logo_geo
მამუკა არეშიძე: საფრთხე არსებობს... ჩატაევი ორიენტირებული იყო აქ გარკვეული ქსელის შექმნაზე...
- +

4 იანვარი. 2018. 20:42


 

„ანტიტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სუს-ის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. სხვათა შორის, ბევრად უფრო ფართო მუშაობაა გაწეული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა შეაფასა. როგორც არეშიძემ აღნიშნა, ჰქონდათ თუ არა უშუალო კავშირი დაკავებულ პირებს ჩატაევთან, საქმის ვითარებას არ ცვლის.

 

„მოცემულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა ჩატაევის გუნდის წევრებთან. რაც შეეხება დანარჩენ ოთხეულს, ისინიც კავშირში იყვნენ ამ ჯგუფთან, მაგრამ ხუთივე სხვადასხვა ფორმით. არც ერთის ფუნქცია იდენტური არ იყო. ხატოვნად რომ ვთქვათ, ზოგი იყო იარაღის მომტანი, ზოგი - ტყვია-წამლის მიმწოდებელი. სხვადასხვანაირი ფუნქცია ჰქონდათ. ზოგი თურქეთში იყო წასული ჩატაევის თბილისამდე ჩამოსაცილებლად, ზოგს კი მხოლოდ საკვები მიჰქონდა. ჩვენ არ ვიცით, ხუთივეს ჰქონდა თუ არა პირადი კონტაქტი ჩატაევთან, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ ჰქონდათ კონტაქტი ჯგუფთან, რომელიც თავიდანვე იყო შემჩნეული საეჭვო ქმედებებში. ამით იმის თქმა მინდა, რომ გამორიცხულია, ხუთივეს არ სცოდნოდა, რა სახიფათო თამაშებს ეწეოდნენ. „მე არ ვიცოდი, ვინ რას აპირებდა" - ეს ტექსტები არ მიიღება. ჰქონდათ თუ არა უშუალო კონტაქტი ჩატაევთან - ეს საქმეს არ ცვლის.


რასაკვირველია, ახალგაზრდა კაცის ასეთ მდგომარეობაში ხილვა, როგორშიც არის დღეს მაჩალიკაშვილი, ძალიან მძიმე საყურებელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაქვს გარკვეული დამოკიდებულება ქისტების მიმართ და ამის თაობაზე ყველამ კარგად იცის, ყველა ქისტს ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ. ისევე, როგორც არაერთხელ მითქვამს, რომ პანკისის ხეობა არის სახელმწიფოებრიობის ნიმუში საქართველოს ზოგიერთ სხვა რეგიონთან შედარებით. ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა საქართველოს ზოგიერთ სხვა რეგიონში, ვიდრე პანკისის ხეობაში. თუმცა, არიან პანკისის ხეობაში ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, სხვა იდეოლოგიურ რელსებზე დგანან. აქედან გამომდინარე, გარკვეულ ხიფათს წარმოადგენენ სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის, ზოგადად. პოლიტიკური ისლამი ისეთი მძიმე სენია, რომელიც ახალგაზრდებს თავისი გავლენის ქვეშ აქცევს და შემდეგ უკვე უბიძგებს ძალიან მძიმე დანაშაულისკენ", - განაცხადა არეშიძემ.


არეშიძის თქმით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ტერორიზმის საფრთხე სამომავლოდაც არსებობს.

 

„სამომავლო საფრთხე არსებობს, რადგან როგორც ჩანს, ჩატაევი ორიენტირებული იყო აქ გარკვეული ქსელის შექმნაზე. მგონია, რომ ასეთი ქსელი საქართველოში არსებობს. არსებობს სერიოზული ვაჰაბისტური თემები საქართველოში, რომლებიც გარკვეულ კავშირში არიან ერთმანეთთან. ეს მათი წესია. ისინი გარკვეული პოლიტიკური ან სახელმწიფოებრივი გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები და ზოგიერთმა მათგანმა არც იცის, რომ ეს ასეა. როცა დადგება მომენტი X, ვინ ვის ბრძანებას შეასრულებს, კაცმა არ იცის. ასეთი თემები არიან კახეთში, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარაში და გურიაში და შეიძლება სხვა რეგიონებშიც. ამიტომ, რასაკვირველია, ხიფათის შემცველები არიან", - განაცხადა არეშიძემ.


ექსპერტის თქმით, პრობლემას მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ მოაგვარებს და საჭიროა ამ საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, რათა ახალგაზრდების რაც შეიძლება მცირე ნაწილი იყოს ჩართული სახიფათო დაჯგუფებებში.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ამ უბედურებას მარტო ვერ მოუვლიან. მათი საქმე არის ინფორმაციის მოგროვება, ანალიზი და შემდგომში მათი ლიკვიდაცია, პრობლემის გადაჭრა. მაგრამ სპეცსამსახურების საქმე არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. იმისათვის, რომ ახალგაზრდების რაც შეიძლება მცირე ნაწილი იყოს ჩათრეული ამ უბედურებაში, საჭიროა სახელმწიფოს ინტენსიური მუშაობა საგანმანათლებლო თუ ახალგაზრდული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით და ა.შ. ჩვენ არ გვაქვს უფლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ახალგაზრდა ისე უპატრონოდ იყოს მიტოვებული, რომ ვინმესთვის გახდეს იოლი საკბილო. ახალგაზრდას, რომელსაც არ აქვს საზოგადოებრივი ფუნქცია, აუცილებლად მიითვლის სხვა თავის რიგებში. ასე მოხდა მაგალითად პანკისელი ახალგაზრდების გაერთიანება იმ წრეებში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. არა მხოლოდ პანკისელების - თბილისელების, აჭარლების, ქვემო ქართლელების აჭარლების და გურიაში მაცხოვრებლების", - აღნიშნა არეშიძემ.


 

right_banner
big_banner
არქივი