logo_geo
„დიდი ხანია, რაც ადამიანებს ვუწოდებ მომაბეზრებლებს“ - პაოლო იაშვილის წერილი ელენე ბაქრაძეს
- +

14 დეკემბერი. 2017. 12:17



უსიტყვოდ განშორების დღიდან რაღაცნაირ ბნელ არსებად გადავიქეცი, რომელიც ყოველგვარ შეხვედრას გაურბის, ყოველგვარ საუბარს, ყოველგვარ ხმაურიან საზოგადოებას... დიდი ხანია, რაც ადამიანებს ვუწოდებ მომაბეზრებლებს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი უინტერესონი არასოდეს მეჩვენებოდნენ, როგორც ახლა, ჩემი საოცარი სიყვარულის ჟამს. როგორ შეიძლება, იურთიერთო ადამიანებთან არაფრისთვის, იგი შთანთქმულია შენს მიერ გაღვივებული წრფელი გრძნობით, ჩემო ნარცისო! შენ მიცნობდი, ელლი, მარად მხიარულს, ცეცხლოვანს, მუდამ ექსტაზურს, მაგრამ, აი, ქუთაისში ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო წუთებში დამშვიდობებისას, შენს გამოხედვაში ამოვიკითხე ამოუცნობი ნაღველი... ვიგრძენი, რომ ჩემს ირგვლივაც გამოჩნდა შეუცნობი სევდა. დიდხანს ვფიქრობდი სევდიან ელლიზე, თავს ვირწმუნებდი, რომ არ შეგიძლია იყო უბედური, რადგან შენ მოგიძღვენი ჩემი ტრფობა და ოცნებები, მაგრამ დღევანდელი შენი ბარათი უხმო მოთქმაა და ნათელი დასტური უდიდესი სულიერი სიმძიმილისა ...

ელლი, ვეცადე შემეყვანე ზეიმისა და სიხარულის ყვავილოვან სამეფოში, გეფერებოდი, როგორც მზის სხივი ეალერსება ახლად გამოღვიძებულ იებს და შროშანებს. ჩემს ყმაწვილურ ოცნებებში შენ ცხოვრობდი, როგორც გვირგვინოსანი დედოფალი... შენ მწერ ბარათს, რომელშიც თავს თვლი „ღრმად უბედურად" და ამ სიტყვების ნამდვილი აზრის შეცნობისას სრულიად ვიბნევი. გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, ჩემი პირველი ჩამოსვლისა  შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ, მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი. შეგახსენებ: წყნარ საღამოს ჩამოვედი შენთან,  ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით თავს. შენი შეხებისას ჟრჟოლამ დამირბინა მთელ სხეულში და შენშიც იგივე მოხდა. და ჩვენი კოცნა იმ ღამეს! ელლი, გაიხსენე ეს ამბორი, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მაშინ, როგორ ხარობდა ყველა ჩვენით და ჩვენ ყველაფრით. ასეთი სიყვარული შენს ბოლო ბარათში ჩანს, მაგრამ ჟღერს როგორც საყვედური, პირველი საყვედური. როგორი მწუხარება სუფევს ჩემს ირგვლივ! ვტირი და ჩემთან ერთად გოდებს მთელი მშვენიერი სამყარო, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ შევხვდით ჩვენ, მე და შენ, სიყვარულით ანთებული გულებით. და თუ ამ სამყაროს ზეცა კიდევ დიდხანს იქნებ დაფარული მტირალა ღრუბლებით, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებ, როგორ ვისუნთქებ, როგორღა ვიხარებ! დაე, ჩვენმა პირველმა შეხვედრამ მოგვგვაროს იმედი... მე მარტო ვარ!... შენც არა ხარ ჩემთან! მხოლოდ ახლა ვიგრძენი სრული მარტოობა...

შენთან შეხვედრის უზომოდ მსურველი, მარად შენი მოსიყვარულე პავლე










 

right_banner
big_banner
არქივი