logo_geo
როგორ აყენებდნენ კახეთში ღვინოს XIX საუკუნეში
- +

27 დეკემბერი. 2016. 20:27


 

„კახური ღვინო ყველაზე მეტადაა განთქმული კავკასიის ღვინოებს შორის. კარდანახში შერემეტიევის ადგილ-მამულში რთველს გნებავთ დაესწროთ? ყველაფერი პრიმიტიული და პოეტურია ამ ქვეყანაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ღვინის დაყენების წესიც კი.


ვენახი, რომელიც საამაყოა როგორც მისი მფლობელის, ისე მთავარი მებაღისთვისაც. ბუნებრივია, რომ მებაღე ქართველია. ვაზებს, რომლებიც ადამიანის სიმაღლეს აღემატება აქვს მსხვილი, მზისაგან გარუჯული რქა. ისინი ერთ მწკრივზეა განლაგებული. ტოტებს შლიან სიგრძივ, ჰორიზონტალური მიმართულებით, რომლებიც დამაგრებულია მსხვილ საბჯენებზე. მოკრეფილ ყურძენს ყრიან გოდრებსა და კალათებში. ისინი ზურგით მიაქვთ მარანში, ე. ი. ფარდულში, რომლისკენაც გაგიძღვებით. ყურძენი მოგროვილია ცაცხვის ან თელას საკორპე ქერქისგან (ყარაგაჩი) გამოჭრილ უზარმაზარ გობებში (საწნახელში), რომლის ძირში წინასწარ არის მოთავსებული შვინდის დაწნული ტოტების სქელი ფენა დაფარული ველური ვერბენით.


ყოველივე ეს გაკეთებულია იმ მიზნით, რომ მტევნის მერქნის ნაწილები - ჩენჩო და წიპწები ჭარბად არ გავიდეს წნულში (თორქირში). როდესაც საწნახელი ყურძნით აივსება, მამაკაცები დიდ აუზში იბანენ ტერფებსა და წვივებს. საწნახელში იმდენი კაცია, რამდენსაც მისი სიგრძე დაიტევს. ყურძენს რამდენიმე საათის განმავლობაში წურავენ. მათი მოძრაობები ხან ნელი, ხან სწრაფი, ხან მშვიდი, ხანაც ენერგიულია და მისდევს მათივე სიმღერების რიტმს. სიმღერები ცვლის ერთმანეთს; ძლიერი და მჟღერადი, ზოგი საომარი, სხვები ვაკხანალური და თითქოს დაწურული ყურძნის დამათრობელი ემანაცია ხდის მათ ზოგჯერ უფრო მეტყველს, ზოგჯერ კი ამაღელვებელს.


მარანში მიწაში ჩაფლულია მწკრივად განლაგებული თიხის უზარმაზარი ქვევრები, (ყველაზე პატარა ქვევრი იტევს ვედრონახევარს, ხოლო ყველაზე დიდი - 300 ვედრომდე.) რომელთა მხოლოდ პირი მოჩანს ზემოდან. ქვევრები დაბეჭდილია ბერძნულ და რომაულ ამფორების მსგავსად. შორეულ წარსულში მხოლოდ ასეთი წესით ამზადებდნენ ღვინოს.


გობის ძირს იმდენი ნახვრეტი აქვს, რამდენი ქვევრის რიგიცაა ნიადაგში. ხის ღარებით, ოქროსფერი წვენი მდორედ მოედინება ქვევრების პირამდე, რომლებიც, წესის მიხედვით, სამ მეოთხედამდე უნდა აივსოს.


არაფერია იმაზე უფრო მეტყველი და საინტერესო, როგორც ქართველთა გულებიდან ამოხეთქილი პათეტიკური სიმღერების მოსმენა და ხილვა მათი სხეულების რიტმული მოძრაობისა, რომლის შედეგადაც მოედინება მზის სხივების ქვეშ მოელვარე და გამჭვირვალე ღვინის ჩანჩქერები.


ტოტები ჩაფენილია ქვევრების ძირში, რათა გასაქანი არ მისცეს ძლიერი ნალექის ზედაპირზე ამოტივტივებას. იმისათვის, რომ ღვინოს მიეცეს ის არომატი, რომელსაც დიდად აფასებენ კავკასიაში, ქვევრში ტოვებენ დაწურვის შემდეგ დარჩენილი ნაწილების მეოთხედს, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჭაჭას.


ქვევრის ყელზე, რომელიც მოფენილია ვაზის ან კაკლის ფოთლებით, დგამენ ფიქალის მრგვალ ფილას, რომელსაც დაუდებენ ხის ორ ნაჭერს, ჰაერმა თავისუფლად რომ იმოძრაოს. დუღილი ორ კვირას გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მარანი ისეა დახურული, რომ მასში ჰაერის ნაკადი შემოდის.


რვა დღის შემდეგ, გრძელი ჯოხით ანუ სარცხით, რომელიც ერთმანეთის საპირისპიროდ აცმული, ბლის ხის სქელი ქერქისაგან არის დამზადებული, ურევენ ჭაჭას და იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კლებულობს სითხე, მასში სხვა სითხეს უმატებენ. ერთი თვის შემდეგ ჭურჭელს ხურავენ.


თუ ღვინომ ქვევრში ზამთარი უნდა დაჰყოს, მაშინ ფოთლებს ხავსით ცვლიან, ხოლო შემდეგ ქვევრის პირს ფიქალის სახურავს აფარებენ. ამ წესით თავისუფლად შეიძლება ღვინის ქვევრში შენახვა.


ამოსაღებად იყენებენ სპილენძის ჭურჭელს, რომელიც საზომად იხმარება. ჭურჭელი, ქვევრის სიღრმესთან შედარებით, მიმაგრებულია ცოტად თუ ბევრად გრძელი ჯოხის ბოლოზე. დასაშვებია ღვინის გადატანა საქონლის ტყავში, რომელსაც საერთოდ ტიკი ჰქვია. თუ ტიკი დამზადებულია ქურციკის ტყავისაგან, მას „ტიკს" უწოდებენ, თუ იგი ხარის ტყავისაგან არის დამზადებული - „რუმბს".


არაფერია იმაზე უფრო საოცარი, როგორც ხილვა ურმების ან ურიკებისა, რომლებიც ღვინით დაბერილ ტყავებს ზიდავენ სამიკიტნოებში.


ტიკები ინარჩუნებს ცხოველის ფორმას, რომლებიც ან იატაკზე აწყვია, ან კედელზე ჰკიდია. ერთი ტიკის ფეხიდან, რომელიც სადინრად არის გამოყენებული, მოედინება წითელი ღვინო, ხოლო მეორე ტიკიდან - თეთრი; ყოველივე ეს მომხმარებელთა სურვილზეა დამოკიდებული.


ყოველ მარანში ერთი ქვევრი ეძღვნება რომელიმე წმინდანს ან მრევლის მფარველს. წმინდანის დღეობამდე ქვევრი ხელუხლებელი რჩება, ხოლო ამ დღეს ღვინოს მისი პატრონი და სტუმრები მთლიანად სვამენ.


ერთ-ერთი ქართველი ირწმუნება, - „ათას კაცზე, ერთი ლოთი თუ შეგვხვდება, ისიც ნაცემი და სასაცილოდ აგდებული არისო".


კახეთში ბევრ ღვინოს აყენებენ, ბევრსაც სვამენ, მაგრამ არ თვრებიან."


ბარონი დე ბაი საქართველოში

 

ფრანგულიდან თარგმნა ლეილა მაღრაძემ, გამომცემლობა „არტანუჯი",  2011 წელი.



წყარო http://bu.com.ge/

 

 

 

big_banner
არქივი