logo_geo
ინდოეთში აღმოჩენილი უძველესი კლდის მხატვრობა, სავარაუდოდ, ვარსკვლავის აფეთქებას ასახავს!
- +

10 იანვარი. 2018. 23:09



ინდოეთში აღმოჩენილი უძველესი კლდის მხატვრობის სცენა შეიძლება ფეთქებად საიდუმლოს მალავდეს. როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, შეუმჩნეველი სცენა სინამდვილეში შესაძლოა წარმოადგენდეს კაცობრიობის მიერ ისტორიაში პირველად ჩაწერილ სუპერნოვას აფეთქებას.


ერთი შეხედვით, ნახატი არაფრითაა გამორჩეული. თუმცა იგი დაახლოებით 5000 წლის წინანდელია. გარდა ამისა, ასახავს სწორედ იმას, რასაც იმ დროის ნახატისგან შეიძლება ველოდეთ: ორი მამაკაცი მშვილდითა და შუბით ნადირობს.


ჩრდილოეთ ინდოეთში, ქაშმირის შტატში აღმოჩენილი ამ ნახატის ორი ელემენტი თარიღდება ძვ. წ. 4100-2100 წლებს შორის პერიოდით და სწორედ მათ მიიპყრეს მუმბაის ტატას ფუნდამენტურ კვლევათა ინსტიტუტის ასტროფიზიკოსთა ყურადღება: მონადირეების თავზე, ცაში ორი ობიექტი კაშკაშებს, ერთი სრულად შეკრული დისკოა, მეორე შედარებით უფორმო და არამდგრადი.


როგორც ახალი კვლევა იუწყება, ამ ორი ობიექტის ქვემოთ გამოსახული ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები იდუმალ მსგავსებას აჩენს ღამის ცის ვარსკვლავებთან. ამ მსგავსებამ კვლევის ავტორებს უბიძგა დაეჯერებინათ, რომ ნადირობის სცენის თავზე გამოსახული ორი წრიული ობიექტი შეიძლება წარმოადგენდეს მზეს და მთვარეს, რომლებიც, როგორც იფიქრეთ, ერთდროულად თითქმის არ ჩანან.


უფრო ამაღელვებელი ახსნის მიხედვით კი, ის, რაც ამ უძველესმა ხალხმა ცაზე იხილა და შემდეგ კლდეზე დახატა, იყო მზე/მთვარე და სუპერნოვა.


„ამ ორი ობიექტის თითქმის წრიული ფორმისა და ჰორიზონტალური პოზიციიდან გამომდინარე, კომეტები, ჰალოები ან სხვა დედამიწისეული მოვლენები თითქმის გამორიცხულია. შესაბამისად, ვუშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ ეს ობიექტი არის სუპერნოვა", - წერია კვლევაში.



სუპერნოვა უკიდურესად ძალადობრივი მოვლენაა და ხდება რომელიმე მასიური ვარსკვლავის სიკვდილისას. სუპერნოვას ეტაპზე ყოფნის დროს, ვარსკვლავს ეცლება გარე ფენები, ბირთვი კი საკუთარ თავში კოლაფსირდება და წარმოქმნის გაცილებით მკვრივ სხეულს - ნეიტრონულ ვარსკვლავს, რომელში არსებული მატერიაც ჩვენთვის ცნობილი ყველაზე მკვრივი ნივთიერების ფორმაა.


მომაკვდავი ვარსკვლავის გარე ფენები იმდენად სწრაფად იკუმშება, რომ ამ მატერიას უცაბედად იშორებს და ფეთქდება. სიტყვა „სუპერნოვა" მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან, რომელშიც „ნოვა" ნიშნავს „ახალს", რადგან აფეთქება და მის შედეგად დარჩენილი ბირთვი ცაზე ახალი ვარსკვლავივით ჩანს, სანამ თვალს მიეფარება.


ჩვენდა საბედნიეროდ, ეს მოვლენები იმდენად მაღალენერგიულია, რომ მათ მიერ გამოყოფილი რენტგენული გამოსხივება გვაძლევს მათი მაღალი სიზუსტით დაფიქსირებისა და დათარიღების საშუალებას.


სწორედ ეს გააკეთა მკვლევართა ჯგუფმა ამჯერად. მათ წარსულის მონაცემებში ჩაიხედეს, რათა შეემოწმებინათ, იყო თუ არა დედამიწიდან რომელიმე სუპერნოვა ხილვადი იმ დროს, როცა ეს ნახატია შესრულებული. კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა მაიანკ ვაჰიამ დაადგინა, რომ ძვ. წ. 3600 წელს უნდა აფეთქებულიყო სუპერნოვა სახელად HB9, რომელიც ღამის ცაზე მთვარის ზომის და სიკაშკაშის უნდა გამოჩენილიყო.


„ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ობიექტი ასახავს სუპერნოვა HB9-ს, რადგან ის უნდა ყოფილიყო ცვალებადი; მეორე ობიექტი მთვარეა, რადგან HB9-ის ვარსკვლავიერი სიდიდე მთვარესთან ახლოს უნდა ყოფილიყო", - აღნიშნავს კვლევის ავტორი ჰრიშიკეშ ჯოგლეკარი.


ვაჰია ასევე აღნიშნავს, რომ კლდეზე გამოსახული ფიგურები სინამდვილეში შეიძლება თანავარსკვლავედებს ასახავდეს. მშვილდიანი კაცი შესაძლოა, ორიონზე მიუთითებს, შუბიანი კი თევზების თანავარსკვლავედს. ირემი, რომელსაც ისინი თავს ესხმიან, ძლიერ წააგავს კუროს თანავარსკვლავედს. კვლევის ავტორთა მიხედვით, ძაღლი შეიძლება ანდრომედას გალაქტიკას განასახირებდეს. ამ თეორიას მხარს უჭერს ისიც, რომ სცენაზე ფიგურები ზუსტად ისეა განლაგებული, როგორც ცაზე ეს თანავარსკვლავედები.

 

„ცის ეს ნიმუშები მხედველობაში იღებს რეგიონის ყველა კაშკაშა ვარსკვლავს და ძალიან შესაფერისი ჩანს იმ დროისთვის გაბატონებული კულტურისთვის. პრიმიტიულ კულტურებში თანავარსკვლავედებს იკონოგრაფიული მნიშვნელობა ჰქონდა; ნახატებზე ფიგურებს აქვთ მამაკაცის დიდი ზომის ორგანოები, რაც შეიძლება ნაყოფიერებას განასახირებდეს", - ნათქვამია კვლევაში.


საბოლოო ჯამში, ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ჩვენ წინაშეა კაცობრიობის მიერ პირველად ჩაწერილი სუპერნოვას შემთხვევა.


 

 

 

 

 

 

 

 

 












 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი