logo_geo
ლოთი ქობალია: ეს რომ პრეზიდენტ გამსახურდიას გაეგო, მე დამხვრეტდა
- +

10 იანვარი. 2018. 13:41


 

დაკითხვის ოქმი 22 ივლისი, 1994 წელი.
დაკითხა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, იუსტიციის მრჩეველმა ა.ხვადაგიანმა. დაკითხვაში მონაწილეობდნენ: ადვოკატები-  ლ. ბერიაშვილი და გენ. პროკურორის მოადგილე ა. ბალუაშვილი

პრეზიდენტის, აბსანძის, გელანტიასა და სხვების მიზანი იყო შეიარაღებული გზით დაეკავებინათ საქართველოს ტერიტორია ენგურიდან ცხენისწყლამდე. ამის შემდეგ გვეიძულებინა დღევანდელი ხელისუფლება შეექმნა კოალიციური მთავრობა და ჩაეტარებინა არჩევანი. ეს გეგმა მოდიოდა გამსახურდიასგან, აბსანძისაგან, გელანტიასაგან, გუგუშვილისაგან და ყველა იმ პირისგან, ვინც აქტიურად იბრძოდა დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. მე მართლაც შევასრულე პირობა და ჩემი შეიარაღებული ძალებით გამოვედი მდ. ცხენისწყალზე, ქ. სამტრედიაში და ქუთაისში შესვლა დაგეგმილი არ ყოფილა. მე აქ ჯარები შევაჩერე და დაახლოებით ორი დღე, რიცხვი არ მახსოვს, ვიყავი მარტვილში და ჩემს გარეშე ჩვენმა მებრძოლებმა დაიკავეს სამტრედია. ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი. ამ დროს გამსახურდია იყო აბაშაში, როცა მე ჩამოვედი სამტრედიაში, მებრძოლებისაგან გავიგე, რომ სამტრედიაში შესვლის ბრძანება გაუცია გამსახურდიას. გამსახურდიასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია, რადგან ვერ შევბედე. რატომ დაარღვია მან ჩვენი პირველი გეგმა ცხენისწყალზე გამაგრების, არ ვიცი, აბსანძეს რომ ვკითხე, თუ რა მოხდა მიპასუხა, რომ მანაც არაფერი იცოდა. მებრძოლებში დომინირებდა აზრი, რომ ისინი მიდიოდნენ თბილისის ასაღებად. სამტრედიაში გამსახურდიამ და აბსანძემ მომცეს მითითება, რომ ჯარები დამეძრა ქუთაისისაკენ, რადგან, მათივე თქმით, დაზვერვის მონაცემებით, ქუთაისამდე  გზა იყო თავისუფალი და ქუთაისი იყო დაუცველი. მივხვდი, რომ გამსახურდიას უნდოდა სამხედრო ძალით აეღო თბილისი. მე ეს მიმაჩნდა აბსურდად, რადგან ჩვენ ამის სამხედრო ძალა არ გაგვაჩნდა. მეორეც ის, რომ თუკი მოვლენები ისე განვითარდებოდა, რომ ჩვენ თბილისისაკენ დავიწყებდით სვლას, მთელს სამეგრელოს დაუპირისპირდებოდა დანარჩენი საქართველო და ეს კატასტროფულ ზიანს მოუტანდა ერს. ამასთან ერთად, მე ვიცოდი, რომ ჩვენი გეგმა ითვალისწინებდა ცხენისწყალზე გამაგრებას და შემდეგ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას. ეს გეგმა გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაირღვა ისე, რომ მე არაფერი ვიცოდი. ამიტომ გადავწყვიტე მიმეღო ყველა ზომა, აღარ გაგრძელებულიყო ქუთაისისაკენ სვლა. ამიტომ მოვიფიქრე და აბსანძეს და პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ხონში დაიძაბა კრიმინალური ვითარება, ადგილი აქვს ყაჩაღობებს, ხალხი შეწუხებულია, ჩავალ ხონში, მოვაგვარებ სიტუაციას და მერე ვიფიქროთ ქუთაისზე-მეთქი. ხონში შეიარაღებულ ფორმირებებს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩხეიძე. აქვე იყო თენგიზ ბულია, იგივე „კიროკი". მე მათ ვუთხარი, რომ ყაჩაღობის ფაქტები რომ აღკვეთილიყო. შეიარაღებული ფორმირებები უნდა გაეყვანათ ხონიდან ქ. ზუგდიდში. ხონში ისინი იყვნენ 4-5 დღე და ფორმირებები გაიყვანეს ზუგდიდში. აქვე მოვიმიზეზე ის ამბავიც, რომ ჩემი ინფორმაციებით სამთავრობო ჯარებს ეხმარებოდნენ რუსები და ამას შეიძლება მოჰყოლოდა უაზრო სისხლისღვრა. მივაღწიე იმასაც, რომ დავიხიეთ უკან აბაშამდე. ამ პერიოდში აბსანძისაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამხმარე ძალებს მივიღებდით აფხაზეთიდან. როგორც მოგახსენეთ, მე შინაგანად ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ აბსანძისათვის არ გამიმჟღავნებია. ამის შესახებ ვუთხარი გურამ ლაკიას. ისიც წინააღმდეგი იყო აფხაზი ბოევიკების შემოყვანის, ამიტომ მე და ლაკიამ გადავწყვიტეთ ყველა ღონე გვეხმარა და ჩვენი ფორმირებები გამოგვეყვანა ბრძოლიდან. ამასთან დაკავშირებით, როგორც მახსოვს, პირადად მე დავუკავშირდი ელსმენით ქ. ფოთში კუკური როგავას. მე ანაკლიაში შევხვდი მას და ვახტანგ გვარამიას. მათ ავუხსენი ვითარება, რომ პრეზიდენტი და აბსანძე აპირებდნენ აფხაზი ბოევიკების შემოყვანას, რომ მე და ლაკია ამის წინააღმდეგი ვიყავით. ამის წინააღმდეგი იყო სოხუმის ბატალიონი და სხვები, რომლებიც ჩვენს მხარეზე იბრძოდნენ. გადავწყვიტეთ, რომ მე ჩვენს პოლიტიკოსებს, ე. ი. გამსახურდიას, აბსანძეს, გელანტიასა და სხვებს ჩამოვიცილებდი. გავიყვანდი ქ. ზუგდიდიდან და ამის შემდეგ, დაახლოებით სამ დღეში შევხვდებოდი მათ, სადაც გადაწყდებოდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარება. ამის შემდეგ მე ჩამოვედი ზუგდიდში. მოგახსენებთ, რომ ჩვენი ზემოაღნიშნული შეხვედრა იყო საიდუმლო. ამის შესახებ პრეზიდენტმა, აბსანძემ და სხვებმა არაფერი იცოდნენ. ამ შეხვედრისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ რაიმე დოკუმენტი არ შემდგარა. ჩამოვედი ზუგდიდში. მე და ლაკიამ მივიღეთ ყველა ზომა და ჩვენი ფორმირებები გამოვიყვანეთ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სოსო ჟღენტის პოლკი წავიდა ლუგელას მთების მხარეს. ამ მიმართულებით წავიდა ელიავას პოლკიც. სოხუმელებმა, სოსო ჯომიდავას თავკაცობით გადაწყვიტეს და წავიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული ბრძოლებისათვის. ზუგდიდის პოლკმა დაიკავა ზუგდიდი და ზუგდიდის შემოსასვლელი სოფ. ცაიშთან. ყოველივე ეს მოხდა ჩემი, ლაკიასი და ზემოაღნიშნული პირების ინიციატივით. ამის შესახებ არაფერი იცოდნენ პრეზიდენტმა, აბსანძემ, გელანტიამ და სხვებმა. მათ ეს რომ გაეგოთ, ჩვენს მიმართ გამოყენებული იქნებოდა სასჯელის უმაღლესი ზომა. როცა ჩვენ ჯარები გამოვიყვანეთ საბრძოლო მოქმედების ზონიდან პრეზიდენტი დავარწმუნეთ იმაში, რომ ხელისუფლების ჯარებს ეხმარებოდა რუსეთის ჯარი და რომ მათთან ბრძოლა უაზრო სისხლისღვრას გამოიწვევდა. ფაქტიურად მართლა ეხმარებოდა თუ არა რუსის ჯარი საქართველოს ხელისუფლებას, არ ვიცი. ყოველივე ამან განაპირობა ის გარემოება, რომ პრეზიდენტი, აბსანძე და სხვები დავითანხმე დაეტოვებინათ ზუგდიდი. თუ რომელ რიცხვში მოხდა ეს, ზუსტად არ მახსოვს, ეს უნდა მომხდარიყო 1993 წლის 26 ოქტომბერს. მე ადრეც მოგახსენეთ და ახლაც ვიმეორებ, როდესაც ჩემი ოჯახის ყველა წევრი, სამი მანქანით გამოვედით ზუგდიდიდან აფხაზეთის მიმართულებით, ჩვენთან ერთად თავიანთი მანქანებით წამოვიდნენ გამსახურდია, აბსანძე და სხვები. მე ამის შესახებ მოგეცით ჩვენება და მის დეტალებზე აღარ შევჩერდები. სოფ. აჩიგვარასთან შემოგვხვდა ა/მანქანების კოლონა. წინ მიდიოდა თეთრი ნივა. მოყვებოდა „ბმპ", ავტობუსი. ადრე ჩვენებაში გითხარით, რომ მიყვებოდა ერთი ავტობუსი „პაზიკი". ამ შემთხვევაში შეიძლება მე ვცდები და თქვენს მიერ დაკითხული მოწმეები უჩვენებენ სიმართლეს. მე როგორც მახსოვდა, შემოგვხვდა „ბმპ" და „პაზიკი".
როგორც მოგახსენეთ, პრეზიდენტის მანქანების კოლონას მივყვებოდი უკან, როცა ჩვენ შევჩერდით. მე ვიჯექი უკან, ამდენად ყურადღება არ გამიმახვილებია სამხედრო ტექნიკისა და მანქანების კოლონის მიმართ, რომლებიც შემოგვხვდა. ისინი არ გაჩერებულან, ისე გააგრძელეს გზა. მე ვიცი, რომ როცა ჩვენი მანქანების კოლონა გაჩერდა, მათთან გაჩერდა შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ნივა", „ნივიდან" გადმოვიდა ქიშმარია და იგი ესაუბრებოდა აბსანძეს. მათ საუბარს შევუერთდი მეც. აქ გავიგე, რომ ქიშმარიამ შეასრულა პირობა და ჩვენს დასახმარებლად მოყავდა „ბოევიკები" და მძიმე ტექნიკა. აქვე დავაზუსტებ, რომ ჩვენს მანქანების კოლონას წინ შემოხვდა ქიშმარიას „ნივა". ამიტომ შევჩერდით გზაში, გადმოვედით მანქანებიდან და ამის შემდეგ დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ჩაგვიარა აფხაზეთის მხრიდან მომავალმა სამხედრო ტექნიკამ და ავტობუსებმა, ისე რომ ისინი არ შეჩერებულან. როდესაც აბსანძემ გაიგო დამხმარე ძალის შესახებ, მითხრა და მისი წინადადებით მე, აბსანძე, ქიშმარიასთან ერთად დავბრუნდით ზუგდიდში ისე, რომ მანამდე ჩვენთვის უცნობ ოჯახში დავაბინავე ჩემი ცოლ-შვილი, მეორე ოჯახში დაბინავდა გამსახურდია და მისი დაცვა.
შემდეგ მოვლენები განვითარდა ისე როგორც წინა ჩვენებებში მოგახსენეთ და მის განმეორებას აღარ ვთვლი საჭიროდ. გამსახურდიას ზუგდიდიდან გაყვანამდე დაახლოებით ორი-სამი დღით ადრე განმეორებით შევხვდი. ვაცნობე, რომ პრეზიდენტის გაყვანის საკითხი მოგვარებული მქონდა. მას გავიყვანდი კიდეც და შემდეგ კიდევ ეცლიათ სამი-ოთხი დღე, მოვაგვარებდი შეიარაღებული ფორმირებების მთლიანად გაყვანას და შემდეგ შემოსულიყვნენ სამთავრობო ჯარები სისხლისღვრის გარეშე. მე ზუგდიდი დავტოვე ნოემბრის დასაწყისში, რიცხვი არ მახსენდება. ამ დროისათვის სოფ. ცაიშთან და ჭითაწყაროსთან იდგა დაახლოებით ორმოცდაათი-სამოცდაათი კაცი. ამ ბიჭებმა ჩემი გასვლის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ იცოდნენ, რომ სამთავრობო ჯარები დაიწყებდნენ წინსვლას. მათ პოზიციები უნდა დაეტოვებინათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ეს მართლაც ასე მოხდა. როცა მე დავბრუნდი აჩიგვარაში ცოლ-შვილთან შესახვედრად, ლაგვილავამ, რომელმაც მე მიმაცილა აფხაზეთის საზღვრიდან სოფ. აჩიგვარაში, მითხრა, რომ ამავე დილით პრეზიდენტი, მისი დაცვა და ჩემი ოჯახის წევრები დაბრუნებულან ზუგდიდში. აფხაზეთის საზღვარზე გამოუცილებიათ მხოლოდ პრეზიდენტი, ჩემი ოჯახი აღარ დაბრუნებულა უკან. დაახლოებით ორი-სამი თვის შემდეგ, უკვე სუზდალში გავიგე, კერძოდ, ვისაგან აღარ მახსოვს, რომ როცა პრეზიდენტი და აბსანძე დაბრუნებულან ზუგდიდში დაცვას პრეზიდენტი წაუყვანია სხვა მიმართულებით ისე, რომ აბსანძე აღარ წაუყვანიათ. აბსანძე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოსულა სამეგრელოდან და წასულა მოსკოვში ბათუმის გავლით. თუ რა იყო ამის მიზეზები, რომ აბსანძე აღარ დარჩა გამსახურდიასთან არ ვიცი. როგორც აბსანძის საუბრიდან ვასკვნი, აფხაზი ბოევიკების ზუგდიდში შემოყვანას ორგანიზაცია გაუკეთა მან, გამსახურდიასთან ერთად. როგორც თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაში ნაჩვენები მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, 1993 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში აფხაზი ბოევიკები და მძიმე ტექნიკა კვლავ შემოუყვანიათ ზუგდიდში, თუ ვინ გაუკეთა ამას ორგანიზება არ ვიცი. ამ ფაქტის შესახებ მესმის პირველად.
ზაურ გერგედავა იყო ჩვენი შეიარაღებული ფორმირებების სამეურნეო სამსახურის უფროსი. მისი მოვალეობა იყო საჯარისო ფორმირებების მომარაგება სურსათით, ტანსაცმლით და სხვა ასეთით. იგი ასევე აწარმოებდა საჯარისო ნაწილებზე სურსათისა და სხვა სახის პროდუქტების განაწილებას. ქარცხია, რომლის სახელი არ მახსოვს, იყო ჩემი ა/მანქანა გაზ-31-ის მძღოლი. ეს მანქანა თეთრი ფერისაა. ნომერი არ მახსოვს. მანქანა იყო დაზიანებული და ფაქტიურად მე ამ მანქანით არ დავდიოდი. ამიტომ ქარცხიას ჩემს მძღოლად არ ვთვლი. ჩემი მძღოლი იყო სახელად ციქორი, გვარი არ მახსოვს.

ჩემი ჩვენება წავიკითხე, ჩაწერილია ჩემი კარნახით სწორად.
ვ. ქობალია



წყარო: გაზეთისაქართველო" N66(1504), 9-12 დეკემბერი, 1996 წელი.










 

right_banner
big_banner
არქივი