logo_geo
მიწათმოქმედების გაჩენა კომეტის ჩამოვარდნის შედეგად?!
- +

6 ოქტომბერი. 2017. 11:39



თურქეთში, ერთ-ერთ უძველეს და სახელგანთქმულ ტაძარში აღმოჩენილი სიმბოლოები მეტყველებენ, რომ დედამიწას 11 000 წლის წინ კომეტა შეეჯახა. გამანადგურებელ მოვლენას მოჰყვა მკვეთრი აცივება, აგრეთვე მამონტების გადაშენება, თუმცა მან ცივილიზაციების სწრაფ აღმავლობას შეუწყო ხელი.


ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები სწავლობდნენ თურქეთში, გიობექლი-თეფეს ტაძარში, ქვის სვეტებზე გამოსახულ იდუმალ სიმბოლოებს, რათა გაერკვიათ, ხომ არ აღნიშნავდნენ ისინი თანავარსკვლავედებს. მათი შეფასებით, დედამიწას კომეტის ფრაგმენტების გროვა დაეცა ე.წ. მცირე გამყინვარების დროს, რამაც გავლენა მოახდინა მთლიანად კაცობრიობის ისტორიის მსვლელობაზე.





ფოტო: გამოსახულებები გიობექლი-თეფეს ქვებზე



დღემდე მიიჩნევდნენ, რომ გიობექლი-თეფე სტოუნჰენჯამდე თითქმის 6 ათასი წლით ადრე, დაახლოებით 9 ათასი წლის წინ ააგეს. თუმცა კვლევებმა გიობექლი-თეფე კიდევ 2 ათასი წლით „დააბერა". 


სიმბოლოები გამოსახულია „ფასკუნჯის ქვის" სახელით ცნობილ სვეტზე, სადაც ამოკვეთილია სხვადასხვა ცხოველი სპეციფიკურ პოზაში. მეცნიერები სიმბოლოებზე დიდხანს იმტვრევდნენ თავს, მაგრამ როგორც მარტინ სვიტმენმა და მისმა ინჟინრების ჯგუფმა განსაზღვრეს, ისინი ასტრონომიულ თანავარსკვლავედებს შეესაბამება. 







იმის გასარკვევად, მართლაც დაეცა თუ არა კომეტა დედამიწას, მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს, რათა დაედგინათ, დაემთხვეოდა თუ არა „ფასკუნჯის ქვაზე" დატანილი ფიგურები სპეციფიკურ თარიღს. აღმოჩნდა, რომ საძიებელი მოვლენა დაახლოებით ძვ.წ. 10 950 წელს უნდა მომხდარიყო. გამოთვლების ცდომილება 250 წელია. 







მოულოდნელი აცივების წინ, ველური ხორბლისა და ქერით დაფარულმა უკიდეგანო სივრცეებმა მომთაბარე მონადირეებს საშუალება მისცა, მუდმივ ადგილებში დაბანაკებულიყვნენ. როცა ციური სხეულის დარტყმის გამო ჰავა შეიცვალა და მკვეთრად აცივდა, მუდმივ ადგილებში დამკვიდრებული ადამიანთა ჯგუფები იძულებული გახდნენ, უფრო მსხვილ საზოგადოებებად გაერთიანებულიყვნენ და შეემუშავებინათ მცენარეების ხელოვნურად გახარების, მორწყვისა და სელექციის მეთოდები. დაიწყო მიწათმოქმედება, გაჩნდა პირველი ქალაქები.







მარტინ სვიტმენი, ედინბურგის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი: „პალეოლითის ხანის მღვიმის მხატვრობის მრავალი ნიმუში და არტეფაქტი, ცხოველთა მსგავსი გამოსახულებებით თუ სხვა განმეორებადი სიმბოლოებით, გვაფიქრებინებს, რომ კომეტა ძალიან კარგად ჩანდა და ღამეულ ცაზე დომინირებდა. გასაკვირი არ არის, რომ უძველესი ხალხი მას სხვადასხვა ორნამენტითა თუ მხატვრობით გამოსახავდა".





ფოტო: გიობექლი-თეფე 11 ათასი წლისაა




 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი