logo_geo
პროვინციალიზმის ფსიქოლოგია
- +

23 სექტემბერი. 2017. 00:13


ლექსიკონებში რომ ჩაიხედოთ, პროვინციალიზმი ნიშნავს ჩამორჩენილობას და ინტერესთა შეზღუდულობას. ეს ყველაფერი მოდის იქიდან, რომ ძველ დროში პროვინციებში მცხოვრები ადამიანები საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ თანამედროვე ცხოვრებას. ეს გამოიხატებოდა ჩაცმულობაში, მეტყველებაში, ტექნიკაში, აზროვნების სტილში და ა.შ. გამომდინარე აქედან, სნობმა ქალაქელებმა საკუთარი სტატუსის ხაზგასასმელად გამოყვეს ადამიანები რომლებიც განსხვავდებოდნენ მათგან და დაარქვეს მათ პროვინციალები. საუკუნეების შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა.


დღეს შეგნებული ადამიანები თანხმდებიან, რომ პროვინციალიზმი აღარ არის დემოგრაფია, ეს არის აზროვნების და ქცევის სტილი. ამიტომ დღეს აზრი აღარ აქვს საიდან ხარ, ქალაქიდან თუ სოფლიდან, მთავარია როგორ აზროვნებ და როგორ იქცევი. თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ მაინც ვეძახით ჩამოსულებს სოფლელებს და პროვინციალებს.  ეს არის ფაქტი, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ დემოგრაფია აქ არაფერ შუაშია. ისევ ქცევა და აზროვნების სტილი.


არსებობს ქცევები რომლებიც აღიქმება როგორც პროვინციალური და არსებობს ქცევები რომლებიც არის პროვინციალური. ამჯერად რეალურ პროვინციალიზმზე ვისაუბროთ.


1. პროვინციალიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელია, საკუთარი თავის უარყოფა. პროვინციალიზმს ახასიათებს ახალი იდენტობის შექმნა და ძველის უარყოფა. თითქოს მათ საერთო არ ქონდეთ ერთმანეთთან. მაგალითისთვის, როდესაც იკვეთება ფესვებთან კავშირი, იწყება თავის მართლება.


2. მეორე უკიდურესობაა როდესაც ადამიანები ცდილობენ მოახდინონ თავიანთი წარმოშობის დემონსტრირება ლამის ყველგან და ყველაფერში -  რათა დააჯერონ სხვებს და პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ეს არ წარმოადგენს პრობლემას.


3. აქვეა მესამე ქცევა, როდესაც გუშინ ჩამოსულები დღეს ჩამოსულებს ეძახიან ჩამოსულებს. პირველები ძალიან შეწუხებულები არიან იმით, რომ მეორეებმა აავსეს ქალაქი. არადა წარსულში მეზობლები იყვნენ.


4. პროვინციული საქციელია როდესაც ადამიანი ცდილობს არ ჩამორჩეს მოდას, არა იმიტომ რომ მას სჯერა მოდის, ეგ არაფერ შუაშია, იმიტომ რომ იგი ფიქრობს, რომ ასეა საჭირო. გინდა არ გინდა უნდა იყო მოდური. აი სწორედ ეს დამოკიდებულება განსაზღვრავს ასეთი ადამიანების გაუაზრებელ არჩევანს, რაც ხშირად კარიკატურულ სურათებს ქმნის.


5. რომ გავაგრძელოთ თემა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ პროვინციალიზმს ახასიათებს სტატუსის მატერიალური გამოხატულება - სტატუსის ყიდვა. ასეთ ადამიანებს გონიათ, რომ ყველაზე ძვირადღირებული ნივთების შეძენით, აღარ იქნებიან ისინი ვინც იყვნენ ორი დღის წინ. ამიტომაც ყველაზე ძვირადღირებული მანქანებით და ტელეფონებით ცდილობენ  ძველი მე ახალით ჩაანაცვლონ. ამას ქვია კომპენსატორული ქცევა.


ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ აქ მთავარი შენაძენი კი არ არის - აქ მთავარია შენაძენის სხვებისთვის დემონსტრირება. პროვინციალებისთვის ნივთების დემონსტრირება რიტუალურ ხასიათს ატარებს. რადგან პროვინციალი არასოდეს ყიდულობს თავისთვის - ის ყიდულობს სხვების დასანახად.


6. სუფთა პროვინციალური ქცევაა საზოგადოების მოსყიდვა  და  მათთვის ხარკის გადახდა. რაც უფრო მეტ ფულს დავახარჯავ სხვებს და მეტ პატივს ვცემ მათ, მით უფრო ადვილად მიმიღებენ თავიანთ წრეში.


7. პროვინციალური ქცევაა როდესაც საკუთარი პიროვნების წარმოჩენას ცდილობ არა პიროვნული თვისებებით, არამედ ნივთებით. ეს ალბათ ყველაზე დასაძრახი რამ არის პროვინციალურ ქცევაში.


8. პროვინციალიზმი ძალიან კარგად ჩანს ზემოთ მოყვანილი მატერიალური კეთილდღეობის შეძენაში  - როდესაც მისი შეძენის საშუალება თან  გაქვს და თან არ გაქვს. მაგალითად  მდიდრული ქორწილისთვის აღებული უზარმაზარი სესხები, ბოლო მოდელი ტელეფონის ყიდვა და ამავდროულად ტაქსის ფულის უქონლობა.  პროვინციალიზმმა არ იცის, რომ მსგავსი ტიპის შენაძენები და რეალური შესაძლებლობა ძირითადად თანხვედრაში უნდა იყოს.


9. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, პროვინციალიზმი არის გაუნათლებლობა. სწორედ გაუნათლებლობის გამო ხდება ის ყველაფერი რაზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი. განათლებულმა ადამიანმა იცის, რომ სასურველი ცვლილებები არ ხდება საკუთარი თავის უარყოფით ან კიდევ ძვირადღირებული ნივთების შეძენით - ცვლილებები ხდება განათლებით.

 


წყარო http://sabachikhladze.blogspot.com

 

 

 

 

 

right_banner
big_banner
არქივი