logo_geo
როგორ გამოვიყენოთ პიტნის ფერი ჩვენი სახლის ინტერიერის დიზაინში?
- +

9 ოქტომბერი. 2017. 15:13


 

პიტნის ფერი ბოლო პერიოდში გახდა პოპულარული. ის გამოიყენება როგორც ტანსაცმლის დიზაინში, ასევე მასალების, ავეჯის და სხვადასხვა აქსესუარების წარმოებაშიც. ეს ფერი სიკაშკაშესა და სიმსუბუქესთან ასოცირდება. ატმოსფეროს განახლება მარტივად შეგიძლიათ, თუ ნებისმიერ, პატარა დეტალს პიტნისფრად შეღებავთ.






ერთი შეხედვით, პიტნის ფერი არცთუ ისე მრავალფეროვანი ჩანს, მაგრამ მისი ბევრი ტონი გაგაოცებთ. ეს ფერი დადებითად აისახება ადამიანის კეთილგანწყობასა და სიმშვიდეზე. ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ პიტნის ფერი შეგიძლიათ ნებისმიერ სივრცეში გამოიყენოთ, ეს იქნება შემოსასვლელი, სამზარეულო, საბავშვო თუ საძინებელი ოთახი. თუ თქვენს სახლს მზე კარგად ადგება, ეს ფერი ზედმეტ სითბოს გაანეიტრალებს. ის არაჩვეულებრივად ეხამება ნეიტრალურ ფერებს: თეთრს, ნაცრისფერს, ყავისფერს და კრემისფერს. მაგალითად, თეთრისა და პიტნის ფერის კომბინაცია უნივერსალურია. რბილი ჩრდილები იდეალურია საძინებლისა და საბავშვო ოთახისთვის. ამით განახლებულ დიზაინს შექმნით. ნაცრისფერისა და პიტნისფერის ტანდემი კი ჰარმონიულად ჯდება როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციულ სტილში. კრემისფერის მთელი პალიტრა კი მთლიანად შეესაბამება პიტნის ფერის ტონს. ცივი და თბილი ფერების გამა ორიგინალურ სტილს ქმნის. საინტერესო შედეგი შეგიძლიათ მიიღოთ პიტნის ფერისა და ხის მასალების ერთმანეთთან დაკავშირებით. მიღებული შედეგი ინტერიერის დიზაინის ნებისმიერ მიმართულებას უხდება - კლასიკურიდან დაწყებული ულტრათანამედროვე სტილით დამთავრებული.








როგორც უკვე ვთქვით, პიტნის ფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტურაში, დეკორაციებში , ავეჯის გაფორმებაში. მაგალითად, მისაღებ ოთახში კედლებს ზუსტად ამ ფერში შეხვდებით. ასევე ღია ფერის ავეჯი ნათელი პიტნის ფერის ჩრდილებით ნაზ და მარტივ გამოსახულებას ქმნის, რაც პატარა მისაღები ოთახისთვის იდეალურია. ხოლო მუქი ფერის ავეჯი და ამავდროულად, პიტნის ფერი კედლები, დინამიკური და კონტრასტულია. სამზარეულოში ამ ფერს ძირითადად ავეჯის გასაფორმებლად იყენებენ. რადგანაც ამ ოთახის ფორმირებასა და ხასიათში ძირითადად კარადები წარმოგვიდგება, ღია პიტნის ფერი ქანთრის სტილს შექმნის. სააბაზანოში კი ეს ფერი ინტერიერს ყველაზე მეტად შეეფერება. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მთლიანი კედლების, ასევე ნიუანსების შესაღებად. რაც შეეხება საბავშვო ოთახს, პიტნის ფერი ბავშვის ფსიქოლოგიაზე დადებითად აისახება. მისი ეფექტურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აქტიურები არიან. გამოიყენეთ ნათელი ან მონაცრისფრო პიტნის ფერი და შექმენით მშვიდი და ნეიტრალური ფონი.





წყარო: metra.ge 


 

right_banner
big_banner
არქივი