logo_geo
რატომ არის ზოგიერთი ქალი სიყვარულში განსაკუთრებით იღბლიანი?
- +

16 ოქტომბერი. 2017. 21:54


ასეთ ქალებს აქვთ სამი განსაკუთრებული თვისება და, დიახ, ამ თვისებებით, მიუხედავად გარეგნობისა, მაგნიტივით იზიდავენ მამაკაცებს, - ერთხმად გვიმტკიცებენ ფსიქოლოგები. მაინც, რა არის ეს სამი თვისება და რა არგუმენტები აქვთ ფსიქოლოგებს?


თვისება №1: იღბლიანი ქალი უფრო გახსნილია ურთიერთობისთვის


ბრიტანელმა ფსიქოლოგმა რიჩარდ ვაიზმანმა, რომელიც იღბლიანობის ფენომენს იკვლევს, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. მან შეკრიბა ადამიანები და ორ ჯგუფად დაყო - ერთში გადაანაწილა ისინი, ვინც თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს და მეორეში კი ისინი, ვინც დარწმუნებულია საკუთარ უიღბლობაში. ორივე ჯგუფს ერთნაირი დავალება მისცა: უნდა დაეთვალათ გაზეთში ფოტოების რაოდენობა.


უიღბლოებს დავალების შესასრულებლად 2 წუთამდე დასჭირდათ. იღბლიანებს კი - რამდენიმე წამი, რადგან გაზეთის მეორე გვერდზევე მსხვილი შრიფტით იყო დაბეჭდილი: „შეწყვიტე დათვლა. ამ გაზეთში 43 ფოტოა".  უიღბლოებმა, უბრალოდ, ვერც კი შეამჩნიეს ეს მინიშნება.


იღბალი - ეს არ არის სტუმარი, რომელიც კარზე თავად მოგიკაკუნებთ, -  ამბობს ფსიქოლოგი ვაიზმანი, - ეს არის უნარი, დაინახო ის აუცილებელი მინიშნება, რომელსაც ცხოვრება გიგზავნით.


წარმოიდგინეთ, რომ თვითმფრინავში ზიხართ და დანიშნულების ადგილამდე 3 საათი უნდა იფრინოთ. თქვენ შეგიძლიათ ეს დრო პლანშეტში ცხვირჩარგულმა გაატაროთ ან გვერდით მჯდომ გოგოს გამოელაპარაკოთ და გაარკვიოთ, რომ თურმე მას აეროპორტში ძმა უნდა დახვდეს, რომელიც უცოლოა და წარმატებულიც. თანაც აღმოჩნდება, რომ თქვენი სასტუმრო მათი სახლიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ისინი შემოგთავაზებენ სასტუმრომდე წაყვანას. და შემდეგ მოვლენებიც თავისთავად განვითარდება.


ჰოლივუდურ სცენარს ჰგავს? დიახ, ჰგავს, მაგრამ თუ თქვენ ირგვლივ არსებულ სამყაროში თავად არ მოინდომებთ შებიჯებას, მსგავსი ისტორიები თქვენთვის ყოველთვის კინოსცენარად დარჩება.


 

თვისება №2: იღბლიან ქალს აქვს მოქნილი აზროვნება


ფსიქოლოგთა აზრით, სიყვარულში წარმატებას ძალიან უშლის ხელს ურთიერთობის მიღებულ სცენართან მიჯაჭვულობა. ბევრ ქალის გონებაში მტკიცედაა ჩაბეჭდილი, როგორ „იძებნება" სიყვარული, რა ვითარებაში და რა ადგილას არის შესაძლებელი საბედისწერო შეხვედრა, როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები. და მათი სცენარი უალტერნატივოა. რაც ამ სცენარს არ ერგება, ის მომენტალურად უარყოფილია.


ალბათ, ხშირად გსმენიათ ასეთი უკმაყოფილო ფრაზა: „პირველ პაემანზე ყვავილების გარეშე მოვიდა". ამით უკვე ამ კონკრეტულ მამაკაცს გამოტანილი აქვს განაჩენი - ის ძუნწი და გოიმია.


ფსიქოლოგები გვირჩევენ, საკუთარი აღქმა ფილტრში გავატაროთ, სადაც შეიძლება ვიღაცამ, თქვენდა გასაკვირად, ადვილად გაიაროს. გაფილტვრის დროს კი დაფიქრდით: რა გსურთ რეალურად, რას ეძებთ. იქნებ იმასაც მიხვდეთ, რომ ბედნიერება ცხვირწინ გაქვთ, თქვენ კი ვერ ხედავთ იმ „სწორ ადამიანს", ვისაც შეუძლია: „კონფლიქტი სიტყვით მოაგვაროს და არა მუშტებით", „უყვარს ბავშვები და ცხოველები", „არ სჭირდება გარშემომყოფთა ბოროტად გამოყენება თავისი ადგილის დასამკვიდრებლად".


 

თვისება №3. იღბლიანი ქალი არასდროს არის დაძაბული, და რომც იყოს, ვერასდროს შეამჩნევთ


ფსიქოლოგებს უყვართ ასეთი ხუმრობა: „ნუ დაადგებით ჩაიდანს თავზე და ის გაცილებით სწრაფად ადუღდება", თანაც იმასაც ამბობენ, რომ ეს წესი ურთიერთობაზეც ვრცელდება.


ქალები, რომლებსაც ძალიან სურთ გათხოვება, დადიან კულინარიულ კურსებზე, კითხულობენ წიგნებს ურთიერთობის ფსიქოლოგიაზე, თითქოს ჯინაზე, უფრო ხშირად რჩებიან მარტოობაში.


ფსიქოლოგები ამას ასე ხსნიან: „როცა ქალი მთელი არსებით ეძებს სიყვარულს და ვერ პოულობს, გამუდმებულად სტრესის მდგომარეობაშია. ამ დაძაბულობას გარშემომყოფებიც გრძნობენ, მათ შორის - მამაკაცები. მათთვის ასეთ ქალებთან ურთიერთობა „მძიმეა", „მძიმე" ურთიერთობას კი კაცები ძალიან სწრაფად ამთავრებენ. დასკვნა თავისთავად ცხადი ხდება: გინდათ ურთიერთობა? მაშინ ნუ დაადგებით თავზე ჩაიდანს! დაე, ის თავად ადუღდეს, მანამდე კი თქვენ, უბრალოდ, თქვენს ცხოვრებას მიხედეთ. 

ოღონდ, ნუ გექნებათ ასეთი ცინიკური შეფასება: „კი, როგორ არა - დავტკბები მარტოობით, დავიწყებ ჩინურის სწავლას, ვივლი სპორტზე, ვიმოგზაურებ დაქალებთან ერთად, ამასობაში გამიმართლებს, სადღაც გზაზე  ჩემი ოცნების მამაკაცსაც შევხვდები და დაიწყება ნამდვილი ცხოვრება". 

 

აი, ფსიქოლოგები კი გვარწმუნებენ, რომ არასდროს გაგვიმართლებს, სანამ თავად არ მივხვდებით, რომ სწავლა, სპორტი და დაქალები - სწორედ ეს არის ნამდვილი ცხოვრება.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი