logo_geo
ქალს „პატრონის“ გარეშე მეძავად თვლიან – მარტოხელა დედის წერილი
- +

8 დეკემბერი. 2017. 12:32



გული ამიჩქარდა, თეთრ კანზე, რომელიც ხელის შეხებაზეც კი წითლდება, მკვეთრად ეტყობოდა პულსის თამაში. თვალიც კი ავარიდე, არ მინდოდა, შეემჩნია, როგორ ვუცქერდი. მოთმინებით ველოდებოდი, როდის გადაიტანდა მზერას სხვა საგანზე, „შემთხვევით" რომ შემეხედა. ასე გრძელდებოდა დიდ ხანს, თუმცა ახალგაზრდა სულსწრაფი ხარ, მოუთმენლობის მორევში ირევი და ყველაფერი მაშინვე გინდა, იმ წამს! წარსულიდან გამოყოლილი კომპლექსები მაიძულებენ, დავფიქრდე, დავფიქრდე და არაფერი გადავწყვიტო. პირველმა არჩევანმა არჩევანის უფლება წამართვა. აღარ მაქვს უფლება, მიყვარდეს ის, ვინც მინდა. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, სიყვარულზე მეტად საჭიროება რომ ხდება ურთიერთობები. თვალებზე გავჩერდი, ისინი ჩემი იყო, დროებით, მაგრამ იყო. თვალები, რომლებმაც სიყვარული თუ არა, შვილი და დიდი გამოცდილება მაჩუქა. დიახ, ჩემს ყოფილ მეუღლეზე გწერთ.


სოფელში გავრცელებულ სტერეოტიპებს დღესასწაულზე დაკლული ცხვარივით შემწირეს. დედაჩემის წყალობით, შეყვარებულობის პერიოდშივე, ცოლისთვის დამახასიათებელი რეფლექსები მქონდა. ვერც გავერკვიე, იყო თუ არა სიყვარული, რომ აწ უკვე ყოფილმა ქმარმა ბეჭედი გამიკეთა და ხელის ერთი მკვეთრი მოძრაობით, ჩემს ბედზე შავი საღებავი გადაასხა. არანაირი ოცნება, იმედები, და რაც მთავარია, სიყვარული. ჩემს ბედში სხვებიც იყვნენ, მამშვიდებდა ის ფაქტი, რომ ასეთ პრობლემას მხოლოდ მე არ ვიტანდი მხრებით. ერთად შეკრებილები კი, ვსაუბრობდით ქალებზე, თუ როგორ დაანგრიეს ოჯახი და გვეცოდებოდა, ეს უკანასკნელი სამყაროს დასასრული გვეგონა. პირველად ქუჩებში ერთად სიარული, სიყვარული, ლტოლვა და პირველი სიყვარულისთვის დამახასიათებელი სხეულის კანკალი ქრება, მის დანახვაზე. შემდეგ ყოველდღიური ცხოვრება, ყველანაირი მოულოდნელობის გარეშე, ერთადერთი მოულოდნელად რაც მხვდებოდა თვეების შემდეგ, გაბოროტებული ქმრის წიხლი იყო. პირველი დარტყმა მოულოდნელია, გაოცებული უყურებ და ვერ ხვდები, ფიქრობ: ნუთუ ეს ის მამაკაცია, ცოტახნის წინ ლამაზ მომავალს რომ მიხატავდა და ენით სასწაულ მომავალს ქადაგებდა?


ერთადერთი, რასაც მაგ დროს აკეთებ, ელოდები, როდის დაიძინებს მამაკაცი, რომელიც ოდესღაც გიყვარდა, უცქერ სარკეში შენს თავს და დალურჯებულ ადგილებს თვალს არიდებ. გვერდით მიუწვები და საწოლის კიდეზე ხარ, არ გინდა, რომ შენი არსებობა იგრძნოს. თუმცა ყოველი პროტესტი უსარგებლოა, თუ მოუნდება, წყალსაც კი მოუტან, როდესაც ნაბახუსევზე შუაღამისას გაეღვიძება. ელოდები თბილ სიტყვას, კომპლიმენტს, და მაწანწალა ძაღლივით უყურებ საპნის ოპერაში ყურებამდე შეყვარებულ წყვილებს და შენი ბედნიერებაც სერიალთან ერთად მთავრდება. ახლა მხოლოდ გადარდებს ის, რაც მას უნდა, გამონაკლისი მხოლოდ საკვების მომზადება, სახლის დალაგება და სარეცხის დარეცხვაა. თითქოს ერთი უბედურება არ მყოფნიდა, ორსულობაც დაემატა. გაოგნებული გამოვედი გინეკოლოგის კაბინეტიდან და კიბეზე ჩამოვჯექი, არ ვიცოდი, გაუხარდებოდა თუ არა შვილის ყოლა იმ მამაკაცს, რომელსაც ცოლიც კი აღარ უყვარდა. საბედნიეროდ, გაუხარდა, თუმცა შვილად მხოლოდ ბიჭს მოიზრებდა. თავიდანვე გამორიცხა გოგოს ყოლის ვარიანტი და მთელი ოჯახიც ასე განაწყო. ახლა სხვა სადარდებელიც დამემატა, არ ეთხოვა აბორტი, თუკი ჩემი სოფლის კუდიანი დედაკაცი, თავისი ძველმოდური ხრიკებით დაასკვნიდა, რომ ჩემს მუცელში გოგო იქნებოდა. და ვაი რომ გამართლდა დედაბრის წინასწარმეტყველება.


ორსულობის პერიოდში, მომაკლდა ყურადღება, მე ხომ ახლა მუცლით გოგოს ვატარებდი, რომელსაც ოჯახი ვერაფერში გამოიყენებდა და მხოლოდ „ტყუილი სარჩენი იყო". შეიძლება ითქვას, რომ აქ დამთავრდა და დაიწყო ჩემი ცხოვრება თავიდან. ქმრის აგრესია შვილზეც, ჩემს გოგოზეც მოქმედებდა. ადამიანურ ცხოვრებას არ დავეძებდი, ვთვლიდი, რომ ეს ჩემი არჩევანი იყო და ოჯახს თავზე ლაფს ვერ დავასხამდი, უნდა მომეთმინა და ვყოფილიყავი მეუღლის ერთგული, მაგრამ ღმერთია მოწმე, ჩვენს დაუდევარ გადაწყვეტილებაში ბავშვის გარევა არ მინდოდა, მას ხომ არ აურჩევია მამა, რომელმაც ის მხოლოდ სქესის გამო შეიძულა და დედა, რომელსაც ამის მიუხედავად შეეძლო მასთან გაჩერება. შვილის პირველ ნევროზულ შეტევებზე დავტოვე სახლი. ღამით ჩავალაგე და დილით, სანამ ყველა გაიღვიძებდა, მე უკვე ქალაქის გზას ვედექი, მძინარე ბავშვით. ჩემს ბავშვობის მეგობარს შევეკედლე. ოჯახს, არც ჩემსას და მითუმეტეს არც ქმრისას არ დავმშვიდობებივარ, ჩემი სუსტი ბუნებიდან გამომდინარე, ადვილად გადამაფიქრებინებდნენ. ასე ბედის ანაბარა აღმოვჩნდი ქალაქში, ნახევრად მშიერ შვილთან ერთად.


მეგობრის დახმარებით, მალე მცირეშემოსავლიანი სამსახურიც დავიწყე. ჩასვლიდან მეორე კვირას, მშობლები ჩამოვიდნენ, ჩემი ქმრის ოჯახთან ერთად. მიმტკიცებდნენ, რომ მე ბედნიერად ვცხოვრობდი, მიუხედავად იმისა, რომ „ბედნიერი" ცხოვრების კვალი ჯერ ისევ მეტყობოდა სახეზე, მხრებზე და საერთოდ, მთელ ტანზე. დედამთილის განზრახვა ნათელი იყო, არ უნდოდა, მისი შვილის ცოლი ვინმეს მსუბუქი ნებისყოფის ქალად მოეხსენებინა. თუ წამიყვანდა, ერთი კვირა მომექცეოდნენ ტკბილად და მერე... მერე ისევ თავიდან. არც ჩემი ოჯახის მიზნები განსხვავდებოდა, მათ ჩემს ბედნიერებაზე მეტად, ჩემი ოჯახის შენარჩუნება უნდოდათ. მამაჩემმა სილაც კი გამაწნა, შეგულიანებულმა მომაძახა, რომ ასე მხოლოდ ქუჩის ქალები იქცევიან და ჩემთვის „პატრონი" აუცილებელი იყო. დედაჩემს ხმა არ გაუცია, ისიც ქალს „პატრონის" გარეშე, მეძავთან აიგივებდა. ხოლო ოჯახში ჩხუბი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ქალს დათმენის ვალდებულება აქვს. გადავხედე მათ და თავი სხვა პლანეტაზე მეგონა. მხოლოდ ჩემი შვილის დამშვიდებულმა თვალებმა, რომელიც მხოლოდ იმ დღეს ანერვიულდა, როდესაც ქმარმა ძალით გადაწყვიტა წავეყვანე, მაიძულა, შევწინააღმდეგებულიყავი და ქმარს საფერფლე ვესროლე, ნერვიულად რომ ყრიდა ნამწვებს. წავიდნენ, თან როგორ, სამუდამოდ!


მას შემდეგ არავის მოვუკითხივარ, მთელი სოფელი ახლა როგორც მეძავს, ისე მიცნობს. წლების შემდეგ სხვა ურთიერთობაც დავიწყე, თუმცა აღარასდროს გამმართლებია. მცირეწლოვანი შვილი, ჩემი გოგო, ყველასთვის დაბრკოლებად იქცა. ყურებამდეც რომ ვყვარებოდი, ოჯახამდე არასდროს მიდიოდა რომანი, მაინც გამოჩნდებოდა ვინმე, ან დედა, ან მამა, ან რომელიმე ნათესავი, რომელსაც „ჭკუაზე მოჰყავდა" ეს უკანასკნელი და ეს იყო კულმინაცია. ვერც ახლო-მახლო გავდიოდი თავისუფლად. ქუჩას გამოკერებული ბიჭები ერთმანეთს რაღაცას გადაულაპარაკებდნენ და ირონიული ღიმილით მაცილებდნენ ქუჩის თავიდან ქუჩის ბოლომდე. ახლა მარტო ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, რომ ან ბედნიერება უნდა ამერჩია, ან შვილი. თუმცა ასაკმა და გამოცდილებამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ შვილია ბედნიერება. მე ქუჩაშიც და სოფელშიც, უბრალოდ მეძავი ვარ.


ჩემს დანახვაზე გამორიცხავენ ცემის და ჩხუბის ვარიანტებს და თავისი ნებით დებენ გადაწყვეტილებას სასამართლოსავით, რომ მე ვიყავი ცუდი, ან ვღალატობდი, ან სულაც ვერ ვაკმაყოფილებდი, ბოლო ნაწილი შეგვიძლია გავშალოთ, ბევრი რამ იგულისხმება. არც არავინ არ მაკითხავს, ეს მათთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი „ცუდი" ცხოვრების. მოკლედ, ერთადერთი ნათელი წერტილი მხოლოდ ჩემი შვილია. რაც შეეხება ცუდს, ის მხოლოდ წელზე, შრამებად მატყვია.




წყარო: arilitv.com






 

right_banner
big_banner
არქივი