logo_geo
ვინ არის და რას საქმიანობდა 30 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ბანკზე თავდასხმის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა?
- +

18 სექტემბერი. 2017. 12:30



ვინ არის და რას საქმიანობდა 30 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ბანკზე თავდასხმის დროს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა? - ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი" დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ ის ქარელის რაიონის სოფელ რუისის მკვიდრი, 30 წლის ალექსი ბალიაშვილია. კვირის ბოლოს ცხედარი სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.


გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი ვალენტინა ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ალექსი ბალიაშვილს დედა და უმცროსი ძმა დარჩა, რომელიც თურქეთში იყო სამუშაოდ წასული.


„ალეკოს დედა და ერთი უმცროსი ძმა დარჩა, რომელიც თურქეთში იყო სამუშაოდ წასული. მუშად მუშაობდა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე ჩამოვიდა. დედამისსაც ჰქონდა შემოსავალი, მასწავლებელია და ყოველთვიურ ხელფასს იღებს. ამ ქალმა წვალებით და ობლობაში გაზარდა ორივე შვილი. ალეკო ორი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ასე დაიზარდნენ ორივე ჩვენს თვალწინ. ძალიან წყნარი ბიჭი იყო, მაგის ხელში ვერც სასმელს დაინახავდით და ვერც რაიმე ისეთს. წიგნებსა და კომპიუტერში იყო ხოლმე მთელი დღე. წავიდა თბილისში და ცოტა ხანში ბავშვი ასეთ სიტუაციაში გაეხვია. თავზარდაცემულები ვართ ყველანი. დედამისის ტირილის ხმა გავიგე. გავიქეცი, რა ამბავია-მეთქი და ქალს ძლივს აკავებდნენ, - ალეკომ თავი მოიკლაო. დაუჯერებელია დღესაც. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ამას გააკეთებდა", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი ვალენტინა ღვინიაშვილი.


ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი თამრო მიხანაშვილი კი გამორიცხავს, რომ ალექსი ბალიაშვილს ფული ჰქონოდა წაგებული და ეს გამხდარიყო ბანკზე თავდასხმის მიზეზი.


„გამორიცხულია, რომ ის აზარტულ თამაშებს გაჰკარებოდა. მსგავსი რამ არ არსებობს. თვითონაც ცოტა ხნით თურქეთში მუშაობდა და მალევე დაბრუნდა. მიჭირს ახსნა, ეს გონებით სავსე ბავშვი თვითმკვლელი როგორ გახდა? საგონებელში ვართ ყველანი. ან იარაღი საიდან ჰქონდა, შვილო, იარაღი კი არა, მაგის ხელში დანაც კი არ დამინახავს. უძვირფასესი ბავშვი იყო. ჩვენი იმედი. ყველას რომ უყვარდა. ნაკითხი და ნიჭიერი ახალგაზრდა. თბილისშიც არ ჰყოლია რაიმე ისეთი სამეგობრო, რომ ცუდ წრეში მოხვედრილიყო. სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, გჯერათ? იგივე შემიძლია ვთქვა მის ძმაზეც. რომ ჩამოვიდა, როგორც დაჭრილი დათვი, ისე დასტიროდა თავის ალეკოს. ორივე ობლობაში გამოზარდა დედამ და აი, ეს უბედურება დაატყდათ თავს. დედა უმცროსზე ჯერ კიდევ ორსულად იყო, მეუღლე რომ გარდაეცვალა, ალეკო კი 2 წლის ჰყავდა", - ამბობს თამრო მიხანაშვილი.


კიდევ ერთი მეზობლის ვერსიით კი, ალექსი ბალიაშვილი ბანკზე თავდასხმას საკუთარი სურვილით არ დაგეგმავდა. ახლობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას დანაშაულისკენ სხვამ უბიძგა.


„ვიღაცამ წააქეზა. ის საყაჩაღოდ თავისი ინიციატივით არ წავიდოდა. უბიძგეს ამ ყველაფრისკენ. თბილისში იყო ცოტა ხნით წასული და ალბათ, იქ შეაგულიანა ვინმემ. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. კი, შეიძლება მცირე სტრესიც ჰქონდა ბავშვს და ამითაც ისარგებლეს. გამოიყენეს მისი მდგომარეობა. ეს კი, როცა მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე, სიკვდილი არჩია. რომ ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო, ასე როგორ შეიძლება... დღეს საქართველოში სრულ ჭკუაზე არავინ არის, მაგრამ ამ ბიჭს რაიმე ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონია, რომ ამის ნიადაგზე ბანკში იარაღით შევარდნილიყო და მერე თავი მოეკლა. ჩემი აზრით, ის ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა, ან სხვის დავალებას ასრულებდა", - აცხადებს მეზობელი.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი