logo_geo
„მითხრეს, პატრიარქი წუხს, შენი ნახვა უნდაო“ - რისგან იხსნა უწმინდესმა თამარ ჭოხონელიძე
- +

5 იანვარი. 2018. 16:22


 

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„დაახლოებით 4 წლის წინათ ძალიან ცუდად ვიყავი. იმდენად მომეძალა ავადმყოფობა, მეგონა, ვეღარ გამოვიდოდი მდგომარეობიდან. პირველად დავიჭირე საკუთარი თავი იმაში, რომ სასოწარკვეთაში ვვარდებოდი. სამი დღე უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. არავისთვის მითქვამს, მხოლოდ ხატებთან მივდიოდი და მუხლმოდრეკილი ტირილით ვითხოვდი შველას. გავიდა სამი დღე და მირეკავს სიმონ ჯანგულაშვილი, მეუბნება, მთელი დღე ტელეფონი გამორთული გაქვს, პატრიარქი წუხს და შენი ნახვა უნდაო. ღამის ათი საათი იყო. წავედი. საპატრიარქოსთან კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი შემხვდნენ, სად ხარ ამდენ ხანს, ძალიან ღელავს, დღეს უკვე რამდენჯერმე გიკითხა, ჩვენ დიდი ხანია აქ ვართო. შევედი, რომ დამინახა, ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. დიდხანს ვყავდი ჩახუტებული, მერე განზე გამწია და მითხრა, სამი დღე გული მეუბნება, რომ შენ რაღაც გიჭირსო. მარტო არ ვიყავით, იქ ბევრი ხალხი იყო. მერე შემიყვანა ოთახში და ძალიან ბევრი მელაპარაკა. ბევრი რამ სხვანაირად დამანახა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები არ გამყუჩებია, აბსოლუტურად სხვა ადამიანი წამოვედი იქიდან. მას მერე სასოწარკვეთას კატეგორიულად ვებრძვი, ახალი ცხოვრების ძალა მომცა პატრიარქმა იმ დღეს... რომელი ერთი გავიხსენო... როცა მთავაზობდნენ მამაჩემი კონსერვატორიის მცირე დარბაზიდან გამოგვესვენებინა, მე უარი ვთქვი. მამა თავმდაბალი იყო და ვიცოდი, არ მაპატიებდა. მაშინ საპატრიარქოდან დაირეკა ზარი, უწმინდესი ტიროდა, როგორი დიდი კაცი დავკარგეთო და დამაიმედა, რომ რაც დრო გავა, მეტად დაფასებული იქნებოდა მისი ნაშრომები. მაშინ შემომთავაზა, იქიდან გავასვენოთ, საიდანაც ასვენებდნენ ქართველ ღირსეულ ერის კაცებსო. ეს ისეთი სულიერი სიმშვიდე იყო... დილას მოვიდა სიონის ტაძარში პატრიარქი, თავად ჩაატარა პანაშვიდი, მოგვეფერა, დაგვაიმედა, მას მერე სწორედ პატრიარქმა გვასწავლა, როგორ უნდა გვეცხოვრა მამას გარეშე... არ მინდა ამ ნოტაზე დავამთავრო პატრიარქზე საუბარი და ერთსაც გეტყვით, ვინც მას ახლოს იცნობს, დამეთანხმება, უიშვიათესი იუმორის გრძნობა აქვს უწმინდესს, იმდენად, რომ ცრემლებამდე მივდივართ ხოლმე, როცა ის ხუმრობს", - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.









 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი