი წარმომადგენელია სხვა უამრავი FRB-სი?


მათი მოდელის მიხედვით, დაბალი სიხშირის ტელესკოპებს FRB-ების დაფიქსირება უნდა შეეძლოთ ყოველ წამში ერთხელ, 50MHz - 3,5GH სიხშირეთა დიაპაზონში, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს მომავლის ტელესკოპთათვის.


მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ამუშავდა ტელესკოპი Australian Square Kilometre Array Pathfinder-ი, რომელმაც უკვე დააფიქსირა სამი იდუმალი რადიოსიგნალი; აღსანიშნავია, რომ იგი თავისი შესაძლებლობების ჯერ მხოლოდ მეოთხედს იყენებს. 


2018 წლიდან დაიწყება ტელესკოპთა ქსელ Square Kilometre Array-ს მშენებლობა; ქსელი განთავსდება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ის გაცილებით მძლავრი იქნება და აღიჭურვება დაბალსიხშირიანი აპერტურით; მას შესაძლებლობა ექნება დააფიქსიროს ძალიან დაბალი სიხშირის სიგნალები 50MHz - 3,5GH დიაპაზონში. 


„მაშინ, როდესაც ფინჯან ყავას სვამთ, შეიძლება სადღაც, სამყაროში, ასობით FRB დაჰქროდეს. თუკი მათ თუნდაც მხოლოდ მცირე ნაწილს შევისწავლით საკმარისად, დანამდვილებით ავხდით ფარდას მათ წარმომავლობას", - ამბობს ავი ლოები.


FRB-თა გამომწვევი მიზეზების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს; მაგალითად, შავი ხვრელები ან ნეიტრონული ვარსკვლავები. შესაძლოა ეს პულსარებიც იყოს, მაგრამ პულსარები როგორც წესი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რეგულარულია. შეიძლება მათ წარმოქმნიდეს მაგნეტარებიც - ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპი ძალიან მძლავრი მაგნიტური ველით; ცნობილია, რომ ისინი გიგანტურ ანთებებს გამოყოფენ.


ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ვარაუდობს, რომ სწრაფ რადიოსიგნალებს შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციები იყენებდნენ თავიანთ ხომალდთა სამართავად.


მკვლევართა თქმით, რაც არ უნდა იყოს ისინი, მათი გაშიფვრა დიდად დაგვეხმარება გავარკვიოთ  სამყაროს წარმოშობა და ჩავწვდეთ რეიონიზაციის ეპოქის არსს, როდესაც ძალიან ადრეულ სამყაროში, ვარსკვლავთშორისი სივრცე და პირველადი წყალბადი იონიზებული გახდა. თუ როგორ მოხდა ეს ყოველივე, ჯერჯერობით არ ვიცით.


„სწრაფი რადიოსიგნალები სინათლის წარმოუდგენლად მძლავრი ანთებებია, რომელთაც შეუძლიათ შეაღწიონ ამ ბურუსში (ვარსკვლავთშორისი სივრცე) და გაიარონ დაუჯერებლად დიდი მანძილი. ეს კი საშუალებას გვაძლევს სრულიად ახალი გზით შევისწავლოთ სამყაროს სიღრმეები", - ამბობს ფიალკოვი.


სწრაფი რადიოიმპულსები ჩვენ მიერ სამყაროში ამ დრომდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ფეთქებადი ფენომენია. სულ რაღაც მილიწამებში, მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ იმდენივე ენერგია, რამდენსაც 500 მილიონი მზე გამოიმუშავებდა.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი