logo_geo
რატომ მოხვდა გრიშა კაკაჩია საავადმყოფოში?
- +

17 დეკემბერი. 2017. 03:21



მსახიობი დავით კვირცხალია საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ირკვევა, ყველასათვის საყვარელმა გრიშა კაკაჩიამ  მუცლისა და ჭიპის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა. ახლა თავს უკეთ გრძნობს და მედპერსონალს და კლინიკას ყურადღებისთვის მადლობას საჯაროდ, სოციალური ქსელით უხდის:


„მეგონა, იოლ ოპერაციას ვიკეთებდი, მაგრამ მთლად ასე არ აღმოჩნდა. მოვიწყინე, ხასიათიც გამიფუჭდა, მაგრამ უნდა გითხრათ, ასეთი მედპერსონალი, აქ რომ ჰყავთ, არა მგონია, სხვაგანაც იყოს. რა ლამაზები, ან რა ყურადღებიანი - ყველანაირი ტკივილი დამავიწყეს. დიდი მადლობა „ევექსს"...


განსაკუთრებული მადლობა ჩემს მხსნელებს: ქალბატონ მარი ლიჩელს და ბატონ რეზო ჭუმბურიძეს! იხარეთ მრავალჟამიერ!".


აღმოჩნდა, რომ კაკაჩიას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. მდგომარეობის გასარკვევად, ბატონ დავითს დავუკავშირდით.


- ბატონო დავით, როგორ ბრძანდებით?

- ცუდად ვარ, ოპერაცია ახლახან გავიკეთე.


- თქვენს „facebook-პოსტს" ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იქ ზუსტად ამ ოპერაციის შესახებ წერდით. ახლა როგორ ხართ, ძალიან ბევრმა განიცადა თქვენი ამბავი.

- ყველას ძალიან დიდი მადლობა. მუცლის თიაქარი მქონდა და ოპერაცია გავიკეთე. ნელ-ნელა უკეთ ვარ. გუშინ პირველად ავდექი ფეხზე. ჯერჯერობით ტკივილები ისევ მაქვს, მაგრამ საშიში არაფერია. არ მეგონა, ჩემი პოსტი თუ ამხელა ამბავს გამოიწვევდა. უბრალოდ, მინდოდა, კლინიკისთვის გადამეხადა მადლობა და ამიტომ დავწერე. მაგრამ, მერე დიდი ამბები დატრიალდა.


- უკვე სახლში ხართ?

- კი. ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები  და ალბათ, მომდევნო კვირიდან ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება.

 

- წერდით, საქმე იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდიო.

- ჰო, თიაქარი იმაზე დიდი ზომის აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. ამიტომ, ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა და ჭრილობაც დიდი გამოვიდა. თან, მე პანიკიორი ვარ. ყველაფერს ძალიან განვიცდი, მით უმეტეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. თან, ცხოვრებაში პირველად გავიკეთე ოპერაცია და წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა.

 

- თქვენ უნდა თქვათ, ჯანმრთელი ვარო.

- სერიოზულად გეუბნებით. სამოცდაშვიდი წლის ვარ და აქამდე ოპერაცია არ მქონდა გაკეთებული, ამიტომ განსაკუთრებულად გამიჭირდა. პირველი ოპერაცია, რაც არ უნდა იყოს, რთული ყოფილა. თუმცა, ახლა შეგიძლიათ, ყველას უთხრათ, რომ მესაუბრეთ, უკვე დავდივარ კიდეც და კარგად ვარ. სამსახურშიც მივედი.


- პირველი ოპერაცია თქვენთვის, ემოციურად, ალბათ, რთული იყო.

- ძლიერი ტკივილები მქონდა, სხვას არაფერს ვწუხდი. უღრმესი მადლობა კლინიკას და პერსონალს, ასეთი კარგი მოპყრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციას პირველად ვიკეთებდი, არ მეშინოდა. არც არაფერი გამიგია. გადასარევი ქირურგი მყავდა. ისეთი ლამაზი პერსონალი ჰყავთ, გადასარევი ახალგაზრდა გოგონები. ოცდაოთხი საათი თავზე მადგნენ ეს ულამაზესი გოგონები, მაგრამ ძლიერ ტკივილს რას უშველიდნენ. კი მიკეთებდნენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ ჭრილობა მაინც თავისას შვრებოდა.

 

- როგორც ჩანს, კაკაჩიამ თავისი საქმე გააკეთა.

- ეტყობა, ამ სერიალს ყველა უყურებს. ყველა ისე დადებითად იყო განწყობილი, რომ თავს გადასარევად ვგრძნობდი, თუ ტკივილებს არ ჩავთვლით. არც პატივისცემა დამკლებია და არც მკურნალობა. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი ჭირი მოვიშორე თავიდან. ვის უყვარს ოპერაცია და მით უმეტეს, ამ ასაკში პირველად რომ იკეთებ. ხომ გეუბნებით, აქამდე გლანდებისა და ბრმანაწლავის ოპერაციაც კი არ მქონდა გაკეთებული. ახლა, მუცელზე ამხელა ჭრილობა მაქვს. თუმცა, რა დროს ჩემი შიშია.

 

- ოჯახის წევრები რას ამბობენ, როგორც წესი, ყველაზე მეტად ისინი წუწუნებენ ხოლმე, როცა სახლში ახალი ნაოპერაციები ჰყავთ.

- რას იზამენ, ანგარიშს მიწევენ, ჯერ ახალი ნაოპერაციები ვარ. სულ მეკითხებიან, რამე ხომ არ მტკივა, რამე ხომ არ მჭირდება, ხომ არ მაწუხებს რაღაც და ასე შემდეგ.

 

- ხომ არ იფერებთ მდგომარეობას?

- არა, მაგრამ შეიძლება, ასე ჩანს. ეს რომ დავწერე, ჩემმა ნათესავებმა ჩათვალეს, რაღაც ძალიან ცუდი მჭირდა და შეშფოთებულები მირეკავდნენ. ადრე იყო გასაკეთებელი ეს ოპერაცია. დიდი ხნის წინ მითხრეს, რომ ეს პრობლემა მქონდა. მაგრამ მაშინ ძალიან არ მაწუხებდა ტკივილი და ამიტომ გადავდე. დავაგვიანე და ახლა ცოტა გართულებული იყო მდგომარეობა. სანამ არ გართულდა, მანამდე არ მივედი ექიმთან. უკვე ძალიან გადიდებული იყო და მოთმენა აღარ შეიძლებოდა. ამიტომ, სხვა გზა აღარ მქონდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, ამხელა ყურადღებისთვის. საერთოდ, კაკაჩიამ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი დაიკავა. უამრავ კომპლიმენტს ვიღებ და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს. ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი, როგორც ახლობლების, ისე სრულიად უცხო ადამიანებისგან. ერთი შემთხვევა მახსენდება განსაკუთრებით. ერთმა შესანიშნავმა ქალბატონმა გამაჩერა და ფოტოს გადაღება მთხოვა. რად გინდათ, ქალბატონო, ჩემთან ფოტო-მეთქი, გავეპრანჭე და ჩემი ქმარი გიჟდება თქვენზეო. ამან გამაგიჟა, პრინციპში, ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო. ხალხს დააინტერესა ამ პერსონაჟისადმი ჩემეულმა მიდგომამ და რაკი დადებითად მაფასებენ, ესე იგი, გაამართლა როლმა. ნება მომეცით, მეც ცოტა წავიკეკლუცო. თუმცა, არ მინდა, ტრაბახი გამომივიდეს. ეს როლი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რაც არ უნდა მოვინდომო, გრიშა კაკაჩიას ვერ გავექცევი.


-  საინტერესო ისტორია მაქვს მოსმენილი ეკა მჟავანაძისგან იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა იდეა, რომ გრიშა კაკაჩიას როლი სწორედ თქვენ შეგესრულებინათ.

- ეს იყო ნოდარ წულეისკირის მოთხრობის, „დავით აღმაშენებლის ქვის" მიხედვით დადგმული სპექტაკლი. იქ იყო ჩინოვნიკი, რომელიც თავის ძალაუფლებით სარგებლობდა და ისტორიული ქვის მისაკუთრებას ცდილობდა. მას წინააღმდეგობას უწევდა ერთი პატიოსანი კაცი, რომლის როლსაც გოგი გეგეჭკორი ასრულებდა. მე მისი შვილი ვიყავი. რომელიც ასევე, გაუკუღმართებული კარიერისტების მხარეს იყო. მოკლედ, უარყოფითი როლი მქონდა. ამ სპექტაკლში იყო მეგრული კილოთი საუბარი და ეკამ მითხრა, რომ ძალიან კარგად ახსოვდა ეს როლი.


- შეიცვალა კაკაჩია. თავიდან გაცილებით ახირებული მილიონერი იყო.

- ამაში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის სცენარისტს - ქეთი დევდარიანს. როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ მე ამ როლს, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითისკენ არ ვექაჩებოდი. მინდოდა, ადამიანური მომენტები დამეჭირა მასში, რომელიც ვიღაცის გაჭირვებასაც გაიზიარებდა და სიხარულსაც. არ მინდოდა, კაკაჩია მაძღარი, ღორისმჭამელი და მხოლოდ კულინარიის შედევრებითა და ფულის კეთებით ყოფილიყო დაკავებული. კი, რა თქმა უნდა, მას ღალატობს გემოვნება და აქვს ახირებული სურვილები, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი კაცის ხასიათიდან მოდის. თუნდაც, აკლდამა ავიღოთ - ქართველების სასაფლაოებს რომ გადავხედოთ, მთლად აკლდამების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ რამდენ მარმარილოსა და გრანიტის საფლავს ნახავთ, სხვადასხვა სახის მორთულობით. ფაქტია, რომ კაკაჩია გაკეთილშობილდა. შვილი მას ყოველთვის აკლდა. როგორც თვითონ ამბობს, სულ მინდოდა, ბიჭი მყოლოდა, მაგრამ უფალმა არ ინება, რომ მე და ლუდას საერთო შვილი გვყოლოდაო. ბიჭის გამოჩენამ ის სიცარიელე ამოავსო, რომელიც სულ დაჰყვებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ბიოლოგიური შვილია თუ არა, მთავარია, ადამიანური ურთიერთობები.

 

- მკითხველს  აინტერესებს, როდის გამოჩნდებით სერიალში...

- მელოდებიან. ჩემს გამოჯანმრთელებას ელოდებოდნენ და გამოვჩნდები მალე.











 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი