logo_geo
ამერიკელი მულტიმილიონერი ქალი შვრიის ცივი ფაფით იკვებებოდა და ტანს არასოდეს იბანდა
- +

17 ოქტომბერი. 2017. 13:01



ჰენრიეტა გრინი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძუნწი ადამიანი. ეს ქალი წელიწადში რამდენიმე მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა და საოცრად ძუნწი იყო.


ყოველთვის ეცვა ერთი და იგივე გახუნებული კაბა, რომელსაც არასოდეს რეცხავდა, ახალ საცვალს კი მხოლოდ მაშინ ყიდულობდა, როცა ძველი ტანზე შემოალპებოდა.


მილიონერის ამ „სურნელებას" ამძაფრებდა ხახვის სუნი, რომელიც პირიდან ამოსდიოდა - ხახვს გამუდმებით ღეჭავდა, - დაავადებისგან იცავსო! როცა საცვლის ან ბავშვებისთვის ტანსაცმლის ყიდვაზე მიდგებოდა საქმე, ყველაფერს მეძველმანისგან იძენდა და ყოველ ცენტზე ევაჭრებოდა გამყიდველს.


ქალბატონი გრინის ქონება XX საუკუნის დასაწყისში (დაიბადა 1834 წელს, გარდაიცვალა 1916 წელს) 100-დან 200 მილიონი დოლარი იყო, რომელიც, დღევანდელ კურსთან შეფარდებით, მილიარდობით დოლარს უდრის.


და ამ მილიარდერმა ქალმა თავისი ვაჟი, რომელმაც შემთხვევით ფეხი მოიტეხა, გადაყრილი ტანსაცმლით შემოსა, თავადაც ძველმანებში გამოეწყო და ღარიბების საავადმყოფოს მიაკითხა შეღავათიანი სამედიცინო დახმარების მისაღებად. მაგრამ იქ იცნეს ამერიკის უმდიდრესი ქალი და უკან გააბრუნეს. მაშინ თავად დაუწყო მკურნალობა შვილს და, რომ არა მამა, რომელმაც ფეხმოტეხილი ბიჭი შესაფერის კლინიკაში მიიყვანა, სადაც ამპუტაცია გაუკეთეს, ყმაწვილი, რომელსაც სისხლის მოწამვლა დაეწყო, დაიღუპებოდა.


უყვარდა კი გრინს ვინმე? უყვარდა: საკუთარი ძაღლი. „კუდს მიქიცინებსო, - ამბობდა ეს მოარული სიძუნწე, - ერთგულებით სავსე თვალებით მიყურებს, იმიტომ კი არა, რომ მილიონები მაქვს, არამედ იმიტომ, რომ პატრონი ვარ".


იყო მილიონების პატრონი და ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდა, უფრო იაფფასიანში.


თან შეცვლილი გვარით ჩასახლდებოდა სხვის გავერანებულ ოთხ კედელში.


გრინის ბიოგრაფები წერენ, რომ იგი თავის მილიონებს გონივრულად ამუშავებდა: ზუსტად ხვდებოდა ბაზრის ტენდენციებისა და ფასიანი ქაღალდების რიტმის ცვალებადობას. ინფორმაცია, რომელ აქციებსა და ფასიან ქაღალდებს ყიდულობდა ან ყიდდა ეს ქალბატონი, მყისვე ხდებოდა აქტუალური და ოქროს ფასი ედებოდა.


გარდაიცვალა ისე, როგორც უნდა გარდაცვლილიყო: ტვინში სისხლის ჩაქცევით რძის ფასზე მორიგი გაცხარებული ვაჭრობისას.


ვაჟმა თავისი წილი ქონება გაფლანგა და გაანიავა, ქალიშვილმა კი მემკვიდრეობით მიღებული მილიონები ქველმოქმედების კეთილშობილურ საქმეს მოახმარა.



 

right_banner
big_banner
არქივი