logo_geo
ტკიპები სისხლს დინოზავრებსაც წოვდნენ - აღმოჩენა 100 მლნ წლის წინანდელ ქარვის ნატეხში
- +

13 დეკემბერი. 2017. 22:04

 


მიანმარში აღმოჩენილი 99 მილიონი წლის წინანდელი ქარვის ნატეხის წყალობით, უკვე ხელთ გვაქვს მყარი მტკიცებულება, რომ ტკიპები ნამდვილად წოვდნენ დინოზავრთა სისხლს, რასაც მეცნიერები და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები აქამდეც პროგნოზირებდნენ.


ქარვის ნატეხში მლვლევრებმა იპოვეს ბუმბულს ჩაჭიდებული გაქვავებული ტკიპა, რომელიც უნდა ჰყოლოდა 145-66 მილიონი წლის წინანდელ, ცარცული პერიოდის რომელიღაც ბუმბულებიან დინოზავრს.


რომელიმე ცხოველის ნამარხთან ერთად მათი სისხლისმწოველი ბაღლინჯოს ნამარხის აღმოჩენა ძალიან იშვიათია. ეს ტკიპა უძველესია ამ დრომდე აღმოჩენილ მსგავს ნიმუშთა შორის. იქიდან გამომდინარე, რომ ტკიპა და ბუმბულებიანი დინოზავრი ერთი და იგივე ეპოქისაა, მტკიცდება მათ შორის არსებული კვებითი კავშირი.


„ტკიპები სახელგანთქმული, სისხლისმსმელი პარაზიტი ორგანიზმებია, რომლებსაც შემზარავი ეფექტი აქვთ ადამიანთა, შინაურ ცხოველთა, პირუტყვთა და ველურ ცხოველთა ჯანმრთელობაზე. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობდა მტკიცებულება ძალიან შორეულ წარსულში მათი როლის შესახებ", - ამბობს კვლევის ავტორი, ესპანეთის გეოლოგიური კვლევის (IGME) წარმომადგენელი ენრიკე პენიალვერი.


თუკი ოდესმე გინახავთ ფილმი „იურული პერიოდის პარკი", გემახსოვრებათ, რომ სცენარის მიხედვით, დინოზავრის დნმ-ის აღდგენა ხდება ქარვაში ჩაჭედილი სისხლისმსმელი მწერიდან.


მცენარეთა გაქვავებულ წვენში ჩაჭედილი და კარგად შემონახული ნიმუშების წყალობით, ვიცით, რომ ტკიპები, მწერები და სხვა სისხლისმსმელები დინოზავრების ეპოქაშიც არსებობდნენ, მაგრამ პასუხგაუცემელი რჩებოდა კითხვა, თუ რით იკვებებოდნენ ისინი.


იქიდან გამომდინარე, რაც დღევანდელი ბაღლინჯოების შესახებ ვიცით, სავარაუდოა, რომ მათი სისხლით კვების რაციონში დინოზვრებიც შედიოდნენ. თუმცა, ამ დრომდე ეს მხოლოდ ჰიპოთეზა იყო.


ამ ახალი აღმოჩენის შემთხვევაში, ქარვის ერთ ნატეხშია ჩაჭედილია დინოზავრის ნაშთები და ტკიპა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის არსებული კავშირი უკვე დამტკიცებულია, თუმცა იურული პარკის აღდგენა მაინც შეუძლებელია, რადგან ამისათვის, დნმ საკმარისად კარგად არაა შენახული.


მსგავსი აღმოჩენები ძალიან ბევრ ცნობას გვაწვდის დედამიწაზე დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ მობინადრე ძუძუმწოვრებისა და მწერების შესახებ.


„ნამარხთა ეს ნიმუშები გვეუბნება, რომ ჩვენ მიერ შესწავლილის მსგავსი ბუმბულები უკვე წარმოდგენილი იყო თეროპოდ დინოზავრთა ფართო დიაპაზონში, ჯგუფში, რომელიც მოიცავდა როგორც მიწაზე მორბენალ ფორმებს ფრენის უნარის გარეშე, ისე ფრინველის მსგავს დინოზავრებს, რომელთაც ფრენაც შეეძლოთ", - ამბობს რიკარდო პერეს დე ლა ფუენტე, მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ოქსფორდის უნივერსიტეტის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან.


„მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არ ვიცით, თუ რომელი სახეობის დინოზავრისგან იკვებებოდა ეს ტკიპა, ვიცით, რომ მიანმარში აღმოჩენილი ქარვის ეს ნატეხი შუა ცარცულ პერიოდს მიეკუთვნება, რაც ადასტურებს, რომ ბუმბულები არ ეკუთვნის თანამედროვე ფრინველს, როგორც ეს ნამარხებისა და მოლეკულური მტკიცებულებებიდან ჩანს თეროპოდთა გაცილებით გვიანდელ ევოლუციაში".


ქარვის კიდევ ერთ ნატეხში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ტკიპის ახალი სახეობა, რომელსაც Deinocroton draculi ანუ „დრაკულას საშინელი ტკიპა" უწოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, კავშირი დინოზავრის სისხლთან არაპირდაპირია - მიუხედავად იმისა, რომ ტკიპა სისხლითაა გამძღარი, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელ ცხოველს ეკუთვნის ეს სისხლი.


ის ფაქტი, რომ ეს ორი ტკიპა ერთად იყო შენახული ბუმბულებთან ერთად, მიუთითებს, რომ ისინი დინოზავრთა სისხლისმწოველნი უნდა ყოფილიყვნენ და არა ძუძუმწოვარების, რადგან ამ უკანასკნელთა ბეწვი ცარცული პერიოდის ქარვაში აღმოჩენილი არაა.


ეს გასაოცარი აღმოჩენა მთლიანად კარგად შემონახული ქარვის დამსახურებაა. მისი წყალობით ნათელი ხდება, რომ დინოზავრებს მართლაც ჰყოლიათ მომაბეზრებელი, სისხლისმწოველი პარაზიტები.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი