logo_geo
შიო მუჯირი – საქართველოს მომავალი პატრიარქი?
- +

25 ნოემბერი. 2017. 20:13



ყველასათვის მოულოდნელად კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტახტის მოსაყდრე აირჩია.


ქაშუეთში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, გიორგობა დღე მიულოცა და ბრძანება წაიკითხა:


„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი", - ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.

 

რას ნიშნავს მოსაყდრე და იქნება თუ არა მიტროპოლიტი შიო მუჯირი საქართველოს მომავალი პატრიარქი?


მოსაყდრე არის მღვდელ-მთავარი, რომელიც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 40 დღის განმავლობაში პატრიარქის მოვალეობას შეასრულებს, ვიდრე წმინდა სინოდი ეკლესიის ახალ წინამძღოლს არ აირჩევს.


პატრიარქის გადაწყვეტილება სიცოცხლეშივე დანიშნოს მოსაყდრე, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან აქამდე ცნობილი იყო პატრიარქი თავის ანდერძში აპირებდა მოსაყდრის დასახელებას.


ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, როდესაც პატრიარქმა მოსაყდრე თავის სიცოცხლეში აირჩია.


შიო მუჯირი ავტომატურად პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა ილია მეორის მიერ მისი მოსაყდრედ დასახელება პატრიარქის მხრიდან კეთილგანწყობაზე მიუთითებს, მიიჩნევენ თეოლოგები.


თეოლოგი ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის ეს ჟესტი სიმბოლურია და ნიშნავს იმას, რომ ილია მეორემ შიო მუჯირს მხარდაჭერა გამოუცხადა.


„ეს არ არის მემკვიდრე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პატრიარქი, მაგრამ მოსაყდრე არის ადამიანი, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოვალეა 40 დღის განმავლობაში მოიწვიოს კრება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი განაცხადი პატრიარქის მხრიდან, თუ ვის ხედავს ამ მოვალეობის შემსრულებლად. სიმბოლურად მხარდაჭერაა ნამდვილად. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პირდაპირ მემკვიდრის დასახელებას, რადგან ეს არ არის მონარქია, რომ მემკვიდრეობით გადაეცემოდეს პატრიარქობა, მაგრამ ამ ადამიანის მკვეთრი გამორჩევა სიმბოლური მხარდაჭერა ნამდვილად არის", - განაცხადა მინდიაშვილმა.


კანონიკური სამართლის სპეციალისტი  ლადო ნარსია ამბობს, რომ ილია მეორის გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ მას სჭირდება ადამიანი, რომელიც უფრო ენერგიულია და რომელიც მასთან ერთად შეძლებს ეკლესიის წინაში არსებულ სირთულეებთან გამკლავებას.


„პატრიარქი საკმაოდ ასაკშია, ჩვენ თვალს ვადევნებთ მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას და მის მიერ მოსაყდრის დასახელება პოზიტიური ფაქტია... თანამოსაყდრე ავტომატურად პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა შეიძლება ილია მეორე მიღებული გადაწყვეტილებით ხაზს უსვამდეს იმას, რომ მომავალი პატრიარქის პოზიციაზე მისთვის მისაღები კანდიდატურა არის სწორედ შიო მუჯირი", - მიიჩნევს  ლადო ნარსია.


„ტაბულას ჟურნალისტი ლევან სუთიძე, რომელიც თეოლოგიის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ „მიტროპოლიტ მუჯირის დასახელება, ამ უკანასკნელს მინიმუმ ერთ-ერთ საპატრიარქო კანდიდატად აქცევს, ხოლო მაქსიმუმ, უზრუნველყოფს მის გაპატრიარქებას. თუ ძლევამოსილი კათალიკოსი თავისივე სიცოცხლეში მიტროპოლიტ შიოს ეკლესიის საჭეს ანდობს, შესაძლოა, ეს იყოს კარნახი მომავალი ამომრჩეველი წმიდა სინოდისთვის, ვინ უნდა აღასაყდროს საპატრიარქო ტახტზე. მაგრამ, შესაძლოა, ეს ამას არც ნიშნავდეს".

 

ვინ არის შიო მუჯირი?


შიო მუჯირი სენაკისა და ჩხოროწყუს და ასევე ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია. ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა. 1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს. ხოლო 1996 წლის 6 მაისს - მღვდლად. ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2009 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 2 აგვისტოს.


შიო მუჯირს სასულიერო განათლება რუსეთში აქვს მიღებული. იგი სწავლობდა მოსკოვში, წმ, ტიხონის სასულიერო სასწავლებელი. თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ლოიალურია რუსული ეკლესიის მიმართ, მისი პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთისკენაა გადახრილი და იგი რუსულ საეკლესიო წრეებთან ასოცირდება. ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ შიო მუჯირი ქართველი ბიზნესმენის ლევან ვასაძის ბავშვობის მეგობარია. ვასაძე გამოირჩევა თავის ანტიდასავლური და ფუნდამენტალისტური რიტორიკით.


ინტერნეტში უკვე გავრცელდა შიო მუჯირის ერისკაცობის დროინდელი ფოტო:




მარცხნიდან: პირველი - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მეორე - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მეოთხე - შიო (ელიზბარ) მუჯირი


  • საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში 1977 წლიდან დგას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე (ილია შიოლაშვილი), რომლის ნდობის რეიტინგი სხვა ყველა საჯარო პირის რეიტინგზე განუზომლად დიდია და თითქმის ორჯერ უსწრებს პრეზიდენტისა და პრემიერის მაჩვენებლებს. სწორედ ილია მეორის პირადი ავტორიტეტი სახელდება საქართველოში ეკლესიის განსაკუთრებული პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად. 85 წლის პატრიარქი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სულ უფრო იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეში.




წყარო: https://jam-news.net/?p=71729&lang=ka   

right_banner
big_banner
არქივი