logo_geo
რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მატარებლის ბილეთის ღირებულება
- +

6 იანვარი. 2018. 14:05



ეკონომიკის მინისტრის 29 დეკემბრის ბრძანებით, რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ დებულება დამტკიცდა.


დებულების მიხედვით, მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, რკინიგზა ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე მიაწოდოს ინფორმაცია: ნებისმიერი ქმედების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მგზავრობის შეწყვეტა ან დაგვიანება; მატარებლის ვაგონში ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ; პრეტენზიების წარდგენის პროცედურების შესახებ; მატარებლით ველოსიპედის გადატანის/ტრანსპორტირების შესაძლებლობის და პირობების შესახებ; მწეველებისა და არამწეველებისათვის განკუთვნილი ადგილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირველი და მეორე კლასის ვაგონებში ადგილების, ძილისთვის განკუთვნილი ადგილების და საძილე ვაგონების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ა.შ.


„თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია ბილეთში მითითებულ დანიშნულების საბოლოო პუნქტში 60 წუთზე მეტი დაგვიანებით ჩასვლა, მგზავრს უფლება აქვს: აუნაზღაურდეს ბილეთის მთლიანი ღირებულება მგზავრობის იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა და იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის გეგმას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამგზავრების პირველ პუნქტში დაბრუნების მომსახურებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე; გააგრძელოს მგზავრობა ან შეიცვალოს მარშრუტი დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და პირველივე შესაძლებლობისთანავე; გააგრძელოს მგზავრობა ან შეიცვალოს მარშრუტი დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და მგზავრისათვის მოსახერხებელ დროს," - ნათქვამია დებულებაში.


ამასთან, დებულების მიხედვით, დაგვიანებისათვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობა - 60 წუთიდან 119 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში - ბილეთის ღირებულების 25%-ი, ხოლო მატარებლის 120 წუთის ან მეტის დაგვიანების შემთხვევაში - ბილეთის ღირებულების 50%-ია.


როგორც დებულებაშია აღნიშნული, მგზავრს დაგვიანებისათვის კომპენსაციის მიღების უფლება არ აქვს, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ ბილეთის შეძენამდე იყო ინფორმირებული, ან დაგვიანება სხვადასხვა მომსახურების ან მარშრუტის შეცვლის გამო 60 წუთზე ნაკლებია.


„იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაგვიანება აღემატება 180 წუთს, რკინიგზა ვალდებულია მგზავრებს უსასყიდლოდ შესთავაზოს: ლოდინის დროის შესაბამისად, საკვები და გამაგრილებელი სასმელები, თუ მათი მარაგი არსებობს მატარებელში ან რკინიგზის სადგურში, ან გონივრულად შესაძლებელია მათი მარტივად მიწოდება; როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი და ტრანსპორტირება რკინიგზის სადგურსა და სასტუმროს/საცხოვრებელ ადგილს შორის, თუ აუცილებელია ერთი ან მეტი ღამით გაჩერება, ან აუცილებელია დამატებითი დროით გაჩერება (აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო რეისებზე); იმ შემთხვევაში, თუ მატარებელი გაჩერდა ლიანდაგზე, ტრანსპორტირება მატარებლიდან რკინიგზის სადგურამდე, ალტერნატიული გამგზავრების პუნქტამდე ან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე, როდესაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა არსებობს. თუ სარკინიგზო მომსახურების გაგრძელება შეუძლებელია, რკინიგზამ უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყოს მგზავრები ალტერნატიული სატრანსპორტო მომსახურებით," - ვკითხულობთ დებულებაში.



 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი